"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

ქართველური ამბავი: რანჩიკის ტრავმა

ირაკლი პერტაია

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც "ბილბაო" "უნიკახას" ხვდებოდა, მარტინ რანჩიკი ისე დაიმტვრა, რომ შესაძლოა, სექტემბრამდე მწყობრში ვეღარ ჩადგეს.

ვისაც ზემოთ ხსენებული გვარსახელი არაფერს ეუბნება, ეგებ გაუკვირდეს - დიდი რამე, თუ ვიღაც რანჩიკი დაიმტვრა, ასე ყოველდღე ვიღაცა შავდებაო. მათთვის ვიტყვით, რომ მარტინ რანჩიკი სლოვაკური კალათბურთის საუკეთესო მოთამაშეა და ამ ქვეყნის ნაკრებს, რომელიც საქართველოს მეტოქეა მომავალ საკვალიფიკაციოში, ბოლო მატჩებში უპირობოდ ლიდერობდა. რანჩიკი არის ერთადერთი სლოვაკი, რომელიც ისეთი მაღალი დონის ლიგაში თამაშობს, როგორიც პრიმერადივიზიონია. ის ამ სეზონის წინ გადავიდა "ბილბაოში" და ამ გუნდის ძირითად ცენტრად და ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

რანჩიკს ჯვარედინი მყესები დაუშავდა მარცხენა მუხლზე და ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა. როგორც ვარაუდობენ, საქმე რთულადაა და დიდი შანსია, სლოვაკმა ცენტრმა ევროსაკვალიფიკაციო ეტაპის პირველი, წლევანდელი წრე გამოტოვოს.

სლოვაკეთთან ერთად ქართველების მეტოქე ი დივიზიონის ფ ჯგუფში შვედეთი, ირლანდია და ლუქსემბურგი არიან. ქართველები სლოვაკებს 4 სექტემბერს თბილისში მასპინძლობენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com