|
|
"სარბიელი"
დიდება დიდებს
ირაკლი პერტაია
ჰაკიმი, პატრიკი, რაილი და სხვანივისაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმართ მიუძღვის გამორჩეული ღვაწლი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაუფასდება. საამისოდ ქალაქ სპრინგფილდში არსებობს კალათბურთის დიდების დარბაზი, რომელშიც ადგილს მხოლოდ რჩეულები იკავებენ და მათი სახელები უკვთავთა სიაში გადადიან. ზოგი ადრე შეჰყავთ დიდების დარბაზში, ზოგსაც იქ ადგილის დასამაკვიდრებლად წლები სჭირდება. წლეულს ეს "საპატიო ლოჟა" კიდევ 7 ღვაწლმოსილი ადამიანით შეივსო, რომელთაგან საყოველთაოდ ცნობილი გვარ-სახელის მქონე ოთხია - ჰაკიმ ოლაჯუონი, პატრიკ იუინგი, ადრიან დენტლი და პატ რაილი. დიდების დარბაზში ადგილი ასევე ერგოთ სტუდენტური კალათბურთის ვეტერან მწვრთნელ კეტი რაშს, ტელემაგნატ დიკ ვიტალსა და "დეტროიტ პისტონზის" მესაკუთრე უილიამ დევიდსონს. რაილის, ოლაჯუონსა და იუინგის ბედი ნბა-ს ისტორიაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. 1994 წლის ნბა-ს ფინალში ჰაკიმის "ჰიუსტონ როკოტსმა" 7-მატჩიან დრამატულ სერიაში დაამარცხა პატრიკ იუინგის "ნიუ იორკ ნიკსი", რომელსაც პატ რაილი ყოჩობდა. თავად ამ ორმა ლეგენდარულმა ცენტრმა კი სტუდენტობიდან გამოყოლილი მეტოქეობა კალათბურთის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. "ჩვენ მებრძოლები ვართ - თქვა იუინგმა საკუთარ თავსა და ოლაჯუონზე - ორივეს გვსურდა, რომ ლიგაში გამორჩეულები ვყოფილიყავით. დიდი ბრძოლები გამოვიარეთ და ერთმანეთს, როგორც საუკეთესო მეტოქეებს, ისე ვუყურებდით." "როცა ნიგერიაში ვიზრდებოდი, წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო დიდების დარბაზი - აღნიშნა 12-გზის ოლსტარელმა ჰაკიმ ოლაჯუონმა - ახლა კი მე იმ ლეგენდების გვერდით ვარ, რომლებსაც ნბა-ს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ." ოლაჯუონს ლომის წილი მიუძღვის "ჰიუსტონის" მიჯრით ორჯერ (1994-95) გაჩემპიონებაში. სხვა დროს ამ ტეხასურ გუნდს არასდროს მოუგია ნბა-ს ტიტული. მართალია, იუინგმა ვერ მოახერხა "ნიუ იორიკის" გაჩემპიონება, მაგრამ ის ამ გუნდის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე კი გახლდათ. პატრიკი "ნიკსის" ლიდერია ოთხ მაჩვენებელში - ქულებში, მოხსნებში, ჩაჭრებსა და დაფარებებში. თავის მხრივ კი, ოლაჯუონი სრულიად ლიგის მთავარი დამფარებელია: მას 3800-ზე მეტი "ბლოკ-შოტი" დაუგროვებია 17-წლიან კარიერაში. "მაიამის" ამჟამინდელ მწვრთნელსა და პრეზიდენტ პატ რაილის კი 5 ნბა-ს ტიტული უმაგრებს ზურგს. როგორც მწვრთნელმა, მან ჩემპიონობა "ლეიკერსსა" და "მაიამიში" მოიპოვა. დღეს პატ რაილის ცუდი დროება უდგას. ის ნბა-ს უცუდესი გუნდის წვრთნელია და დიდების დარბაზში არჩევის წინა დღეს მისმა "მაიამიმ" სეზონის 64-ე მატჩი წააგო. "აი, ესაა დიდების დარბაზი, სადაც ხალხი შეჰყავთ არა მხოლოდ შედეგების, არამედ დამსახურებების გამო. ჩემი ამჟამინდელი გუნდი ბოლო ადგილზეა ლიგაში, თუმც დღეს მე ნბა-ს ლეგენდებს შორის მიმიჩინეს ადგილი და ამის გამო უზომოდ გახარებული ვარ."
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |