|
|
"სარბიელი"
ბოლო კვირა პრაისს დარჩა
კახა ლომაშვილი
ორიოდ დღის წინ მიიწურა ნჰლ-ის რიგით 90-ე რეგულარული ჩემპიონატი და ბოლო სათამაშო კვირის საუკეთესო ჰოკეისტად "მონრეალის" ახალგაზრდა კარის დარაჯი კერი პრაისი დასახელდა. მის გარდა სამ ვარსკვლავს შორის მოხვდნენ ჩეხი სუპერბომბარდირი იარომირ იაგრი და იმავე "მონრეალის" აწ უკვე ყოფილი და დედლაინზე "ვაშინგტონში" გაშვებული მეკარე კრისტობალ იუე. ახალბედა პრაისისთვის, რომელსაც "მონრეალში" დიდი ნდობა გამოუცხადეს და ასაკის მიუხედავად გუნდის პირველი კიპერის სტატუსი მიანიჭეს, ეს აღიარება მშვენიერი საჩუქარია კარს მომდგარი პლეი ოფის წინ. თუმც ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ "კანადიენსის" მეკარემ რაიმე დაუმსახურებლად მიიღო - გასულ კვირაში მან თავის გუნდს სამივე შეხვედრაში გაამარჯვებინა. ამ მატჩებში პრაისი საშუალოდ 0,67 შაიბას უშვებდა და მისი კარისკენ დარტყმულის 97,7 პროცენტი იგერიებდა, ერთხელ კი კარი მშრალადაც შეინახა. ასე რომ, ამ ბიჭს დიდი დამსახურება მიუძღვის იმაში, რომ "მონრეალმა" 19-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შეძლო, აღმოსავლეთ კონფერნციის საუკეთესო გუნდი გამხდარიყო. მთლიანად სეზონში კი პრაისმა 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - ის საშუალოდ 2,56 შაიბს უშვებდა და დარტყმულის 92 პროცენტს იგერიებდა. მის ანგარიშზე სამი შატაუტია. როგორც იქნა, სეზონის მიწურულს ათამაშდა იარომირ იაგრი, რაც პლეი ოფის წინ "ნიუ იორკ რეინჯერსის" გულშემატკივართათვის მეტად სასიხარულო ამბავია. ჩეხ სუპერ-ვარსკვლავს მთელი სეზონი აკრიტიკებენ პასიურობისა და უხეირო თამაშისთვის, მაგრამ იაგრმა მარტი-აპრილი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, სეზონის ბოლო კვირაში კი სულაც გაიბრწყინა. მოკლედ, იარომირმა გასულ შვიდდღეულში 7 ქულას (5%2) მოუყარა თავი, სეზონური მონაგარი კი 71 ქულამდე (25%46) გაზარდა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, მესამე ვარსკვლავი "ვაშინგტონის" ფრანგ მეკარე კრისტობალ იუეს ხვდა წილად, რომელმაც დედლაინზე მოულოდნელი გაცვლის მიუხედავად, ახალ გუნდში იპოვა თავისი ადგილი და "დედაქალაქელებს" პლეი ოფში გასვლაში მაგრად დაეხმარა. "ვაშინგტონზე" საუბრისას ყველას ალექსანდერ ოვეჩკინი აკერია პირზე და რუსმა სნაიპერმაც ფაქტობრივად საკუთარი მხრებით ათრია გუნდი, მაგრამ რომ არა იუეს საიმედო მეკარეობა, მხოლოდ ოვეჩკინს არაფერი გამოუვიდოდა. გასულ კვირას კი ფრანგმა კიპერმა სამივე შეხვედრაში იმარჯვა, რომლებშიც საშუალოდ 1 შაიბას უშვებდა და მისი კარისკენ დარტყმულის 93,6 პროცენტს იგერიებდა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |