"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

ქართველი წყალბურთელები

ლექსო მაისურაძე

უკრაინაში მეორეობენსაქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინის ღია პირველობის მე-4 ტურში 5 თამაშიდან 4 სათავისოდ ჩაამთავრა, ერთშიც ფრე გაახერხა, 13 ქულას მოუყარა თავი და ახლა 31 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "ლვოვთან" ერთად. ჩვენებმა "მაროუპოლ-2" 10:5, მოლდოვის ნაკრები 14:10, კიევის "დინამო" 9:7, ხოლო "ხარკოვი" ასევე 9:7 დაამარცხეს. უშუალო კონკურენტ "ლვოვთან" კი 9:9 ითამაშეს. ნაკრებს ორი ლეგიონერის, ილია ბუტიკაშვილის (მაგდებურგი) და პავლე ჯაფარიძის (ჰანოვერი) გარდა ბოლო 2 თამაშში ირაკლი კუტალაძეც დაეხმარა. ის საკმაოდ გამოცდილი წყალბურთელია და რუსეთის ნაკრებშიც უთამაშია.

ნაკრების თავკაცი სოსო მაისურაძე - "მარიუპოლ 2-ს" და მოლდოვას იოლად მოვუგეთ, ის კი არა, ახალგაზრდა ბიჭებსაც მივეცი თავის გამოჩენის შანსი. გამოცდილებას მიიღებენ და სამომავლოდ წაადგებათ. "ლვოვთან" დასანანი ფრე ვითამაშეთ. უკვე მერამდენედ ზედმეტი მოთამაშე ჩვენ სასარგებლოდ ვერ გამოვიყენეთ. ეს იმიტომ, რომ ბიჭები ერთად არ ვარჯიშობენ და კომბინაცია დამუშავებული არ აქვთ.

სამი თამაშის მერე ლეგიონერები წავიდნენ, სამაგიეროდ, ირაკლი კუტალაძე დაგვეხმარა. ამ ბიჭს დიდი ხანი არ უთამაშია და სათანადო ფორმაში არ იყო, სუნთქვის პრობლემა ჰქონდა, თუმც ისიცაა, რომ ძალიან გამოცდილია და ეს მის პლუსად ჩავთვალოთ. დაგვპირდა, ვივარჯიშებო და იქნებ მომდევნო ტურზე უკეთეს ფორმაში იყოს. ახლაც ჩვენ ვთხოვეთ დახმარება, რადგან ყველა ლეგიონერის ჩამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ბიჭებს კლუბები არ უშვებენ. დაცვაში ძალიან გვაკლდა საუდის არაბეთის "ალ აჰლიში" წასული ბექა ქენქაძე.

მეტოქეები კი კიდევ უფრო ძლიერდებიან, ახლაც "ხარკოვს" სამი ხორვატი ჰყავდა დამატებული. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა მაგრად ითამაშეს. ლეგიონერების გარდა, მეკარე ზურა ჭუმბურიძე და გიორგი ხვედელიანიც კარგად გაისარჯნენ, რომ აღარაფერი ვთქვა ზურა რურუაზე. კაპიტანმა თამაში სრულად ჩაატარა და 18 გოლიც გაიტანა.

მომდევნო ტურში სამი მატჩი გველის და "მარიუპოლ 1" ვხვდებით. მათთან დაპირისპირება ყოველთვის რთულია, თან მათსავე აუზში. ჯერ არ ვიცით, ამ ტურზე ლეგიონერებიდან ვინ ჩამოვა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არაფერს დავიშურებთ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com