|
|
"სარბიელი"
ისევ ლივერპული და ისევ ჩელსი, ოღონდ სადღაა ჟოზე მაურინიუ
ვაჟა ხუციშვილი
უდრამატულეს მატჩში და გემრიელ ფეხბურთში "ლივერპულმა" რაიან ბაბელის ჯანღონით დასცა "არსენალი" და თეო უოლკოტს ამ შეხვედრის გმირობა არ დაანება. ეს მოხდა ლივერპულში, ლონდონში კი "ჩელსიმ", მეოთხედფინალში პირველად გასულ "ფენერბაჰჩეს", აქამდე რომ მოხვედით ჯერ ეს იკმარეთო, თავში და ბოლოში გატანილი გოლებით მოუგო და ოთხ წელიწადში მესამედ, ნახევარფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "ჩელსი" დაეჯახებიან. წინა ორ ნახევარფინალში, როცა ჩელსელებს ჟოზე მაურინიუ თავკაცობდა, რაფაელ ბენიტესის გუნდმა იმარჯვა და საინტერესოა, რას იზამს ავრაამ გრანტი. მოკლედ, ერთი ნახევარფინალი პრემიერლიგური იქნება, ეს კი ნიშნავს, ინგლისური კლუბი ზედიზედ მეოთხედ გავა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. "ლივერპულისა" და "არენალის" სამი საამსეზონო მატჩი 1:1 დასრულდა და წუხელაც ამ ანგარიშისკენ მიდიოდნენ, მაგრამ ფერნანდო ტორესმა ტრადიცია დაარღვია: ორ მცველს შუა გააძვრინა ბურთი და ალმუნია უშანსოდ დატოვა - 2:1. მასპინძლებს თავი ნახევარფინალში ეგონათ, ვენგერმა კი ვან პერსი და თეო უოლკოტი შეუშვა, რომელმაც 84-ე წუთზე ფეხბურთის ქომაგებს იშვიათი სანახაობა აჩუქა - საკუთარი საჯარიმოს ხაზიდან ბურთით იარა, გზად ოთხ შემხვედრს გამარჯობის გარეშე გასცდა, მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ადებაიორს საგოლე პასი ლამის ხონჩით მიართვა. 2:2 და, ამჯერად "არსენალმა" დაიგულა თავი ნახევარფინალში, რის გამოც უმალ დაისაჯა. ვენგერმა კი ანიშნა გუნდს, დამშვიდდითო, მაგრამ... ღონიერი რაიან ბაბელი ორ მცველში გაძვრა, კოლო ტურე მიეწება და ფეხის წამოუდებლად წააქცია. მსაჯმა პენალტისკენ მიუთითა და აბა, ჯერარდს ვინ შეეცილებოდა. "ლივერპულის" კაპიტანმა თერთმეტი მეტრიდან მარჯვენათი მოსხლიტა ბურთი და მარჯვენა კუთხეში გაიტანა. აქ უკვე დასრულდა "არსენალი" - გატყდა და მეორედ გათანაბრებას ამოდ ეცადა. ბაბელმა ბოლო წუთზე ფაბრეგასს ჯანითაც აჯობა, სირბილშიც და ალმუნიასთან პირისპირ დარჩენილმა მეოთხე შეაგდო. ხოლო "სტემფორდ ბრიჯზე" მიხაელ ბალაკმა თავით გაუტანა "ფენერს". თუმცა მასპინძლები ამის მერეც ნერვიულობდნენ, რადგან თურქებს ერთი გოლიც ჰყოფნიდათ. ზიკოს გუნდმა მეორე ტაიმი შეტევაში გაატარა, "ჩელსი" კი თავს იცავდა, რასაც... ფრენკ ლამპარდის გოლი მოჰყვა და ამით დამთავრდა "ფენერის" ტკბილი მოგზაურობა ჩემპიონთა ლიგაში.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |