|
|
"სარბიელი"
უცნობი მეტოქე ნაცნობ გზაზე
ნუკრი ლოლაძე
საქართველოს თასის ნახევარფინალის მეორე წყვილი "ამერი" - "ბორჯომია". ეს გუნდები თასზე პირველად გადაეყარნენ ერთმანეთს, ჩემპიონატში კი რვაჯერ შეხვედრიან: ორჯერ პირველ ლიგაში, 6-ჯერ - უმაღლესში. ამ 8 შეხვედრიდან "ამერმა" 5-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ კი დამარცხდა. სამივე მარცხი "ჯემალ ზეინკლიშვილზე" იწვნიეს თბილისელებმა. საქართველოში "ამერი" უკვე სათასო გუნდად მოინათლა - ბოლო ორი სეზონია, თასს არავის უთმობს და ახლაც ორ ნაბიჯშია მიზანთან. ერთი შეხედვით, ფავორიტად გიორგი ჩიხრაძის გუნდი ჩანს, თუმც კურორტელებიც არ არიან ხელწამოსაკრავნი და ადვილად არაფერს დათმობენ. ეს რომ ასეა, ბოლოს გლდანში გამართულმა საჩემპიონატო მატჩმაც დაადასტურა - ამერელებმა გამარჯვების გოლის გატანა ბოლო წუთზეღა მოახერხეს. ის მატჩი "ამერმა" 3:2 მოიგო. იმ თამაშში გამოსარჩევი იყო ბორჯომელი გიორგი მეგრელაძის ბრწყინვალე გოლიც. ოღონდ, მეგრელაძე დღეს ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. თბილისელებს ევროთასზე გასასვლელი გზა ჩემპიონატში მოჭრილი აქვთ და ამას თასის მოგებით ცდილობენ. ბორჯომელებს კი უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არ ემუქრებათ და მთლიანად თასზე აქვთ გადატანილი ყურადღება. ამერელები ალბათ მსუყე ანგარიშით მოგებას ეცდებიან, რადგან საპასუხო შეხვედრა ბორჯომშია და, ზემოთაც ვთქვით, რომ "ჯემალ ზეინკლიშვილზე" თამაში მათ ტრადიციულად უჭირთ. გუშინ ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელებს, გიორგი ჩიხრაძეს და ვლადიმერ ხაჩიძეს გავესაუბრეთ...
გიორგი ჩიხრაძე - რას იტყვით მეტოქეზე. - ნახევარფინალში სუსტი მეტოქე არ არსებობს - "ბორჯომი" ნორმალური გუნდია და დიდი ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. - გუნდში როგორი განწყობაა. - ნორმალური... ყველა ფეხბურთელი ჯანზეა და სერიოზულად ემზადება მომავალი მატჩისთვის. - "ამერმა" ზედიზედ ორჯერ მოიგო საქართველოს თასი და წლეულს ალბათ გასამმაგებას აპირებთ... - ჯერ "ბორჯომი" უნდა გავიაროთ და ფინალში გავიდეთ. "ამერი" ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევას ცდილობს და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი თასის აღებაა. ვლადიმერ ხაჩიძე: - როგორი განწყობაა "ბორჯომში" "ამერთან" მატჩის წინ. - სერიოზულად ვემზადებით... ერთი ეგ არის, ტრავმები მოგვეძალა... - ვინ დაგაკლდებათ. - "ამერთან" ვერ ითამაშებენ სოსო გრიშიკაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ჩირიკაშვილი და გიორგი მეგრელაძე. მოგეხსენებათ, ისინი რა ძალას წარმოადგენენ "ბორჯომისთვის", თუმცა რას ვიზამთ, ახალგაზრდებით მოგვიწევს ფონს გასვლა. - მეტოქეზე რას იტყვით. - გიორგი ჩიხრაძის გუნდი ძალიან გამოცდილია - "ამერი" ხომ ორი სეზონია, თასს არავის უთმობს. - შანსს როგორ შეაფასებთ. - თბილისელები არიან ფავორიტები, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |