|
|
"სარბიელი"
გაბონური სამსახური: რა მიაქვს დინამოს ზესტაფონში
მიხეილ ჟორჟოლიანი
ამათგან ერთი 26 მაისს "ეროვნულზე" ითამაშებს. ვინ, ამას უკვე ზესტაფონური მატჩი გადაწყვეტს. გუშინდელი შეხვედრიდან გამომდინარე, მოგებას სტუმრები უფრო იმსახურებდნენ - იმერლებმა თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს მეტოქე, "დინამო" კი გაბონელებმა იხსნეს - მისმა მეკარე დიდიე ოვონომ და ზესტაფონელთა მცველმა ერნესტ აკუასაგამ... თამაშის პირველი ნახევარი საათი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გუნდები უფრო ფრთხილობდნენ. მერე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "დინამო" დაიღალა, განსაკუთრებით ცენტრალური მცველები, ნედ ზელიჩი და მილოშ კრშკო. ახალგაზრდა, სხარტი ბექა გოცირიძე გამუდმებული მოძრაობით მათ სიქას აცლიდა. ისინიც იძულებულნი იყვნენ, ტაქტიკურად ემოქმედათ და ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობების შექმნას ცდილობდნენ, რაც მშვენივრად გამოსდიოდათ, მაგრამ რამდენჯერმე ბექა გოცირიძე მაინც გაეპარათ და ეს ერთხელ გოლად, ერთხელ კი წითელ ბარათად დაუჯდათ... ეს ყველაფერი მეორე ტაიმში მოხდა, პირველში კი გამოსარჩევი ნიკა კვასხვაძის ოციოდ მეტრიდან გასროლილი იყო, რომელიც ოვონომ დიდი გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე. დაგვამახსოვრდა ჟილვან ვიეირას დარტყმულიც - მართალია, ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა, მაგრამ იმდენად ძლიერად, რომ ოვონომ მისი დაჭერა ვერ მოახერხა. მეორე ტაიმში ზესტაფონელთა პირველივე სწრაფი შეტევა გოლით დამთავრდა. საგოლე კომბინაცია ისე შესრულდა, თანამედროვე ფეხბურთს რომ შვენის - გოცირიძემ თავის ნახევარზე მეტოქეს ბურთი აართვა და იქვე მდგომ პოლ კესანს გადააწოდა, თავად კი კარისკენ დაიძრა, "დინამომ" ხელოვნურის შექმნა სცადა, კესანმა ოდნავ შეაყოვნა და მცველებს ამოსვლა აცალა, რითაც მარჯვნივ გზა კვასხვაძეს გაეხსნა, გაბონელმაც პასი არ დაუგვიანა, ნიკამ საჯარიმომდე ბურთიანად ირბინა და კარისკენ ჩააწოდა, სადაც ბურთს კესანი კი ასცდა, მაგრამ კომბინაციის წამომწყები გოცირიძე დახვდა და გატანა აღარ გასჭირვებია. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, "დინამოს" მცველებმა აზრზე მოსვლა ვერ მოასწრეს. 55-ე წუთზე გოცირიძე ამჯერად კრშკოს დაუსხლტა და სლოვაკი მცველი იძულებული გახდა, ბოლო იმედის ჯარიმით წაექცია - წითელი ბარათი და "დინამოს" საფინალო გზა კიდევ უფრო იბურება. პირველი სახიფათო მომენტი "დინამომ" 58-ე წუთზე შექმნა, რომელიც სტანდატრულ სიტუაციას მოჰყვა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მცველებმა პირდაპირ ოლეგ გველესიანისკენ აიტანეს, დინამოელმაც საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა და მცირე მანძილით ააცილა კარს. მალევე "დინამოც" გადარჩა - ჩია გოცირიძემ თავით დაუგდო ბურთი ვიეირას, რომელიც ოვონოსთან პირისპირ იყო, მაგრამ უხეიროდ დაარტყა. 64-ე წუთზე მასპინძელთა საფინალო შანსები აკუასაგამ გაზარდა. ზესტაფონელთა მარცხენა მცველი თავის ფლანგზე უხეშად შეცდა და ილია სპასოევიჩი თავისუფლად შევიდა საჯარიმოში, დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო - პასი მათე ვაწაძეს და 1:1. გოლამდე თავდასხმაში მარტო მყოფი ვაწაძე ზესტაფონელ მცველებში ჩაკარგული იყო, ბოლოსკენ დუშან უჰრინმა ჟორჟ აკირემიც შეუწყვილა, მაგრამ ამით "დინამოს" შეტევებს სიმწვავე არ შემატებია, პირიქით, სამჯერ იქით გადაურჩნენ გოლის გაშვებას. 79-ე წუთზე გოცირიძე ისევ გაეპარა დინამოელებს და მეკარესთან პირისპირ დარჩა, საჯარიმოს გარეთ გამოსულმა ოვონომ ცენტრალური მცველივით ითამაშა და თავდამსხმელს ძალისმიერ ბრძოლაში აართვა ბურთი. თემურ მახარაძე მიხვდა, რომ "დინამოს" მცველები დაიღალნენ, ზურაბ იონანიძე შეუშვა და "იონიადაც" დაიწყო - ჯერ ტექნიკურად რთული ფინტით გველესიანს ლამაზად გასცდა და საჯარიმოში შესულს მიზანმა უმტყუნა, ბოლო წამზე კი მიზანი გაისწორა, საჯარიმოს გარედან ძლიერად და ეფექტურად დაარტყა, თუმცა ოვონო არანაკლებ ეფექტურად გაისარჯა და გუნდი მარცხს გადაარჩინა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |