"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

ლევან სილაგაძე: შესაძლოა, თამაში საერთოდ დავასრულო

მიხეილ ჟორჟოლიანი

საქართველოს ჩემპიონატში რუსთავის "ოლიმპის" მცველი ლევან სილაგაძე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. ის 19 წლის იყო, როდესაც პირველად მოირგო მაშინდელი რუსთავის "მეტალურგის" მაისურა. მას შემდეგ 13 წელი გავიდა, ამ დროის მანძილზე სილაგაძემ რუსეთსა და ლატვიაშიც ითამაშა. ბოლოს ისევ საქართველოში დაბრუნდა და ჩემპიონიც გახდა.

მე-20 ტურში რუსთაველებმა სილაგაძის გოლით სტუმრად 1:0 დაამარცხეს თბილისის "ლოკომოტივი". გუნდისა და ჩვენი ჩემპიონატის თაობაზე ლევანს გუშინ ვესაუბრეთ...

- ბოლო ტურში "ოლიმპმა" სწორედ შენი გოლით იმარჯვა...

- "მიხეილ მესხზე" ადრეც გამიტანია და ახლაც ვგრძნობდი, რომ გავიტანდი. მართალია, გოლი ცოტა კურიოზული იყო, მცველისგან რიკოშეტით გავიდა, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვა.

- "ლოკომოტივში" ბევრი შენი მეგობარი თამაშობს. ამან მოტივაცია ხომ არ გაგიზარდა.

- არა, ეს უფრო ახალი მწვრთნელის დამსახურებაა. ხვიჩა ქასრაშვილმა პირველივე დღიდან გვთხოვა, გვერდით დავდგომოდით. ჩვენ კი "მესხეთთან" 0:0 ვითამაშეთ, "ზესტაფონთან" 0:3 წავაგეთ... რაც ამ ორ თამაშში ვერ შევძელით, "ლოკომოტივთან" გამოგვივიდა. რატი ალექსიძესთან, ლევან ცქიტიშვილთან და ვიტალი დარასელიასთან ვმეგობრობ, მაგრამ არა მოედანზე.

- ახალი მწვრთნელის მოსვლით რა შეიცვალა "ოლიმპში".

- ფეხბურთელები მწვრთნელს უფრო დავუახლოვდით. თითქოს გუნდში მანამდე ურთიერთგაგება არ იყო, მიზეზი კი ენობრივი ბარიერია. "ოლიმპის" ფეხბურთელების დიდი ნაწილი ისე გაიზარდა, რომ რუსული ენა არ იცის, ამიტომ ურთიერთობა გაჭირდა. ქასრაშვილის მოსვლის შემდეგ ენთუზიაზმმაც იმატა, ყველას უნდა, ახალ მწვრთნელს თავი მოაწონოს.

- წლეულს "ოლიმპისგან" მეტს ელოდნენ. რას თვლი ჩავარდნის მიზეზად.

- ალბათ იმას, რომ სეზონი ცუდად დავიწყეთ. ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წავაგეთ, რასაც "დინამოსთან" პირველივე ტურში მარცხი დაემატა. ცუდ სტარტს მწვრთნელის შეცვლა მოჰყვა. სანამ ანატოლი პისკოვეცი და ფეხბურთელები ერთმანეთს გავიცნობდით, ქულები დავკარგეთ, მოტივაციაც გაქრა... ვფიქრობ, ძირითადი მიზეზები ესაა, თორემ შემადგენლობით მეხუთე ადგილს არ ვიმსახურებთ.

- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში პირველად 13 წლის წინ ითამაშე. რა შეიცვალა მას შემდეგ.

- თითქმის არაფერი. რა სავარჯიშო პირობებიც მაშინ გვქონდა, იგივე გვაქვს ახლაც. ერთია, მაშინ "დინამო" იოლად იგებდა ჩემპიონატს, ახლა გუნდების დონე გათანაბრდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბა, თორემ მთლიანად ფეხბურთის დონეს არ აუწევია.

- შენი აზრით, ვინ გახდება წლეულს ჩემპიონი.

- სტაბილურობით "ვიტ ჯორჯია" უფრო გამოირჩევა, ვიდრე "დინამო" ან "ზესტაფონი", მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემპიონი "დინამო" გახდება.

- ვინ გაგაოცა და გაგიცრუა წლევანდელ ჩემპიონატში იმედები.

- "დინამოსგან" მეტს ველოდი, "ვიტ ჯორჯიასგან" - არა. ეს გუნდი თითქმის ყოველ წელს იშლება და მაინც მაგარია. საინტერესო გუნდია "მესხეთი", მასთან ორი მატჩი ვითამაშეთ და ვერაფერი დავაკელით.

- ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ვის მიიჩნევ.

- ბრაზილიელი ვიეირა საუკეთესოა, ნებისმიერ უცხოურ კლუბში შეუძლია თამაში. პოლ კესანსაც გამოვარჩევდი.

- ახალგაზრდებიდან.

- დავით დევდარიანი! პერსპექტიული ახალგაზრდაა, ძლიერი მწვრთნელის ხელში და ძლიერ კლუბში მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

- და საქართველოში რა უშლის ხელს.

- ელემენტარული პირობები - არასწორი დასვენება, აღდგენა და კვება ფეხბურთელის თამაშზე გავლენას ახდენს, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. რუსეთში ვთამაშობდი და ვიცი, იქ რაც ხდება. აქ მოედანზე გასასვლელად ათჯერ მეტი მობილიზაცია მჭირდება.

- რუსეთის გარდა ლატვიაშიც გითამაშია. უცხოეთში კიდევ ხომ არ აპირებ კარიერის გაგრძელებს.

- არ ვიცი, რა იქნება ზაფხულში. არ გამოვრიცხავ, რომ დავამთავრო კიდეც თამაში.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com