"სარბიელი"
# 80
ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2008 წელი

ვენგერმა პენალტი ვერ ჩაყლაპა

ვაჟა ხუციშვილი

ლივერპული 4:2 არსენალი (1:1)

0:1 დიაბი (13), 1:1 ჰიიპია (30), 2:1 ტორესი (69), 2:2 ადებაიორი (84), 3:2 ჯერარდი (85პ), 4:2 ბაბელი (90)

ლივერპული: რეინა, კარაგერი, შკრტელი, ჰიიპია, ფ. აურელიო, კუიტი (არბელოა 90), მასკერანო, ხაბი ალონსო, ჯერარდი, ფ. ტორესი (რიისე 87), კრაუჩი (ბაბელი 78)

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

არსენალი: ალმუნია, კ. ტურე, გალასი, სენდეროსი, კლიში, ებუე (უოლკოტი 72), ფაბრეგასი, ფლამინი (ჟილბერტო სილვა 42), დიაბი (ვან პერსი 72), გლები, ადებაიორი

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გაფრთხილება: სენდეროსი, ტურე

მსაჯი: პეტერ ფროიდფელდტი (შვედეთი)

41 985 მაყურებელი

არსენ ვენგერმა "არსენალის" კარში დანიშნულ 11-მეტრიან საჯარიმო დარტყმას მოგონილი უწოდა და შვედ მსაჯს პეტერ ფროიდფელდტს გაუწყრა.

პირველ მატჩში, ლონდონში, ალექსანდრ გლების წაქცევისთვის "მეთოფეებს" აშკარა პენალტი არ მისცეს და ეს ყველაფერი ფრანგმა მწვრთნელმა ხელზე დაიხვია.

ოთხშაბათს, "ენფილდზე" კოლო ტურემ რაიან ბაბელი ხელ-ფეხ შეუხებლად წააქცია, რაღაცნაირად მკერდით მიაწვა, რათა მეტოქისთვის წონასწორობა დაეკარგვინებინა. ბაბელიც გაიშხლართა და ფროიდფელდტმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ეს იყო მატჩის გადამწყვეტი მომენტი, რადგან წუთის წინ "არსენალმა" გაათანაბრა (2:2) და ამ ფრით ნახევარფინალში გადიოდა.

"მეგონა, რომ 2:2-ზე თამაში დასრულდა და ნახევარფინალში ვიყავით, მაგრამ მსაჯმა პენალტი მოიგონა. მომენტი განმეორებით რამდენჯერმე ვნახე და ტურესგან წესის დარღვევა არ ყოფილა. ვფიქრობ, უსამართლობის მსხვერპლნი გავხდით, რაც უფრო ამძიმებს ჩვენს გულისტკივილს. შენზე უკეთეს გუნდთან რომ წაააგებ, საპრეტენზიოც არაფერი უნდა გქონდეს, მაგრამ "ლივერპულთან" ორი მატჩის შემდეგ არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ისინი უკეთესები იყვნენ. პირველ შეხვედრაში გლების წაქცევისთვის ნაღდი პენალტი არ მოგვცეს, ახლა კი სულ ტყუილად დანიშნეს. ამის ჩაყლაპვა ძალიან ძნელია. პენალტის შემთხვევაში ორჯერვე ჩვენ დაგვჩაგრეს. ჩემს ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ მსაჯები "ლივერპულს" მიემხრნენ და ამან გუნდზე დამთრგუნველად იმოქმედა".

მოკლედ, პენალტი იყო თუ არ იყო, "ლივერპულმა" ბოლო ოთხ წელში ნახევარფინალს მესამედ უწია და ისევ "ჩელსის" დაეჯახება, რომელსაც ორჯერ უკვე აჯობა.

"საოცარია, რომ კვლავ "ჩელსისთან" ბრძოლა მოგვიწევს და რა თქმა უნდა, ისევ ორი უმძიმესი მატჩი გველის - თქვა რაფაელ ბენიტესმა - "არსენალთან" კი, პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, თუმც ბიჭები გამარჯვებაში დარწმუნებულნი იყვნენ და შესვენების შემდეგ საუცხოოდ გაისარჯნენ. გავიგე, სტივენ ჯერარდს უთქვამს, პირადად მე თამაში არ გამომივიდაო, მაგრამ მისი კმაყოფილი ვარ. კაპიტანმა ხომ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა".

კოლო ტურემ, რომელსაც რაიან ბაბელის წაქცევა დაბრალდა, განაცხადა: "მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ ხელ-ფეხი ბაბელისგან შორს დამეჭირა და ფაბრეგასიც ჩამოშორდა მას საჯარიმოს გარეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და თუ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რაღას იზამ."

ხოლო პენალტის გამტანმა სტივენ ჯერარდმა საკუთარი თავი აძაგა: "ალბათ, კარიერაში ასე ცუდად არ მითამაშია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ თერთმეტი მეტრიდან გავიტანდი და დარტყმაც ამიტომ ვიკისრე. ძნელია იმის თქმა, თუ რომელმა გუნდმა ითამაშა უკეთესად, რადგან "არსენალმაც" დიდებული ფეხბურთი აჩვენა, თუმც პლეი ოფში ჩვენ უფრო ყოჩაღები ვართ".

ემანუელ ადებაიორი: "ყველაზე დასანანი ისაა, რომ მატჩის განმავლობაში ორჯერ ცალი ფეხით ნახევარფინალში ვიყავით და ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. რაც შეეხება პენალტის, ვერაფერს ვიტყვი. ლონდონში მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ არ დანიშნა, აქ კი "ლივერპულს" მისცა. ფეხბურთში ხან ასეა და ხან ისე. წაგება მალე უნდა დავივიწყოთ, რადგან კვირას "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. ჩვენ ხომ ჩემპიონობის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com