|
|
"სარბიელი"
გრანტი: მწვრთნელი ვარ თუ ექიმი? ვაჟა ხუციშვილი
ჩელსი 2:0 ფენერბაჰჩე (1:2) 1:0 ბალაკი (4), 2:0 ლამპარდი (87) ჩელსი: კუდიჩინი (ილარიო 26), ესიენი, რ. კარვალიუ, ტერი, ე. კოული, მაკელელე, ბალაკი, ლამპარდი, ჯ. კოული (მალუდა 85), კალუ (ბელეტი 58), დროგბა მწვრთნელი: ავრაამ გრანტი ფენერბაჰჩე: ვოლქანი, გიოქჰანი, ლუგანო, ედუ, ვედერსონი (ბილგინი 89), მალდონადო (კეჟმანი 60), მეჰმეთი, კაზიმ-რიჩარდსი, ალექსი, დეივიდი, სემიჰი (უღური 75) მწვრთნელი: ზიკო გაფრთხილება: ესიენი, კარვალიუ მსაჯი: ჰერბერტ ფანდელი (გერმანია) 38 369 მაყურებელი
"მეც ისევე მშვიდად ვიყავი, როგორც ჩვენი გულშემატკივრები" - იხუმრა ფრენკ ლამპარდმა ნამატჩევს. "ჩელსი" აშკარად ვერ იყო მშვიდად, განსაკუთრებით ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან "ფენერბაჰჩემ" შტურმისმაგვარი მოაწყო და "სტემფორ ბრიჯზე" შეკრებილმა მასპინძელთა ქომაგებმა გვარიანად ინერვიულეს. სწორედ ლამპარდმა დააწყნარა ისინი - 87-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. "ვერ ვიტყვი, რომ ეს "ჩელსის" საუკეთესო მატჩია - თქვა ნახევარმცველმა - სტამბოლში ბევრად უკეთესად ვითამაშეთ, აქ კი გაძლებამდე ვიყავით, რათა გოლი არ გაგვეშვა. ასეთი შეხვედრები ყოველთვის რთულია, რადგან მეოთხედფინალში იოლი მეტოქე არ არსებობს. როცა სტუმრად 1:2 გაქვს წაგებული, საპასუხოში სწრაფი გოლი გჭირდება. ეს მოვახერხეთ, მერე კი გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ დაცვაში შეუცდომლად ვითამაშეთ". 26-ე წუთზე მეკარე კარლო კუდიჩინი დაშავდა და რაკი პეტრ ჩეხიც ტრავმირებულია, კარში ნენე ილარიო ჩადგა. პორტუგალიელმა ბოლო ათ წუთში ორი დარტყმა მოიგერია და ლამპარდის ქება დაიმსახურა: "ილარიოს მადლობლები უნდა ვიყოთ, მან საქმე ფრიადზე შეასრულა და გადაგვარჩინა. ეს ნიშნავს, რომ გუნდში უმაღლესი კლასის სამი მეკარე გვყავს". ნახევარფინალში "ჩელსი" და "ლივერპული" ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს. ორჯერ პირველი მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა და საბოლოოდ "ლივერპული" იგებდა, ახლა კი "ჩელსი" ჯერ "ენფილდს" ეწვევა და მერე მეტოქეს უმასპინძლებს, რაც ძალიან აიმედებს ეშლი კოულს: "საპასუხო მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" იქნება და ეს მცირე, მაგრამ უპირატესობაა". თუ პეტრ ჩეხი და კარლო კუდიჩინი მალე ვერ გამოჯანმრთელდებიან, "ჩელსი" "ლივერპულთან" ნახევარფინალურ მატჩებში ნენე ილარიოს იმედზე დარჩება. "ილარიო მესამე მეკარეა, მაგრამ დიდებულად გაისარჯა - თქვა ავრაამ გრანტმა - ამ სეზონში ტრავმირებულებზე იმდენჯერ მომიხდა საუბარი, რომ თავი მწვრთნელი კი არა, ექიმი მგონია. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კარლო კუდიჩინისაც, ისევე როგორც პეტრ ჩეხს, ტრავმის მოსაშუშებლად ალბათ ორი-სამი კვირა დასჭირდება. ილარიოს გარდა 18 წლის რის ტეილორიც გვყავს". თამაშზე კი "ჩელსის" მწვრთნელმა განაცხადა: "ამოცანა შევასრულეთ და ნახევარფინალში გავედით, რაც კმაყოფილების საბაბს გვაძლევს. ამ მატჩის მოგება იოლი არ იყო და მგონია, რომ სტამბოლში უკეთესად ვითამაშეთ. ამჯერად კარგად დავიწყეთ, მერე კი გუნდს ნერვიულობა დაეტყო, თუმც მცველებმა საქმეს თავი გაართვეს და მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალება არ მისცეს. მთავარია, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ, თუმც მიკაელ ესიენის ყვითელი ბარათი დასანანია. ამის გამო იგი "ლივერპულთან" პირველ შეხვედრას გამოტოვებს". ზიკო: "რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ, რადგან მიზანს ვერ მივაღწიეთ. გოლი ძალიან მალე გავუშვით და არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავათანაბრეთ. მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლა ჩვენთვის დიდად სასიხარულო არაა, უფრო მეტი გვსურდა და ამიტომ ძალიან ნაწყენები ვართ".
ნახევარფინალი ლივერპული - ჩელსი პირველი მატჩი გაიმართება 23 აპრილს, საპასუხო - 30 აპრილს
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |