|
|
"სარბიელი"
რონალდუს გამომძალველები
პაპუნა კედია
საქმე ასეა: მადრიდის "რეალი" ყველა ღონეს იხმარს, რათა უეფას არსებული კანონმდებლობით ისარგებლოს და 2010 წელს "მანჩესტერ იუნაიტედს" კრიშტიანუ რონალდუ წაართვას - თან, იმ ფასად, რაც პორტუგალიელ ვარსკვლავს ინგლისის ჩემპიონისგან შემდგომ ორ წელიწადში ეკუთვნის. ეს თანხა დაახლოებით 10 მილიონი გირვანქაა. მაშ, რა გამოდის. გამოდის, რომ ალექს ფერგიუსონმა და მისი კლუბის პატრონებმა კრისისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა იჩქარონ. ახალი ხელშეკრულება, სავარაუდოდ, 2014 წლემდე იქნება და ფეხბურთელს კვირაში 140 ათასს მოუტანს. მაგრამ, რატომ მხოლოდ მადრიდის "რეალი". "სამეფო გუნდი" ესპანური პრესის მიხედვითაა სიაში პირველი, თორემ აბა, იტალიურ მედიას დაუგდეთ ყური. იტაიელები ამტკიცებენ, რომ რონალდუს "მილანი" შეიძენს, არადა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ საუბარია "იუნაიტედის" ყველაზე დიდ საგანძურზე. ის, რომ რონალდუს ყიდვა მიზნად აქვთ დასახული, თვით "რეალის" გერმანელმა თავკაცმა ბერნდ შუსტერმაც აღნიშნა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ შუსტერმა ისიც დასძინა, ამწუთას მანჩესტერელები მაგ ბიჭის გამყიდველები არ არიანო. "უახლოეს ხანს მე რონალდუს ყიდვის საშუალებას ვერ ვხედავ, - განაცხადა შუსტერმა - მაგრამ ორი წლის შემდეგ, ვფიქრობ, ამ ბიჭს "სანტიაგო ბერნაბეუზე" თეთრი მაისურით დაგანახებთ". ასეთ განცხადებებზე ალექს ფერგიუსონის პასუხი შემდეგი გახლდათ: "შემოტევებისთვის მზად ვართ, ფეხბურთელის გამოძალვა კი მათთვის ჩვეული საქციელია. უეფა ამ საქმეში არ ერევა, რადგან რომც ჩაერიოს, ვერაფერს გამოხდება. რაც შეეხება რონალდუს, მას მანჩესტერში ცხოვრება მოსწონს. მანჩესტერი მისი ქალაქია".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |