|
|
"სარბიელი"
ტორესის რეისი: ბაიერნის გავლით ფინალში
ვაჟა ხუციშვილი
ზენიტი (რუსეთი) - ლევერკუზენი (გერმანია) (4:1) ხეტაფე (ესპანეთი) - ბაიერნი (გერმანია) (1:1) პსვ (ჰოლანდია) - ფიორენტინა (იტალია) (1:1) სპორტინგი (პორტუგალია) - რეინჯერსი (შოტლანდია) (0:0) "ხეტაფეს" პრეზიდენტი ანხელ ტორესი დარწმუნებულია, რომ "ბაიერნის" დამარცხების შემთხვევაში მისი გუნდი ნახევარფინალშიც იმარჯვებს და ფინალში გავა. ერთი კვირის წინ, მიუნხენში ხეტაფელმა კოზმინ კონტრამ ბოლო წუთზე გაათანაბრა და ესპანურ კლუბს დღეს უგოლო ფრეც ეყოფა "ბაიერნის" გასავლელად. "სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იქნება - თქვა ტორესმა - ტრიბუნები გაივსება და ქომაგები ზეიმს მოაწყობენ. თუ "ბაიერნს" ვაჯობებთ, ფინალშიც გავალთ. მცირე უპირატესობა გვაქვს, რადგან სტუმრად 1:1 ვითამაშეთ და ფანებიც განსაკუთრებულად დაგვიჭერენ მხარს, მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობა და მეტოქის შეუფასებლობა არ ეგების". "ბაიერნი" კი მიუნხენურ მატჩში სწორედ მოწინააღმდეგის სათანადოდ შეუფასებლობის გამო დაისაჯა - იოლ გამარჯვებას ელოდა, "ხეტაფე" კი კერკეტი კაკალი გამოდგა. ფრანც ბეკენბაუერს მეოთხედფინალის წილიყრის შემდეგღა გაუგია, რომ "ხეტაფეს" მიქაელ ლაუდრუპი წვრთნის. ლაუდრუპის გუნდი გასულ კვირას სტუმრად "ბარსელონას" უგოლოდ დაუზავდა, მაგრამ ამ მატჩში ორი ფეხბურთელი დაუშავდა. ნახევარმცველი პაბლო ერნანდესი და მცველი მარიო პირველივე ტაიმში შეცვალეს. ერთს წვივი ეტკინა, მეორეს - ბარძაყის კუნთი. მათი თამაში დღევანდელ მატჩში საეჭვოა. დისკვალიფიკაციის გამო "ხეტაფეს" ესტებან გარნესო ვერ დაეხმარება, სამაგიეროდ, ლუკას ლიხტმა სასჯელი მოიხადა და კაპიტანი დავიდ ბელენგერიც გამოკეთდა. "ბაიერნი" ფავორიტია, მაგრამ ვეცდებით, ივე ვითამაშოთ, როგორც მიუნხენური მატჩის მეორე ტაიმში - განაცხადა კოზმინ კონტრამ, რომელმაც წინა კვირაში კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. "ბაიერნმა" კი ბუნდესლიგაში შინ "ბოხუმს" 3:1 მოუგო. მასპინძლები მეოთხე წუთიდან აგებდნენ, მაგრამ ლუსიომ, რობერიმ (პენალტით) და ლელმა სამით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" სტუმრად ესპანურ კლუბებთან 15 მატჩიდან ოთხი მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და რვაჯერ დამარცხდა. ლისაბონის "სპორტინგმა" ხუთჯერ უმასპინძლა შოტლანდიურ კლუბებს, ხუთჯერვე მოუგო და დღეს მეექვსედ გამარჯვებას "რეინჯერსთან" შეეცდება. გლაზგოელებმა კვირას "დანდი იუნაიტედთან" სტუმრად 3:3 ითამაშეს: მატჩის განმავლობაში სამჯერ აგებდნენ, მაგრამ ვეირმა, ნოვომ და ბოიდმა მეტოქეს ქულა გამოგლიჯეს. "ჩაფრებს" "სპორტინგთან" დისკვალიფიცირებული დევიდ ვეირი დააკლდებათ, მეგოლე დანიელ კუზენი კი გამოკეთდა და ლისაბონში გუნდს გაჰყვა. კუზენს "ვერდერთან" შეხვედრაში ყბა გაუტყდა მერტეზაკერთან შეჯახების შედეგად და ხუთი კვირა გაუცდა. ესპანელი მცველი კარლოს კუელიარი "დანდისთან" მსუბუქად დაშავდა, თუმც სადღეისოდ მზად იქნება. პორტუგალიაში "რეინჯერსმა" ხუთი მატჩიდან ერთი მოიგო, ერთი ფრე გაახერხა და სამჯერ წააგო. "სპორტინგმა" ჩემპიონატში "ბრაგას" 2:0 სძლია და ორივე დიალომ გაიტანა. გუნდი მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონობის შანსი აღარ აქვს, რადგან "პორტუმ" პირველობა უკვე გაინაღდა. ამიტომაც ამბობს სპორტინგელი მცველი ტონელი, რომ მათი მიზანი უეფას თასის მოგებაა. "მართალია, ჯერ "რეინჯერსი" არ დაგვიმარცხებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თასის ფინალში გასვლას შევძლებთ. კარგი იქნებოდა, გლაზგოში გოლი გაგვეტანა, თუმც ამას შინ, გულშემატკივრების მხარდაჭერით მოვახერხებთ" - თქვა ტონელიმ. "სპორტინგის" ცენტრალური მცველი ანდერსონ პოლგა "ბრაგასთან" დაშავდა და მის ნავლად "რეინჯერსთან" 23 წლის გლედსტოუნი ითამაშებს, რომელიც შარშან "კრუზეიროდან" ითხოვეს. "ფიორენტინამ" უეფას თასის პირველ წრეში "გრონინგენი" პენალტებით დაამარცხა მას შემდეგ, რაც ორივე მატჩი 1:1 დასრულდა. "იების" მეორე ჰოლანდიელი მეტოქე პსვ-ა, ვისთანაც ფლორენციაში 1:1 ითამაშა. ეინდჰოვენშიც თუ იგივე ანგარიში განმეორდა, ისევ პენალტების სერია გაარკვევს გამარჯვებულს. "ფიორენტინას" ევროთასებზე 49 მატჩი აქვს მოგებული და ღდეს შეეცდება, დაამრგვალოს. პსვ-მ ჩემპიონატში "ჰერაკლესი" 2:0 დაამარცხა, გოლები კი სიმონსმა და ფარფანმა შეაგდეს. "იებმაც", სერია ფ-ში ასევე 2:0 სძლიეს "რეჯინას" პაცინისა და მუტუს გოლებით. ეინდჰოვენელებმა იტალიურ კლუბებს რვაჯერ უმასპინძლეს, ექვსი მოიგეს და ორჯერ წააგეს, "ფიორენტინასთვის" კი ეს იქნება ჰოლანდიაში მეორე სტუმრობა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |