|
|
"სარბიელი"
დანაშაულებრივი კავშირი კავშირთან
პაპუნა კედია
გერმანულ ფეხბურთში ახალი გამოძიება წამოიწყეს და თან ისეთი, რომ გასულ კვირაში, ქვეყნის თასის ფინალისა და ნაკრების ორი სამაისო შეხვედრის გადადებასაც კი ფიქრობდნენ. არადა, ამ ორი თამაშის გადადება როგორია, ეს ხომ ბუნდესნაკრების ბოლო გავარჯიშებაა ევროპის ჩემპიონატის წინ. ის, რომ შეხვედრები ჩატარდება, გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის თეო ცვანციგერის დამსახურებაა. ეს მან დაარწმუნა ანტიტრასტის სააგენტოს თანამშრომლები, მისი პირადი ფულის თავდებში ჩადების გარეშე დაერთოთ თამაშების გამართვის ნება. "ჩვენ ანტიტრასტის ხალხს დიდი ხანი და დაბეჯითებით ვესაუბრეთ. იმედი გვაქვს, რომ ისინი გაიგებენ ჩვენს პოზიციას, რაც მხოლოდ და მხოლოდ სპორტის სპეციფიკით არის განპირობებული" - განუცხადა გაზეთ "ბილდს" კავშირის პრესატაშემ ჰარალდ სტენგერმა. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ პირადი ფულის დაპატიმრებით დაბმა ბუნდესლიგის პრეზიდენტს რაინჰარდ რაუბალსაც დაუპირა. და რას იძიებენ ანტიტრასტელები. მათ ეჭვი აქვთ, რომ საფეხბურთო კავშირმა და ბუნდესლიგამ პირი შეკრეს და სპონსორები ყალბი ტენდერით მიიყვანეს. რაც შეეხება ხსენებულ თამაშებს: თასის ფინალში, რომელიც 19 აპრილს გაიმართება, "დორტმუნდი" "ბაიერნს" ხვდება და ამ თამაშზე 50 ათასი ბილეთი უკვე შეკვეთილია. ხოლო ნაკრები 27 მაისს ბელარუსს ხვდება, 31-ში კი სერბეთს და იქიდან ევროპის პირველობაზე მიემგზავრება.
ლეგენდა #12 დავარდნილი შარფის ისტორია "ლივერპულის" "ენფილდ როუდის" სიახლოვეს დგას კლუბის ისტორიაში ალბათ ყველაზე პატივცემული და დიადი მწვრთნელის, ბილ შენკლის ქანდაკება, რომელიც ხელოვანმა ტომ მერფიმ შექმნა. 1973 წელს, შენკლის თაოსნობით "ლივერპულმა" პრემიერლიგა მოიგო. ამ ტრიუმფის მთავარი შემოქმედი და მისი შეგირდები ქუჩაში საზეიმო მარშით მიდიოდნენ, როცა მერსისაიდელთა ერთ-ერთმა ახალგაზრდა ფანმა საკლუბო შარფი მოიხსნა და შენკლისთან მისვლა სცადა, მაგრამ პოლიციელმა შეაჩერა, შარფი კი ძირს დავარდა, ხოლო იქვე მდგარმა შენკლიმ პოლიციელს უთხრა: ,,შენთვის ეს უბრალოდ შარფია, ბიჭისთვის კი მთელი ცხოვრება". შემდეგ, მან შარფი აიღო, ყელზე შემოიხვია და სვლა გააგრძელა. ეს ისტორია ლივერპულის სულს ასახავს, თავად ამ ისტორიის ამსახველი კი ზემოთ ხსენებული ქანდაკებაა, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: იშდდ თრფტლდუნ - რუ ქფვუ ერუ ზუწზდუ რფზზნ (ბილ შენკლი - მან ხალხი გააბედნიერა).
ლეგენდა #13 როგორ დაერქვა ტურინის იუვენტუსს ბებერი ქალბატონი 1897 წელს ტურინის ლიცეუმ "დე აძელიოს" რამდენიმე, ფეხბურთზე შეყვარებულმა სტუდენტმა, დროის მოკვლისა და გართობის მიზნით თავიანთი გუნდის შექმნა გადაწყვიტა. ახალგაზრდებმა საწადელი იმავე წლის 1 ნოემბერს აისრულეს. ისინი დე უმბერტოს ქუჩაზე შიკრიბნენ და ოფიციალურად დააარსეს საფეხბურთო კლუბი ტურინის "იუვენტუსი". გუნდის სახელი მისი დამაარსებლების ასაკიდან მომდინარეობს - ლათინურად "იუვენტუსი" ახალგაზრდობას ნიშნავს. საინტერესოა, რომ კლუბს აბსოლუტურად საპირისპირო მნიშვნელობის მქონე მეტსახელი სწორედ აქედან გამომდინარე აქვს. საქმე ის არის, რომ გადმოცემის თანახმად, შემდგომში სტაბილურად მოთამაშე და მრავალი ტიტულის მომგებ "იუვენტუსს" რამდენიმე პიროვნებამ ხუმრობით უწოდა, არა ახალგაზრდა, არამედ უკვე დაბერებული და გამოცდილი გუნდი - "ლა ვეკია სინიორა" ანუ "ბებერი ქალბატონი" და...
ლეგენდა #14 აბერდინელთა მძიმე დღე 1885 წლის 1 სექტემბერს შოტლანდიის თასის პირველი წრის მატჩში "არბროთმა" აბერდინის "ბონ-აკორდს" 36:0 მოუგო. ამაში დიდად გასაკვირი არც არაფერი გახლდათ, რადგან "ბონ-აკორდი" ფეხბურთელებით კი არა, კრიკეტის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. ისინი მინდორზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტანსაცმლით გავიდნენ და მთელ გუნდში ერთი წყვილი ბუცებიც კი არ მოიძებნა. მათი მეკარე პირველად მოხვდა ასეთ "გაუგებრობაში", იგი მეორე ტაიმში დაშავდა და ნახევარმცველით შეცვალეს. "არბროთის" გოლკიპერი კი მთელი მატჩის განმავლობაში მოწყენილი იყო, მის კარს ერთხელაც არ დამუქრებია საფრთხე. ხოლო თავდამსხმელმა ჯონ პეტრიმ 13 გოლი გაიტანა - საოცარი რეკორდია! ბრიტანეთის პროფესიული კლუბების შეხვედრებში 0:36 სარეკორდო ანგარიშია და ამ შედეგს ვერასდროს თუ არა, ალბათ კიდევ დიდი ხანი ვერავინ გააუმჯობესებს ან გაიმეორებს. ისე კი, 1885 წლის 1 სექტემბერი აბერდინენელთათვის მძიმე დღე გახლდათ. ქალაქის მეორე კლუბმა "აბერდინ როვერსმა" "დანდი ჰარპთან" სამარცხვინო ანგარიშით წააგო - 0:35.
ლეგენდა #15 ქრთამი, მსაჯი და სანტოსი 1956 წელს ბრაზილიურ "სანტოსს" ქალაქ ტაუბატეს გუნდი მასპინძლობდა, რომელიც მოგების შემთხვევაში სან პაულუს შტატის ჩემპიონი ხდებოდა. მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სანტოსელებმა გაიგეს, რომ მათმა მეტოქემ შეხვედრის არბიტრს ქრთამი მისცა - 100 ათასი "ძველი" კრუზეირო... "სანტოსის" ხელმძღვანელები და ფეხბურთელები არ დაიბნენ, სასწრაფოდ შეკრიბეს ფული და არბიტრს პირდაპირ მსაჯთა ოთახში ეწვივნენ - აი, ინებეთ 150 ათასი. სენიორმა ცოტა ხნის წინ 100 ათასი მიიღო ანუ ჯამში 250 ათასი გამოდის. ხომ სწორია. ვფიქრობთ, ეს საკმარისი თანხაა, რათა სენიორმა სამართლიანად იმსაჯოს. არბიტრს არც მეორე ქრთამზე უთქვამს უარი და მატჩისას არანაირი მიკერძოება არ გამოუჩენია - "სანტოსმა" ტაუბატელებს 2:1 მოუგო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |