"სარბიელი"
# 80
ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2008 წელი

რეკობას სამშობლო: ურუგვაელს ტრავმამ ურუგვაი გაახსენა

სერგი ქორიძე

"ინტერიდან" "ტორინოში" განათხოვრებული ურუგვაელი ალვარო რეკობა სეზონის ბოლოს სამშობლოში დაბრუნებას და კარიერის იქ დასრულებას არ გამორიცხავს.

მან ათი წელი გაატარა "ინტერში" და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ბოლოს მოსწყინდა, შარშან "ტორინოში" გადავიდა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ტრავმებმა იქაც შეახსენეს თავი და თამაში არ აცალეს.

"ამჟამად მხოლოდ "ტორინოზე" და სეზონის დასრულებაზე ვფიქრობ, მერე კი ვნახოთ, რა მოხდება. იჯარის ვადა მალე ამოიწურება. იტალიაში დარჩენა მსურს, მაგრამ ეს ჩემს ჯანმრთელობაზე იქნება დამოკიდებული. თუ ჯანი ხელს არ შემიწყობს, ალბათ, სამშობლოში დავბრუნდები და კარიერას იქ დავასრულებ" - თქვა ურუგვაელმა.

მიუხედავად იმისა, რომ "ინტერში" რობერტო მანჩინი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იშვიათად ათამაშებდა, რეკობა ყოფილ გუნდს მაინც ქომაგობს და ჩემპიონობას უსურვებს: "ჩემი აზრით, "ინტერი" კვლავაც უმთავრესი ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი გაიარა. "ატალანტასთან" სტუმრად მძიმე მატჩი ჰქონდა, თუმც ბერგამოში მოგებით სკუდეტოსკენ წინ გადადგეს ნაბიჯი. "რომას" ისევ ოთხი ქულით უსწრებს და მილანურ დერბისაც თავდაჯერებული შეხვდება".

შეგახსენებთ, რომ ალვარო რეკობა "ინტერში" ურუგვაული "ნასიონალიდან" 1997 წელს გადავიდა და სერია ფ-ში 250-ზე მეტი მატჩი ითამაშა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com