|
|
"სარბიელი"
ხმა ხალხისა და პრეზიდენტისა
გიორგი კაკაბაძე
უკრაინელი ფორვარდის ანდრეი შევჩენკოს "მილანში" დაბრუნების შესახებ საუბარი გრძელდება. ცოტა ხნის წინ "როსონერის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, არა მგონია, ეს კარგი იდეა იყოსო და კლუბის ფანებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამაც აჩვენა, რომ ქომაგების უმეტეს ნაწილს შევას "სან სიროზე" დაბრუნება არ სურს. თუმცა "მილანის" პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის სხვაგვარი ხედვა აქვს. "შევჩენკოს დაბრუნებას ვცდილობ და კარგი შანსია, რომ ეს მოხდეს" - მოკლედ თქვა ბერლუსკონიმ. შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" 31 წლის თავდამსხმელი "როსონერიში" 1999 წლიდან 2006 წლამდე თამაშობდა და 208 მატჩში 127 გოლი გაიტანა. შევა რომ ლონდონში ვერ მოეწყო, არახალია და თავად მასაც არაერთხელ უთქვამს "მილანში" შესაძლო დაბრუნებაზე. ბერლუსკონისა არ იყოს, ამ იდეას სიამოვნებით ემხრობა ჩვენებური კახა კალაძეც. "ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუ ანდრეი დაბრუნდება, თან იგი ჩემი ახლო მეგობარია, მაგრამ ეს კლუბის უფროსობაზეცაა დამოკიდებული. მან აქ შვიდი ბრწყინვალე წელი გაატარა, ფანების კერპად იქცა და "ოქროს ბურთი" მოიგო. შევას ტელეფონით ხშირად ვესაუბრები. იგი "ჩელსიში" თავისი მდგომარეობით კმაყოფილი არ არის" - აღნიშნა კალაძემ. ბერლუსკონიმ კი რონალდინიოზეც ილაპარაკა და განაცხადა, მის ხელში ჩასაგდებადაც ყველაფერს ვაკეთებთო. როგორც იცით, დიდი შანსია, ბრაზილიელმა ზაფხულში "ბარსელონა" დატოვოს. მიმდინარე სეზონში კატალონიელთა რიგებში მას საქმე იდეალურად არ მისდის. "თუ რონალდინიო "ბარსელონას" დატოვებს, იგი ჩვენთან გადმოვა და არა რომელიმე სხვა კლუბში. ეს თავად მასაც დადასტურებული აქვს და ყველაფერს ვაკეთებთ ბრაზილიელის ხელში ჩასაგდებად. აქ მას ბევრი თანამემამულე დახვდება და ისიც იცის, რომ ჩვენთან ჩინებული პირობებია" - დასძინა დონ სილვიომ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |