"სარბიელი"
# 80
ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2008 წელი

მძიმე სასჯელი ესპანიოლის ფანებს

კოკი კანდელაკი

კატალონიური "ესპანიოლის" სამ ქომაგს ბარსელონის სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, მათ "ესპანიოლისთვის" მიყენებული ზარალის გამო 10 782 ევროს გადახდა დაეკისრათ და აეკრძალათ ხუთი წელი ნებისმიერ სტადიონზე შესვლა. ეს ფანებისადმი გამოტანილი ერთ-ერთი უმკაცრესი სასჯელია ესპანური და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

საქმე ეხება 2004 წლის 16 ოქტომბერს "ესპანიოლის" "მონჟუიკზე" "ბარსელონასთან" გამართულ ქალაქურ დერბის. "ესპანიოლის" ამ სამმა ქომაგმა მაშინ დიდი არეულობა მოაწყო. მათ ჩხუბი გააჩაღეს, სტადიონს მატერიალური ზიანი მიაყენეს და შემდგომ, პოლიციელებსაც ეჩხუბნენ.

ბოლო დროს ესპანეთში ფანების მხრიდან ზღვარგადასული ხულიგნობა ძალიან მოხშირდა. შორს რომ აღარ წავიდეთ, ახლახან "ბილბაოს" მეკარე არმანდოს სახეზე ექვსი ნაკერი დასჭირდა, რადგან მას "ბეტისის" ფანმა ბოთლი გაარტყა. ასევე ცოტა ხნის წინ მადრიდის "ატლეტიკოს" და "სევილიას" გულშემატკივრებს შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com