"სარბიელი"
# 80
ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2008 წელი

მაშინ 12 წლისა ვიყავი...

ვაჟა ხუციშვილი

სეზონის ბოლოს "ფეიენოორდის" მწვრთნელი "ჰერენვენის" ამჟამინდელი თავკაცი გერტიან ვერბეკი გახდება, რომელიც ბერტ ვან მარვაიკს შეცვლის.

თავის მხრივ, ვან მარვაიკი ჰოლანდის ნაკრებს მარკო ვან ბასტენისგან ჩაიბარებს, ვინც ამსტერდამის "აიაქსში" გადავა.

უმწვრთნელოდ "ჰერენვენიც" არ დარჩება, რადგან გერტიან ვერბეკის ადგილს 48 წლის ნორვეგიელს ტრონდ სოლიედს ანდობენ.

ასეთი გადაადგილებები მოხდება ზაფხულში, ვერბეკმა კი, რომელმაც "ფეიენოორდთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, გაიხსენა: "12 წლის ვიყავი, როცა "დე კუიპზე" "ფეიენოორდის" თამაშზე პირველად წავედი, მაშინ "ტვენტეს" ეთამაშებოდნენ და სტადიონზე შექმნილი ვითარებით უმალ მოხიბლული დავრჩი. ის, რაც ვნახე, არასოდეს დამავიწყდება, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა ამ გუნდის მწვრთნელობა".

ფეხბურთელობისას მცველ ვერბეკს "ჰერენვენში" და "ჰერაკლესში" უთამაშია. მერე "ჰერენვენის" ახალგაზრდებს ავარჯიშებდა, 2002-ში კი "ჰერაკლესის" მთავარი მწვრთნელი გახდა, გუნდი მეორედან უმაღლეს დივიზიონში გადაიყვანა და შემდეგ "ჰერენვენში" წავიდა, რომელიც უეფას თასზე ათამაშა.

ბერტ ვან მარვაიკმა "ფეიენოორდს" არჩევანი მოუწონა და შემცვლელი კარგად დაახასიათა: "გერტიან ვერბეკმა საკლუბო დონეზე დიდი სამუშაო გაწია და მიხარია, რომ "ფეიენოორდში" თავის გამოჩენის შანსი ექნება. მეც ასეთივე გზა გავიარე, როცა "სიტარდიდან" როტერდამულ კლუბში მივედი".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com