"სარბიელი"
# 80
ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2008 წელი

წარმატების გარანტიას ვერავინ მოგვცემს: გია გურულს ოლიმპის და დინამოს ვარიანტები აქვს

ნუკრი ლოლაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ერთხელ დარჩა უმწვრთნელოდ. სანამ კლაუს ტოპმიოლერი ჩამოვიდოდა, ჩვენს ნაკრებს ფრანგი ალენ ჟირესი თავკაცობდა, რომლის თანაშემწეც გია გურული იყო. გურული გუშინწინ "დინამო" - "ზესტაფონის" სათასო მატჩს ესწრებოდა და ჩვენც ჯერ ამ მატჩის შთაბეჭდილებები გაგვიზიარა, მერე კი სხვა თემებსაც შევეხეთ...

- შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, ისე, ჩემპიონატის ლიდერებს რომ შეეფერებათ. ჩემი აზრით, "ზესტაფონი" ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა.

- შეიძლება ჩაითვალოს, რომ "ზესტაფონი" ფინალშია.

- თანაბარი დონის გუნდებია და საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. "ზესტაფონს" ის უპირატესობა აქვს, რომ მის სტადიონზე ბევრი მაყურებელი მივა და უქომაგებს.

- ამ ორივე გუნდში მოთამაშე გაბონელი ფეხბურთელები სწორედ თქვენი რეკომენდაციით მოხვდნენ საქართველოში. საინტერესოა, მათ თამაშს როგორ შეაფასებთ.

- დიდიე ოვონომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის მეკარეა, ჟორჟ აკირემიმ ტრავმა ახლახან მოიშუშა და ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არის. პოლ კესანმა და ერნესტ აკუასაგამ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ეტიენ ბიტოოს კი თამაშში ჩართვა გაუჭირდა...

- უახლოეს ხანში კიდევ ხომ არ ჩამოიყვანთ რომელიმე ქართული გუნდისთვის აფრიკელ ფეხბურთელებს.

- არის წინადადებები, თუმცა ეს ამ სეზონში არ მოხდება... მომავალში კი რუსთავის "ოლიმპს" სურს სერიოზული გუნდის გაკეთება და მისთვის შევიგულებ ფეხბურთელებს. თბილისის "დინამომაც" გამოთქვა სურვილი და ვნახოთ...

- საქართველოს ნაკრებსაც შევეხოთ. დიდი ხანი არ არის, რაც გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი გაუშვეს. როგორ შეაფასებთ მის მუშაობას საქართველოში.

- ჩემგან რამის თქმა არაკორექტული იქნება და ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ.

- თქვენ როგორ ფიქრობთ: ეროვნული ნაკრები ისევ უცხოელს უნდა ჩააბარონ თუ ქართველს.

- კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი სიახლეს ნამდვილად შემოიტანს ჩვენი ნაკრების თამაშში. ისე კი, ძნელია მსჯელობა, რომელი უკეთესი იქნება.

- ერთ-ერთ ვარიანტად თემურ ქეცბაიას ჩამოყვანაც განიხილება... ამ კანდიდატურაზე რას იტყვით.

- თემური ევროპაში მუშაობს და საკმაოდ წარმატებითაც. მე და თემური დიდი ხნის მეგობრები ვართ, მისი ხასიათი ვიცი და კარგი იქნება, თუ მას ჩამოიყვანენ.

- როგორ ფიქრობთ, ახალ შესაჩევ ციკლში წარმატების მიღწევა შესაძლებელია.

- საკითხს ასე არ უნდა მივუდგეთ. რეალურად შევაფასოთ, ამ წუთში რამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყავს. ვინც არ უნდა მოვიდეს მწვრთნელად, ჯგუფიდან გასვლის გარანტიას, ვერავინ მოგვცემს. წარმატებისკენ ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა წავიდეთ - მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს, ეროვნულ ჩემპიონატს... წარსულში წარმატებები გვქონდა, ახლა წინ უნდა გავიხედოთ, მერე კი შედეგიც მოვა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com