"სარბიელი"
# 80
ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2008 წელი

რა ქალი, რის არაყი?!

ვაჟა ხუციშვილი

"ჩელსის" პერუელმა ფორვარდმა კლაუდიო პიზარომ, რომელიც უდისციპლინობის გამო ნაკრებიდან 18 თვით მოკვეთეს, თქვა, რომ სრულიად უდანაშაულოა, ქვეყნის ფეხბურთის საქმიანობას კი უთავბოლო უწოდა.

"მინდა, სიმართლემ დღის სინათლე იხილოს - აღნიშნა ფეხბურთელმა - და დავამტკიცო, რომ უბრალო ვარ. საჯაროდ ვაცხადებ: დისციპლინა არასოდეს დამირღვევია და თუ რამე პრობლემა არსებობს, მხოლოდ ფედერაციის ხელმძღვანელობის ბრალია".

ნოემბერში ბრაზილიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ სასტუმროში პერუელმა ფეხბურთელებმა ქალებით და ალკოჰოლით "ითამაშეს". ამის გამო ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს კლაუდიო პიზარო, ჯეფერსონ ფარფანი, ანდრეს მენდოსა და სანტიაგო აკასიეტე. ფედერაციაში განაცხადეს, რომ მათ ბიჭების ღრეობის დამადასტურებელი ვიდეომასალა აქვთ, რომელიც სასტუმროს სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.

"მათ ჩემი რეპუტაცია შებღალეს - დაიჩივნა პიზარომ - არადა, იმ ღრეობაში მონაწილეობა არ მიმიღია. მეტიც, არც კი ვიცოდი, რომ სასტუმროში მსგავსი რამ მოხდა".

ბრაზილიასთან მატჩი 1:1 დასრულდა, სამი დღის შემდეგ კი პერუმ ეკვადორთან 1:5 წააგო, როცა ჯეფერსონ ფარფანი ძირითად შემადგენლობაში აღარ ათამაშეს.

1982 წლის შემდეგ პერუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ გასულა და ამ ქვეყნის სანაკრებო ფეხბურთში ბოლო დროს სკანდალები მომრავლდა. ნაკრების მოთამაშეები გაზეთებმა თუ ტელეკამერებმა დიმპიტაურში არაერთხელ გამოიჭირეს, პიზარო კი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ეროვნულ გუნდში დაბრუნებას ლამობს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com