|
|
"სარბიელი"
ბადრი ხასაია: ათენის წილს პეკინში ჩავდებ
ლექსო მაისურაძე
ფინეთში დამთავრებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა - ბადრი ხასაიამ (84 კგ) ვერცხლის, ხოლო რამაზ ნოზაძემ (96 კგ) ბრინჯაოსი. რა შეხსენება უნდა, მაგრამ მაინც ხასაიამ ფინალში თურქ მსოფლიოს ჩემპიონ ნაზმი ავლუხასთან დაპირისპირება თითქმის ვერ შეძლო, ხალიჩაზე გასულმა რამდენიმე წამში მკლავის გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო და საკუთარი ინიციატივით ჭიდაობა შეწყვიტა. ტრავმა კი ნახევარფინალში გერმანელ იან ფამერთან ორთაბრძოლაში მიიღო. სპორტი ასეთია, ტრავმა მისი შემადგენელი ნაწილია და ამ პრობლემას სპორტსმენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ალბათ ვერც ასცდება. თუმცა აქაც ორი მომენტია, არიან ადამიანები, რომელთაც მთელი კარიერა ისე ჩაუმთავრებიათ, ტრავმას ხელი არაფერში შეუშლია. და პირიქით, არის ხალხი, რომელთაც ტრავმების გამო საკუთარი ნიჭის სრულად წარმოჩენა ვერ მოუხერხებიათ. იქნებ ძალიან შორიდან მოვუარეთ, მაგრამ როდესაც ბადრი ხასაიაზე საუბრობ, სხვანაირად არც გამოდის. დაგვეთანხმებით, რომ არა გაუთავებელი ტრავმები, მისი პოტენციის პატრონს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო... გუშინ ბადრი ხასაია რედაქციაში გვესტუმრა და განვლილ ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მოახლოებულ ოლიმპიადაზე გვესაუბრა. - თავიდან იმას ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებაზე სათანადოდ ვერ მოვემზადე. ამის მიზეზი გაციება იყო, გრიპის ვირუსი შემხვდა და ნორმალურად ვარჯიშის საშუალება არ მომცა. საკონტროლო შეხვედრებს ამის გამო ჯანზე ვერ შევხვდი, ამ ორთაბრძოლების მერე კი უფრო დავსუსტდი და ბოლომდე ძალების აღდგენა გამიჭირდა. ჩემპიონატზე ისე მოხდა, რომ კენჭისყრამ ორი სერიოზული მოწინააღმდეგე ბადის მეორე ნახევარში მოახვედრა. თურქ და შვედ მოჭიდავეს ვგულისხობ - ავლუხა, ვისაც ფინალში შევხვდი და აბრაჰამიანი. თავიდან შედარებით სუსტ მეტოქეებს კი ვეჭიდავე, მაგრამ ერთი მომენტია, ეს სპორტი ყველგან განვითარდა და იოლად ვეღარავის აჯობებ. ნებისმიერი მეტოქის დამარცხებისთვის მაქსიმუმი უნდა გაიღო. იმის გამო, რომ ფიზიკურად კარგად ვერ ვიყავი მომზადებული, გადავწყვიტე, ფონს კლასის ხარჯზე გავსულიყავი. დგომში ტემპს არ ვუმატებდი და ბოლო წამებზე აგრესიის ხარჯზე სასურველ შედეგს ვიღებდი. პარტერში კი უპირატესობა ჩემკენ იყო. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა. მეოთხედფინალში იტალიელი ანდრეა მიგუცი შედარებით რთულად დასაძლევი აღმოჩნდა. პერიოდი 4:0 მოვუგე, მეორეშიც 3:0 ვჩაგრავდი, მაგრამ მერე პარტერში იმან ხელის ჩავლება დააგვიანა და ადრე ჩავწექი. მსაჯმა გაფრთხილება მომცა, იტალიელმა გამითანაბრა კიდეც და პერიოდსაც მიგებდა, თუმც წამის მეასედებში მოვახერხე მომგებიანი ქულის აღება. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში გერმანელს გადავეყარე. ისე, კლასით და გამოცდილებით მას იტალიელი ჯობდა. თავიდან 4:0 ვუგებდი და პარტერში რომ ჩამაყენეს, ვიფიქრე, თითო-თითო ქულას დავუთმობ, არც დავიღლები ზედმეტად და თან სამი ქულაც რომ ამიღოს, მაინც ვიგებ-მეთქი. მაგრამ ალბათ ჩემი ხასიათის ბრალია, ერთი ქულა რომ ამიღო, ისევ გავჯიუტდი, დათმობა აღარ ვისურვე და სწორედ ამ დროს კუნთის გაწყვეტის ხმა მომესმა. შესვენებაზე გავედი და ექიმმა ზურა კახაბრიშვილმა ჩუმად გამიყინა ხელი, გერმანელს რომ არ დაენახა. ბეგი დარჩიამაც სათანადო დარიგებები მომცა. მეორე პერიოდი 1:2 წავაგე, დგომში არაფერი გამომდიოდა. მივხვდი, გამარჯვებას მხოლდ იმ შემთხვევაში მივაღწევდი, თუ ხასიათის სიმტკიცეს გამოვამჟღავნებდი. გერმანელიც გათამამდა, იფიქრა, ვჩაგრავო, ის კი არ იცოდა, კუნთგაწყვეტილი რომ ვჭიდაობდი. ყველამ იცის, რომ ჩოქბჯენიდან წამოდგომა რთულია, ჩემი შანსი კი ეს იყო და მიხარია, რომ შევძელი. პრინციპში მედალი მაშინ მოვიპოვე, წაგების შემთხვევაში ბრინჯაოსთვის ვეღარ ვიბრძოლებდი. - ფინალში ჭიდაობა ტრავმირებულმა გადაწყვიტე. რატომ გარისკე და მწვრთნელებმა რა გითხრეს შეხვედრის წინ. - მწვრთნელებმა მითხრეს, რომ თავად უნდა გადამეწყვიტა. რადგან ოლიმპიადა მოდის და გარისკვა არ ღირდა. ვიფიქრე - გავალ, ვიჭიდავებ და ამის მიხედვით, მოვიქცევი-თქო. თურქმა დაინახა ჩემი პრობლემა და მარჯვენა ხელზე მომაწვა. მივხვდი ვეღარ ვიჭიდავებდი და ბრძოლა შევწყვიტე. ტრავმა სერიოზული არ არის და 2-3 კვირაში დატვირთვებს დავიწყებ. - ოლიმპიადა შორს აღარ არის, რა კომპონენტებია მთავარი იქ წარმატების მისაღწევად და ვის თვლი კონკურენტებად. - ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია - ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ტაქტიკური მზადყოფნა, ასევე კარგ ტურნირებზე გამოსვლა ოლიმპიადამდე. ამ მხრივ ბოლო დროს პრობლემა არ მქონდა. ასევე სპორტული იღბალი და ღვთის ნება... კონკურენტები კი რამოდენიმე მყავს სერიოზული, რუსი ალექსეი მიშინი, შვედი აბრაჰამიანი, ეგვიპტელი, თურქი... ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დარჩენილ დროში კარგად მოვემზადო და იქ თითოეული ბრძოლის მოსაგებად ბოლომდე დავიხარჯო. ის რაც წინა ოლიმპიადაში უნდა ჩამედო, პეკინისას დაემატება და მთელი ენერგიით და ჯიგრით ვიჭიდავებ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |