|
|
"სარბიელი"
ინდი-მინდიანა ატლანტას კარს მოადგნენ
ივანე კობიაშვილი
"ატლანტა ჰოქსს" ინდიანაპოლში მაგრად შეურყიეს საპლეიოფო ეიფორიით გამოვსებული თავი. იქაურმა "ინდიანა პეისერზმა", რომელიც ალბათ უპლეიოფოდ დარჩება, ისეთ დღეში ჩააგდო ჯორჯიიდან ნასტუმრები მეტოქე, ალბათ ამ მატჩის მნახველმა უკლებლივ ყველა გუშემატკივარმა იფიქრა - აფსუს, რა გუნდი რჩება პლეი ოფს გარეთ, და ვინ მოხვდა იქო. ახლა, როცა რეგულარულ ჩემპიონატში 4-4 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი და "ატლანტა" ორი მოგებით უსწრებს "ინდიანას", ამ უკანასკნელის ფაცი-ფუცი კარის გაჯახუნების მცდელობას ჰგავს, მაგრამ ინდიარელები მაინც ცდილობენ თავისას. აგერ, ზედიზედ მესამედ მოიგეს, ბოლო 12 მეტოქიდან კი 9 დასცეს. "იმას ვნატრობთ, ნეტავ, წინ 10 თამაში გვქონდეს-მეთქი, მაშინ ხომ დროში აღარ ჩავიწვებოდით" - მოგების მიუხედავად, დანაღვლივანებული ჩანდა "პეისერზის" ვეტერანი ჯერმენ ონილი. ის, რომ "ინდიანა" კარგი გუნდია, "ატლანტას" ლიდერმა ჯო ჯონსონმაც ალალად აღიარა - ჯიგრიანი ბიჭები არიან, შემადგენლობით არა და შემართებით კი გვჯობნიან, არც მიკვირს, სამი მეოთხედი 21 ქულით რომ მოგვიგესო. პლეი ოფის მერვე, უკანასკნელი ვიზისთვის ფიცხელი ბრძოლა გრძელდება დასავლეთშიც. 10 აპრილს "გოლდენ სტეიტი" და "დენვერი" უშუალოდ ერთმანეთს ეტაკებიან და ეს ჯახი იქნება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს, მანამდე კი 8 აპრილს ორივემ მოიგო. "გოლდენ სტეიტმა" შინ "საკრამენტო" დაამარცხა, შეხვედრაში, რომელშიც ორივე გუნდმა გმირული უარი თქვა საკუთარი კალათის დაცვაზე და გამარჯვების ძიება მეტოქის ნახევარზე დაიწყო. ბაირონ დევისისგან დაქოქილმა გსტეიტელებმა პირველ მეოთხედში 39 ქულა ჩაუგდეს "საკრამენტოს", მეორეში 38 მოიხვეჭეს, მესამეში ცოტა დააგდეს ტემპი - დაიღლებოდნენ, აბა, რა იქნებოდა - მაგრამ მეოთხეში ღონე მოიკრიბეს და 37 ქულაც ამ 12-წუთეულში გაახერხეს, რის შემდეგაც საბოლოოდ 140 ქულა გამოუვიდათ და სეზონის პირადი რეკორდიც შერჩათ გამარჯვებასთან ერთად. "დენვერმაც" ბლომად ქულები დააყარა ასევე უმოტივაციო "საკრამენტოს", თუმც "გოლდენ სტეიტის" მსგავსად, უხვი მოსავალი ვერ აიღო. არა უშავს, მოგებითაც კმაყოფილი დარჩა, მით უფრო, რომ ამ დღეებში ორი თამაში წააგო საკუთარი სისულელით. ასევე ქულუხვი გამოვიდა პლეიოფდაბევებული "ფინიქსის" გასეირნება მემფისში. არიზონელებს აკლდათ ზემძიმე შაკილ ონილი, ვისაც პლეი ოფისთვის ასვენებენ, ასე რომ, "მემფისს" ძველებურად ლაღად შეუტიეს და 52-ე გამარჯვება ჩაიწერეს. სხვათა შორის, ახლა "ფინიქსი" დასავლეთში მეექვსე კია, მაგრამ მესამეობის კარგი შანსი აქვს, თუ წყნარი ოკეანის დივიზიონში "ლეიკერსს" გაასწრებს და იქ პირველობით დასავლეთის გაერთიანებულ ცხრილში უფრო მაღალ ადგილს დაიბევებს. აგერ, "ლეიკერსმაც" დაბარებულივით წააგო "პორტლენდთან" და "ფინიქსს" ერთი მოგებითღა აღემატება. არც ისაა გამორიცხული, დასავლეთის ლიდერიც შეიცვალოს - ჯერაც პირველია "ნიუ ორლეანი", თუმც მან შინ წააგო "იუტასთან" და ეს პირველობაც შეერყა, ამასთან ფსიქოლოგური დარტყმაც მიიღო, მხოლოდ 66 ქულა შეაკოწიწა და სეზონის პირად ანტირეკორდს გამოჰკრა ხელი.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |