|
|
"სარბიელი"
სასახლე და ვარსკვლავები: ქართულმა ოლ სტარმა ინტერნეტში შეიარა
ირაკლი პერტაია
არ არსებობს პროფესიული საკალათბურთო ლიგა, სადაც ყველა ვარსკვლავის მატჩი, ეგრეთ წოდებული ოლ სტარი არ იმართებოდეს. საქარველოში უკვე ორი წელია, სუპერლიგა შეიქმნა და ვარსკვლავების მატჩის ორგანიზებაც შედარებით მოწესრიგდა. თავდაპირველად ოლ სტარისთვის მოთამაშეებს მწვრთნელები ირჩევდნენ, შემდეგ საქმეში გულშემატკივრები ჩაერთვნენ და სუპერლიგის შექმნის შემდეგ გამოკითხვამ ვირტუალურ სფეროში გადაინაცვლა. კალათბურთის ფედერაციის ვებგვერზე (პიაყპუ) დღეიდან ოლ სტარისთვის მოთამაშეთა შერჩევა დაიწყო. თითოეულ გულშემატკივარს ყოველდღე ერთხელ ექნება ხმის მიცემის საშუალება და საბოლოოდ მეტოქე გუნდების ხუთეულებიც გამოვლინდება, ხოლო სათადარიგოებს მწვრთნელები დაასახელებენ. მეტოქეების ცხრილში კენტ და ლუწ ადგილებზე მყოფი გუნდებიდან აირჩევენ მეოთხე წრის გათვალისწინებით. ანუ "ენერჯი-ინვესტიდან", "ავიამშენიდან" და "დინამოდან" შერჩეულები ერთ გუნდში იქნებიან, ხოლო თსუ-დან, "ვითადან" და "მაკაბიდან" არჩეულები - მეორეში. მწვრთნელებიც ასეთივე პრინციპით შეირჩა: პირველ ვარსკვლავურ გუნდს მეოთხე წრის ლიდერის, "ენერჯი-ინვესტის" თავკაცი დავით უსტიაშვილი გაუძღვება, ხოლო მეორეს - თსუ-ს დამრიგებელი ნუგზარ ჭეიშვილი. შარშანდელისგან განსხვავებით, მეოლსტარე მწვრთნელებს ასისტენტები არ ეყოლებათ. ყველა ვარსკვლავის მატჩის პარალელურად ტრადიციულად სხვადახსვა საინტერესო კონკურსები გაიმართება - სამქულიანების, ჩატენვებსა და გამთამაშებელთა შეჯიბრი. გუშინ კლუბ "12 მაგიდაში" საინტერნეტო-საოლსტარო გამოკითხვის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მომავალი მეტოქე გუნდების მწვრთნელები და შარშანდელი ოლ სტარის კონკურსებში გამარჯვებულები დაესწრნენ. დავით უსტიაშვილი: "ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება გამოვა და მაყურებელიც მრავლად მოვა. შარშანდელმა ოლ სტარმა კარგ ვითარებაში ჩაიარა და ეს ალბათ უკეთესი იქნება." ნუგზარ ჭეიშვილი: "პირველად არ ვმონაწილეობ ყველა ვარსკვლავის მატჩში და ძალიანაც მომწონს ეს წამოწყება. ამგვარი მატჩები საკმაოდ საინტერესოა. მართალია, სპორტული მხარე ნაკლებია, ვიდრე სანახაობრივი, მაგრამ ეს ხომ შოუა და რაც უფრო ლამაზად ითამაშებენ მატჩის მონაწილეები, მით უფრო ესიამოვნება გულშემატკივარს. კარგია, რომ თამაში და კონკურსები სპორტის სასახლეში იმართება. იმედი მაქვს, ამ სანახაობას მაყურებელი არ მოაკლდება." კოტე ტუღუში, სამქულიანების კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული: "ვეცდები, ტიტული დავიცვა და ერთხელაც დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ კარგი მსროლელი ვარ. შარშან რომ გავიმარჯვე, ნოდარ ბერაიამ ნახევარფინალში 23 ქულა დააგროვა, რაც სუპერლიგის ოლ სტარების რეკორდია. მე ამ შედეგის გაუმჯობესებას არ ვეშურები, მთავარია, გავიმარჯვო და ჩაგდებულების ოდენობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს." დავით ბარბაქაძე, ჩატენვების კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული: "ჯერ არ ვიცი, როგორი ილეთით ჩავტენი ბურთებს, მაგრამ ვეცდები, რამე ორიგინალური მოვიფიქრო. შარშან სკამებს გადავახტი, ადამიანიც დავაყენე ფარქვეშ და ისე ჩავტენე, მაგრამ ჯერ თავში არაფერი მომდის. ოლ სტარამდე საკმაო დროა და ვიფიქრებ." დავით არწივიძე, გამთამაშებელთა შეჯიბრის შარშანდელი გამარჯვებული: "წლეულს გაცილებით მეტი კონკურენცია იქნება უკანახაზელთა შეჯიბრში. საკმაოდ სწრაფი მიშა ჩიტაშვილი დაგვემატა, ლაშა გამყრელიძეც იქნება და ვფიქრობ, საინტერესო კონკურსი უნდა გამოვიდეს." ოლ სტარს 3 მაისს, 15 საათზე სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |