|
|
"სარბიელი"
ცეცხლი ყინულზე
დღეიდან ჩრდილო ამერიკის ყინულიან მოედნებზე ნამდვილი ცეცხლი დაინთება და 2007-08 წლების რჩეული 16 გუნდი სტენლის თასისთვის გააჩაღებს დაუნდობელ ბრძოლას. სწორედ ახლა იწყება ულევი ემოციებით, ჟინითა და ადრენალინით გაჟღენთილი სანახაობა, რომელიც უახლოესი ორი თვის განმავლობაში ჰოკეის ყველა ჭეშმარიტი გულშემატკივრის გემოვნებას დაატკბობს. სანამ ყველაფერი ეს დაწყებულა, ურიგო არ იქნება, თვალი გადავავლოთ ჩამოყალიბებულ საპლეიფო წყვილებს, გავიხსენოთ, როგორ ითამაშეს გუნდებმა ერთმანეთთან რეგულარულ სეზონში და რა შანსებით ხვდებიან მომავალ დაპირისპირებებს. კახა ლომაშვილი მონრეალი (1) მთ ბოსტონი (8)ნჰლ-ის ორი უძველესი გუნდის დაპირისპირება მართლაც დიდ ინტერესს იწვევს და ჩრდილოეთ ამერიკაშიც ამ ჯახს ხელების ფშვნეტით ელიან. თუმც სულ სხვა განწყობაზე არიან ბოსოტონელები, რომლებსაც სწორედ ამ მეტოქესთან თამაში ისტორიულადაც ეუხერხულებათ და მაინდამაინც ვერც ბოლო ხანებში ჩაუქობენ. ასე განსაჯეთ - "ბოსტონი" "მონრეალს" პლეი ოფში აქამდე 30-ჯერ შეხვდა და მხოლოდ 7-ჯერ იმარჯვა. "დათვებმა" ვერც წლევანდელ რეგულარულში გააწყვეს რამე "კანადიენსთან" და ყველა შეხვედრა დათმეს. "მონრეალის" ერთადერთ სუსტ წეტილად მეკარის გამოუცდელობა მოჩანს. თუმც ამ გუნდს ახალბედა კიპერებთან ერთად სტენლის თასი მოგება კარგად გამოსდის - ასე იყო კენ დრაიდენისა და პატრიკ რუას დროს და ეგებ კერი პრაისმაც იყოჩაღოს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული "ბოსტონის" კარის დარაჯ ტიმ ტომასზეც, რომლის სასწაულების გარეშეც "დათვებს" წარმატების მინიმალური შანსი ექნებათ. ვინ გავა: "მონრეალი" (4:1)
პიტსბურგი (2) მთ ოტავა (7) შურისძიების დროც მოსულა. ყოველ შეხვედრაში ასე უყურებენ ამ სერიას ახალგაზრდა პიტსბურგულები, რომლებსაც ჯერაც არ დავიწყებიათ "ოტავასგან" შარშან ამავე ეტაპზე ნატკიცი ალიყური. თუმც შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად უეჭველი ფავორიტის რანგში "პინგვინები" იქნებიან. წლეულს "პიტსბურგი" მხოლოდ ერთი კაცის, სიდნი კროსბის გუნდი აღარ არის. "პატარა სიდს" წლეულს ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, რის გამოც კაპიტანი იდეალურად ჩაანაცვლა ევგენი მალკინმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ კანადელ ვუნდერკინდზე ნაკლები დონის მოთამაშე არ არის. ამას დაამატეთ დედლაინზე შეძენილი სნაიპერი მარიან ჰოსა და... სწორედ ამიტომ "ანტარქტიდის ბინადრები" მხოლოდ ამ სერიის კი არა, მთლიანად კონფერენციის მოგების უმთავრეს პრეტენდენტებად მიიჩნევიან. "ოტავაში" კი ყველაფერი თავდაყირა დგას - "სენატორებმა" სეზონის მიწურული ამაზრზენად ითამაშეს და კინაღამ პლეი ოფს მიღმა დარჩნენ. არეულობა და უთანხმოებაა გუნდის შიგნითაც. თანაც კანადელებს სერიის დაწყება ერთ-ერთ წამყვან ცენტრ მაიკ ფიშერისა და უდავო ლიდერ და კაპიტან დანიელ ალფრედსონის გარეშე მოუწევთ. ვინ გავა: "პიტსბურგი" (4:2) ვაშინგტონი (3) მთ ფილადელფია (6)ამ სერიის ბედი ერთ კაცზე - რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირსა და სნაიპერ ალექსანდერ ოვეჩკინზე იქნება დამოკიდებული. თუ რუსი სუპერვარსკვლავი, რომელსაც დებიუტი ექნება პლეი ოფში, ისევე იჩაუქებს, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, მაშინ "ვაშინგტონს" შანსი აქვს. თუ "მფრინავებმა" შეძლეს მისი გაკავება, მაშინ დედაქალაქურ გუნდს მაგრად გაუჭირდება. "ფილადელფიას" უფრო თანაბარი შემადგენლობა ჰყავს და ალბათ ფავორიტადაც ის უნდა ჩაითვალოს, რადგანაც პლეი ოფში პიროვნებები კი არა, გუნდები იმარჯვებენ. ვინ გავა: "ფილადელფია" (4:2) ნიუ ჯერსი (4) მთ რეინჯერსი (5) ურთიერთშეხვდრები რეგულარულ ჩემპიონატში: 1-7 საერთოდ "ნიუ ჯერსი" წლების განმავლობაში მანჰეტენური გუნდის სასჯელად ითვლებოდა, რადგანაც "ეშმაკები" ძალიან ხშირად ამწარებდნენ "რეინჯერებს". თუმც წლეულს ნიუიორკულმა გუნდმა ისწავლა უხერხულ მეტოქესთან თამაში და ამიტომაც ამ წყვილში ფავორიტად მიიჩნევა. "რეინჯერსს" მეტოქეზე გაცილებით სახელიანი და სოლიდური შემადგენლობა ჰყავს, თან ფორმაში შევიდა კაპიტანი იარომირ იაგრიც. მარტინ ბროოდი, რა თქმა უნდა, დიდი მეკარეა, მაგრამ საეჭვოა, რაიმე შეცვლოს ძალთა განლაგებაში. ვინ გავა: "რეინჯერსი" (4:2)
დეტროიტი (1) მთ ნეშვილი (8) ურთიერთშეხვდრები რეგულარულ ჩემპიონატში: 5-3 "დეტროიტმა" ბოლო ექვს სეზონში მეოთხედ მოიგო "პრეზიდენტის თასი", რაც რეგულარული ჩემპიონატის საუკთესო გუნდს გადაეცემა და ეს თავისთავად ბევრზე მეტყველებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩრდილოეთ ამერიკაში კიდევ ბევრს შეაქვს ეჭვი "წითელფრთიანთა" სიძლიერეში და მათ პლეი ოფიდან ნაადრევ გამოვარდნას უწინასწარმეტყველებს. ასეთი მიდგომა აწყობს მიჩიგანელთა დამრგებელ მაიკ ბებკოკს, რომელმაც მხოლოდ ეს თქვა - ყველაფერს ყინულზე დაგანახვებთო. "დეტროიტი" მაინც უეჭველ ფავორიტად მოჩანს. "ნეშვილისთვის", რომელმაც გასულ ზაფხულს თავისი ლიდერები ჩამოარიგა, პლეი ოფში მოხვედრაც დიდი მიღწევაა, მაგრამ საეჭვოა, "მტაცებლებმა" ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს რამე დაუპირისპირონ. ვინ გავა: "დეტროიტი" (4:1) სან ხოსე (2) მთ კალგარი (7)
ურთიერთშეხვდრები რეგულარულ ჩემპიონატში: 2-2 ამ წყვილში, როგორც არც ერთ დანარჩენში, მნიშვნელოვანი იქნება მეკარეთა თამაში. აქ ბევრს გადაწყვეტს "ზვიგენი" ევგენი ნაბოკივისა და "ალი" მიკა კიპრუსოფის დაპირისპირება. ისე, ეს სერია ყველაზე დამაინტირგებელია, რადგანაც ორივე გუნდი ძალისმიერი სტილის მიმდევარია. ამიტომაც აქ უამრავ ორთაბრძოლასა და ჩაკეტილ ჰოკეის უნდა ველოდოთ. "სან ხოსეს" ძალიან დასჭირდება ლიდერ ჯო ტონრტონის ჩაუქობა - ეს ბიჭი აქამდე პლეი ოფში "იკარგებოდა" და თუ ახლაც სხვის ზურგს ამოეფარა, ჯერომ იგინლა და კომპანია "ზვიგენებს" ნელ ცეცხლზე შებრაწავენ. ვინ გავა: "სან ხოსე" (4:3)
მინესოტა (3) მთ კოლორადო (6) ურთიერთშეხვდრები რეგულარულ ჩემპიონატში: 5-3
ამ წყვილში მჯობნის გამოვლენა ფრიად გაჭირდება. ერთის მხრივ გამოცდილი "კოლორადოა", რომელმაც დედლაინზე ადამ ფუტისა და პეტერ ფორსბერგის დამატებით თითქმის ისეთივე სახე მიიღო, როგორიც ლოკაუტამდე ჰქონდა. დენვერელებისთვის ყველაზე მნიშნელოვანი ტრავმების თავიდან აცილება იქნება, რადგანაც იმავე ფორსბერგსა და კაპიტან ჯო საკიკს წლის დიდი ნაწილი ისედაც ლაზარეთში აქვთ გატარებული. თუ დაზიანებებს გადაურჩნენ, "კოლორადოს" შეუძლია ამ ბარიერის გადალახვა. მეორე მხარეს კი "მინესოტა" დგას, რომელსაც ლიგის ალბათ ყველაზე ცბიერი მწვრნელი ჟაკ ლემერი თავკაცობს, მას კი ყოველთვის შეუძლია ისეთი სიახლის გამოგონება, რომ ნებისმიერი მეტოქე პირში ჩალაგამოვლებულ დატოვოს. ვინ გავა: "კოლორადო" (4:3)
ანაჰაიმი (4) მთ დალასი (5) ურთიერთშეხვდრები რეგულარულ ჩემპიონატში: 3-5 მოქმედმა ჩემპიონმა "ანაჰაიმმა" სეზონი მძიმედ კი დაიწყო, მაგრამ ჯერ ლაზარეთის დაცარიელების, შემდეგ კი პენსიიდან ყინულზე სკოტ ნიდერმაიერისა და ტეემუ სელიანეს დაბრუნებისთანავე გუნდმა ისევ დაიწყო თავისი ზეძალისმიერი თამაშის ჩვენება და ამიტომ ბევრის აზრით ტიტულის შენარჩუნების მშვენიერი შანსიც აქვს. მით უმეტეს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, "იხვებს" მატება აქვთ წინაც და უკანაც - დაცვას მეტ შნაიდერი გააძლიერებს, ხოლო შეტევას ტოდ ბერტუცი ალესავს. ძალიან ცოტა ჩამოდის ფონს "დალასზე", რომელმაც, მართალია, "იხვებს" 8-დან 5 შეხვედრა მოუგო, მაგრამ ტეხასელებმა ძირითადად მაშინ იხეირეს, როცა ჩემპიონები განახევრებული შემადგენლობით თამაშობდნენ. "დალასის" წარმატება თითქმის მთლიანად მათ ტუტუც მეკარე მარტი ტურკოზე იქნება დამოკიდებული, რომელიც აქამდე პლეი ოფში კარგი თამაშით არასოდეს გამოირჩეოდა. თუმც ვინ იცის, ეგებ ტურკომ წლეულს მაინც გაამრთლოს მასზე გაცემული ავანსები და დაამტკიცოს, რომ მართლაც სერიოზული მეკარეა. ვინ გავა: "ანაჰაიმი" (4:2)
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |