"სარბიელი"
# 80
ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2008 წელი

გახსოვდეს ბოლნისი, უფრთხილდი ბორჯომს! ვინ მასწავლა ეს ოხერი ქართული

ილია ნანობაშვილი

ნამატჩევს "ამერის" ერთ-ერთი გულშემატკივარი ხარობდა, ხომ ნახეთ, როგორ გავაგდებინე ის ზანგიო. ლაპარაკია 36-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე და გვაპატიონ გოლების ავტორებმა თუ ასისტენტებმა, მატჩის აღწერა "დინამოდან" "ბორჯომში" განათხოვრებულ კამერუნელ ლეგიონერ დონალდ დერინგ ჯუსთან დაკავშირებული მომენტიდან უნდა დავიწყოთ...

"ბორჯომი" აუტს აწოდებდა, გლდანელთა იმ ქომაგმა დერინგს შეურაცხყოფა მიაყენა და მერე აგსლ ნწგ-ც მიაძახა, კამერუნელმა ლეგიონერმა კი სამასოიანი ქართული სიტყვით დაუბრუნა ხურდა და ტრიბუნები აახარხარა. ისე, მაგარია, არა. გლდანელი ინგლისურად იგინებოდა, კამერუნელმა კი ქართულად უპასუხა.

...თამაში გაგრძელდა, მაგრამ სადღაც ერთი წუთის შემდეგ მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი მთავარ არბიტრ ლევან ფანიაშვილთან მივიდა და გინებების გაცვლა-გამოცვლა აცნობა, ფანიაშვილმაც წითელი ბარათი აუფრიალა დერინგს, რასაც ბორჯომელთა გააფთრება მოჰყვა, ფეხბურთელებს ძლივს აკავებდნენ. სათადარიგოთა სკამიდან "ბორჯომის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გიორგი სუხიაშვილი გამოვარდა და ხარიტონაშვილს უწმაწური სიტყვები უთხრა.

ერთს შევნიშნავთ: სადაც პრინციპულობაა, ფანიაშვილს სუხიაშვილიც უნდა გაეძევებინა.

თამაში 5-10 წუთით შეჩერდა, "ამერის" გულშემატკივრებმა და "ბორჯომის" ფეხბურთელებმაც მწარე-მწარე უთხრეს ერთმანეთს, ხოლო სტუმართა ქომაგებმა დაიქადნეს, არ გინდათ ბორჯომში ჩამოსვლა. ნახავთ, რა დღეს დაგაყრითო...

დერინგი კი... ალბათ ძალიან ნანობდა, რატომ ვისწავლე უწმაწური ქართული სიტყვებიო. სახეზე ხელები აეფარა და ტიროდა, ძლივს გაიყვანეს მინდვრიდან. ნამატჩევსაც ცხადია, უხასიათოდ იყო, თავისთვის ჩაფიქრებული იდგა გასახდელთან.

ამ ეპიზოდამდე "ამერი" 1:0 იგებდა: კობა შალამბერიძის ჩაწოდებულ კუთხურს თენგიზ ჩიკვილაძემ ცაცია შეაგება, ბორჯომელთა მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი მეორე კუთხეში იდგა, ბურთმა კი გიორგი გუგავას ფეხებს შუა გაიარა და მართალია, სტუმართა ნახევარმცველი ცდილობდა ბურთის კარიდან გამოტანას, მაგრამ გვიანღა იყო - ბურთს ხაზი გადაკვეთილი ჰქონდა - ეს მე-13 წუთზე მოხდა, მანამდე კი გიორგი ჩიხრაძის გუნდს ორი შანსი გაუცუდდა: გრიგოლ დოლიძის ფლანგიდან შესრიალებულს, ეგებ, გოლი მოჰყოლოდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე აღნიშნა, მერე კი შალამბერიძის ჩაწოდებულს რევაზ გოცირიძე ოდნავ ვერ მისწვდა.

...წვიმის მიუხედავად, კარგი თამაში გამოვიდა, მომენტებით მდიდარი და დაძაბული. სტუმრებს ტრავმის გამო გიორგი მეგრელაძე და შოთა გრიგალაშვილი აკლდათ, "ამერი" კი საღ-სალამათი შემადგენლობით გახლდათ და როგორც მასპინძელს და წყვილის ფავორიტს შეეფერება, უპირატესობას დაეუფლა. მაგრამ "ბორჯომი" არ იყო ისეთი ჯაბანი, როგორც წლეულს ჩემპიონატის მატჩებში ვნახეთ - დერინგი, ირაკლი ჩირიკაშვილი და ვალერი ბოლქვაძე სისწრაფის ხარჯზე რამდენჯერმე გასცდნენ "ამერის" დაცვას და მარტო პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი შექმნეს: ჩირიკაშვილმა სულაც სამჯერ დაარტყა სახიფათო ჯარიმა და ერთხელ თუ კარს ააცილა, ორჯერ ლადო ნადირაშვილს გააჭიმინა ნახტომი. დერინგსაც ნადირაშვილმა არ გაატანინა, როცა კამერუნელი მახვილი კუთხიდან მოულოდნელად ურტყამდა. აშკარად ჩანდა: "ყვითლების" დაცვას უჭირდა სწრაფი ბორჯომელი შემტევების მოთოკვა.

თუმცა "ამერი" შედარებით კლასიანად თამაშობდა, დოლიძეს მარჯვენა ფლანგზე წაუვიდა თამაში და აკი მშვენიერი შანსიც უბოძა გოცირიძეს, რომელმაც ათიოდ მეტრიდან კარს გადააცილა. ტაიმის მიწურულს მომხდარმა ინციდენტმა კი "ბორჯომი" რაღაცნაირად გააბრაზა, თითო გოჯისთვის სასიცოცხლოდ იბრძოდნენ და აკი, მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებთან გუბემ მშვენიერი შანსიც მისცათ: ბურთი გაჩერდა, ბოლქვაძემ ისარგებლა და პირისპირ დარჩა ნადირაშვილთან, თავზეც გადაუგდო ბურთი, მაგრამ ვერ მოზომა - ოდნავ გადააცილა კარს. არადა, "ამერს" ამ წუთებში სხვანაირად თამაში მართებდა, "ბორჯომი" დერინგის ინციდენტით გაცეცხლებული იყო, ნერვიულობდნენ და ამის გამოყენება მალევე შეიძლებოდა.

შესვენების შემდეგ სტუმრებს ერთხანს არ ეტყობოდათ სიბრაზე, ისე აგრესიულად ვეღარ თამაშობდნენ, "ამერმა" კი შეცდომებს უკლო და ოცწუთიან მონაკვეთში სასურველი ფორა შეიქმნა. 52-ე წუთზე დოლიძის ჩაწოდებულს გოცირიძემ შეაგება თავური და 2:0 გახადა, 72-ეზე კი "ბორჯომის" ყოფილმა კაპიტანმა გიორგი მემარნიშვილმა გაიტანა - მარჯვნიდან აწვდიდა, მაგრამ სეფიაშვილს ხელებიდან საკუთარ კარში აეჭრა ბურთი და 3:0.

მემარნიშვილი, ისევე, როგორც გიორგი ელბაქიძე, შეცვლაზე შეიყვანა ჩიხრაძემ და ორივემ გაუმართლა. მსაჯის დამატებულ წუთებზე ელბაქიძემ 25 მეტრიდან ისეთი დააქუხა ცხრიანში, თქვენი მოწონებული... და მივულოცოთ "ამერისა" და საქართველოს ახალგაზრდულთა ნაკრების მარცხენა მცველს - ეს მისი პირველი გოლი იყო კარიერაში.

იცოცხლეთ, კარგია ოთხი გოლი, მაგრამ ელბაქიძის გატანამდე "ბორჯომმა" საპასუხოდ მატჩისთვის იმედის ნაპერწკალისა შეაგდო: "ამერის" დაცვა აიბნა, ჩირიკაშვილმა გიორგი დავითნიძეს გაასწრო და ჩიკვილაძესაც ასწრებდა, რითაც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა დაქაჩეს და ჯარიმა დაუნიშნა, პლუს ჩიკვილაძეს მეორე ყვითელი უჩვენა მსაჯმა და გააძევა.

ბორჯომელთაგან საუკეთესო ჩირიკაშვილმა ცოცხალ კედელს შემოატარა ბურთი და ხარიხას გაარტყა, იქიდან გადმოვარდნილს კი "ამერის" ვერც ერთი მცველი ვერ მისწვდა და გივი ჩხეტიანმა საგოლედ დაამატა - "ბორჯომი" გოლს გამორჩა სტუმრად, ესე იგი, ფინალში გასვლის შანსი შერჩა... შედარებით მეტი შანსი ექნებოდა, ელბაქიძის ზღაპრული დარტყმული რომ არა. აშკარად ჩანდა, მეორე ნახევარში თორელები მასპინძელთა დაცვის შეცდომებზე იყვნენ ჩასაფრებულნი, საცქერი თამაში გამოვიდა - მაყურებელი რომ არ მოიწყენდა, ისეთი...

ვლადიმერ ხაჩიძე: თამაში პირველი ტაიმის ბოლოს გაფუჭდა. ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს - მართალია, ჯუსმა შეიგინა, მაგრამ მანამდე რასისტულ გამოხტომას ჰქონდა ადგილი და რატომღაც ამაზე არავინ რეაგირებს. რასიზმს მთელ მსოფლიოში ებრძვიან. ამ ეპიზოდიდან დაულაგებელი თამაში წავიდა...

...ძნელია, მაგრამ მაინც ვეცდებით ფინალში გასვლას, სოსო გრიშიკაშვილს ტრავმა აქვს და ამიტომ ვერ ვათამაშე, გიორგი ფეიქრიშვილი კი "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის შემდეგ "ბორჯომის" ფეხბურთელი აღარ არის.

გიორგი ჩიხრაძე: მძიმე თამაში იყო. სათასო მატჩების სპეციფიკა განსხვავებულია, აქ ყველას აქვს შანსი. ჩვენთვის შეღავათი არ ყოფილა, რომ "ბორჯომს" საკადრო პრობლემები ჰქონდა, რადგან მეტოქის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დიდი ბრძოლა გაგვიმართეს...

...რაც შეეხება ინციდენტს, ყველამ გაიგონა ჯუსის გამონათქვამი და მსაჯმაც წესები დაიცვა. ამასთან, ვიდეოფირზე ვნახავ ჩიკვილაძის გაძევების მომენტს - ეჭვი მაქვს, რომ მსაჯი შეცდა...

...შარშან ასევე თასის ნახევარფინალში შინ "სიონს" 3:0 მოვუგეთ, მაგრამ იქ კინაღამ გავვარდით, ასეთი შემთხვევა ჭკუის სასწავლებელია, ამიტომ, ჯერ არ ვთვლით, რომ ფინალში ვართ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com