"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

ფეხბურთი, როგორც კინო: ამ მატჩს მკვლელობაღა აკლდა

ვაჟა ხუციშვილი

ეს იყო მატჩი, რომლის მნახველსაც, შესაძლოა, ოდესმე თავისი სახელი დაავიწყდეს, მაგრამ ის, რაც "კოლიზეუმზე" ნახა, გონებიდან არასოდეს წაეშლება.

ჰოლივუდურ თრილერთა სცენარისტებს არც კი დაესიზმრებათ სიუჟეტი, რომელიც "ხეტაფემ" და "ბაიერნმა" ერთად დაწერეს და ფეხბურთის ისტორიის წიგნში შეიტანეს.

გაძევება, გოლები ბოლო წუთზე, ერთი მეკარის შეცდომა, მეორის წასვლა შეტევაში, აურაცხელი განიავებული საგოლე მომენტი, "ბაიერნის" სიხარული და "ხეტაფეს" ცრემლები.

"მიქელ ლაუდრუპის გუნდი დღეს საუცხოო იყო - თქვა ოტმარ ჰიცფელდა - აშკარად ჩვენზე უკეთ ითამაშეს და ქებას იმსახურებენ".

"ასეთი დრამატული მატჩისა და დასანანი მარცხის შემდეგ გონზე მოსვლა ძნელია, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები იამაყებენ - განაცხადა ლაუდრუპმა - დე ლა რედის გაძევებისა და უჩეს ტრავმის მიუხედავად, გათანაბრებაც მოვახერხეთ და ძირითად დროშიც შეგვეძლო მოგება. 114 წუთი ათი კაცით ვითამაშეთ, რაც გმირობის ტოლფასია. ამ მატჩით "ხეტაფე" ისტორიაში შევიდა".

მასპინძლებს ტრავმის გამო ცენტრალური მცველი აკლდათ და მწვრთნელმა მის ადგილას საყრდენი რუბენ დე ლა რედი გაამწესა.

დე ლა რედს მცველობა დიდხანს არ დასცალდა, რადგან მე-6 წუთზე მიროსლავ კლოზეს წაქცევა მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმად შეუფასა და გააძევა.

საჯარიმო დარტყმა ფრანკ რიბერიმ შეასრულა, ბურთი ძელს მოხვდა, ტონიმ დამატებაზე შეაგდო, მაგრამ თამაშგარე იყო.

იტალიელს დე ლა რედის გაძევებამდეც ჰქონდა მომენტი, თუმც ბურთი კარის ხაზზე მოიგერიეს.

ამის მერე კრისტიან ლელს მართებდა გატანა და მეკარე პატო აბონდანსიერის შეცდომით ვერ ისარგებლა.

კოზმინ კონტრამ კი გამაოგნებელი რეიდი მოაწყო მარჯვენა ფლანგეზე - საკუთარი საჯარიმოდან მეტოქისაში აღმოჩნდა და კანს გაუტანა.

"ბაიერნმა" ათკაცა მასპინძლებს პირველ ტაიმში ვერაფერი დააკლო და მეორეშიც არ ეტყობოდა "ხეტაფეს", რომ რიცხობრივ უმცირესობაში იყო. სტუმრებმა ამაოდ უტრიალეს დამხვდურთა საჯარიმოს და კარშიც აბდაუბდა ურტყეს.

ის, რაც შეცვლაზე შესულ ბრაულიოს დაემართა, საცოდაობა იყო. კანთან პირისპირ გავიდა, გასცდა და ცარიელი კარის წინ რომ დარჩა, ფეხი გაუცურდა და წაიქცა.

89-წუთზე კი რიბერის ფეხი არ არევია, ისე ამოარტყა წიხლი ბურთს და აბონდანსიერისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ჩასვა.

დამატებითი დრო დაიწყო თუ არა, "ბაიერნს" უმალ ორი გოლი გაუტანეს. კასკერომ საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაჰკრა და ძელგოლი გამოუვიდა, ბრაულიომ კი ახლოდან შეაგდო. ათკაცა გუნდისგან ეს მართლა სასწაული იყო.

ხეტაფელთა არგენტინელ მეკარეს კარგა ხანს არ დაავიწყდება მისთვის ავადსახსენებელი მომენტი, როცა დამატებული დროის მეორე ტაიმში ბურთი ხელიდან გაუვარდა და ტონის გოლი აჩუქა.

გასახსენებელი ექნება ოლივერ კანსაც, რადგან 38 წლის მეკარე ბოლო წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და ამხელა კაცის ძუნძული ლუკა ტონიმ დააფასა - თავით მესამე შეაგდო და "ბაიერნი" ნახევარფინალში გაიყვანა.

ტონის ყოფილმა გუნდმა "ფიორენტინამ" ამ სეზონში მეორე ჰოლანდიური კლუბი დაიფრინა - პირველ ეტაპზე "გრონინგენი" პენალტებით დაამარცხა, პსვ-სთან კი საქმე პენალტებამდე არ მიიყვანა.

ადრიან მუტუმ თითქმის 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით გაიტანა და მანვე მეორე ტაიმში სხვაობა ორამდე გაზარდა. მე-80 წუთზე სტუმართა კარში პენალტი დანიშნეს, მაგრამ სიმონსის დარტყმული ფრეიმ მოიგერია.

"დიდებულად ვითამაშეთ - თქვა ჩეზარე პრანდელიმ - ბიჭებს ვარჯიშზევე ეტყობოდათ, რომ აუცილებლად მოიგებდნენ და ამიტომ სრულიად მშვიდად ვიყავი".

ლისაბონში კი რეინჯერსელმა სტივენ უიტეკერმა დაახლოებით ისეთი გოლი შეაგდო, როგორიც კონტრამ "ბაიერნთან": ნახევარ მოედანზე მეტი გაიარა და საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა, შორ კუთხეში გაიტანა. "ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლი იყო" - ხარობდა ნამატჩევს შოტლანდიელი. ხოლო უიტეკერამდე "სპორტინგი" ჟან-კლოდ დარშევილმა დაამწუხრა, როცა მეკარსთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გახსნა.

პსვ-ელი სიმონსის მსგავსად, "ზენიტის" კაპიტანს ანატოლი ტიმოშჩუკს "ლევერკუზენის" მეკარე ადლერმა 85-ე წუთზე პენალტი აუღო და გერმანული კლუბი უეფას თასს გამარჯვებით დაემშვიდობა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com