|
|
"სარბიელი"
საქართველო საინტერესო თავსა და ბოლოშია...
მიხეილ ჟორჟოლიანი
ჩემპიონატი დინამო - ამერით იწყება საქართველოს მე-19 ეროვნული ჩემპიონატის დამთავრებამდე ექვსი ტური დარჩა და, უნდა ითქვას, ჩემპიონატი ახლა იწყება - ამიერიდან ფავორიტები დაერევიან ერთმანეთს. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა ქვედა ნაწილშიც - ორ ქვედალიგურ და ერთ საპლეიაუტო ადგილისთვის თავის ასაცილებლად ოთხი გუნდი იბრძვის და ვინ იქნება ერთი ბედნიერი, ესეც ამ ექვს ტურში გაირკვევა. 21-ე ტური დღეს-ხვალ გაიმართება და უკეთესი იქნება, ცხრილის თავიდან და ტურის ბოლოდან დავიწყოთ - ნახსენები ფავორიტების დუელი კვირასაა. "დინამო" - "ამერი" განსხვავებული ამბიციებით ხვდებიან ტურს და მოედანზე მხოლოდ ერთი მიზანი ექნებათ - მოგება. ეს კი "ეროვნულზე" კარგ სანახაობას გვპირდება. მცირე სტატისტიკაც: აქამდე ეს გუნდები ჩემპიონატსა და თასზე 7-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. უპირატესობა "ამერის" მხარესაა - 3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ბურთები - 8:7. განვლილ მატჩებში ყველაზე მეტი ამერელ სულიკო დავითაშვილს და აწ უკვე ექსდინამოელ სანდრო იაშვილს გაუტანიათ - 4-4. "დინამოს" იაშვილი აღარ ჰყავს. სამაგიეროდ, გუნდში არიან მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირები, მიხეილ ხუციშვილი და გიორგი მერებაშვილი. ამას დავუმატოთ ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი მათე ვაწაძე და გაბონის ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ აკირემი - ძლიერი შემტევი ძალაა, თუმც ერთია, აფრიკელი ჯერ სათანადო ფორმაში არ არის. სოლიდურია "ამერის" შემტევი ხაზიც - დავითაშვილს პარტნიორებად ბოლო ხანს ათამაშებული რევაზ გოცირიძე, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე დიმიტრი ტატანაშვილი და ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე. ამათგან ძირითადში ორი იქნება. თანაბარია გუნდების დანარჩენი პოზიციებიც - დაცვა და ნახევარდაცვა გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა შერწყმული. ერთია, "დინამოსთვის" სამი ქულა უფრო ძვირფასია, ვიდრე მეტოქისთვის და "ამერიც" უფრო თავისუფლად იქნება, ვიდრე შებოჭილი. კვირას კიდევ ერთი საინტერესო მატჩია: "ბორჯომი" - "ზესტაფონი". იმერლები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ჩემპიონობის შანსს, თანაც ბოლო დროს მძლავრად ათამაშდნენ, თუმც "ბორჯომი" შინ ძნელად წასაქცევი მეტოქეა. კურორტელები შესუსტებული შემადგენლობით დაუხვდებიან მეტოქეს. ჯერაც საეჭვოა გიორგი მეგრელაძის თამაში, კამერუნელი დონალდ დერინგ ჯუსი კი დისკვალიფიკაციის გამო გამოაკლდებათ. მესამე საკვირაო მატჩი დიდი ვერაფერი უნდა გამოდგეს. უფრო სწორად, რუსთავის "ოლიმპს" გორის "დილას" ძლევა არ უნდა გაუჭირდეს. მართალია, მოტივაცია რუსთაველებს ნაკლები აქვთ, მაგრამ "დილასთან" ქულების განიავება ნამდვილად არ ეკადრებათ. "დილას" ელიტაში დარჩენის თეორიული შანსი კი შერჩენია, მაგრამ უახლოეს ტურებში დაქვეითების ოფიციალურად "გაფორმებას" უფრო მოახერხებს. დასარჩენად მებრძოლი ოთხეულიდან ყველანი შაბათს ითამაშებენ. საინტერესოა, რომ ერთმანეთს არც ერთი არ შეხვდება და ყველა თავის თავსა და მეტოქის წაფორხილებაზე იქნება დამოკიდებული. ყველაზე რთული მატჩი ცხინვალის "სპარტაკს" ელის - ჩემპიონობისთვის შემართული "ვიტ ჯორჯია" ესტუმრება. ცხინვალელთა ყველაზე სუსტი წერტილი თავდასხმაა - გუნდს 20 მატჩში 8 ბურთი აქვს გატანილი და ეს "დილასთან" ერთად ჩემპიონატის უარესი მაჩვენებელია. როგორ მოახერხებს გოლის გატანას "ვიტ ჯორჯიას" მობილურ დაცვასთან, ცოტა ძნელი სათქმელია. მასპინძელთათვის ფრე ალბათ საუკეთესო შედეგი იქნება. ცხინვალელთათვის ქულა კი იქნება მისაღები, მაგრამ, აბა, "ვიტ ჯორჯიას" ჰკითხეთ... ვეტერინარებისთვის ახლა ქულების დაკარგვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვინძლო მეორედ გაჩემპიონება კარგა ხანს ვერც შეძლოს. გვაოცებს თბილისის "ლოკომოტივის" თამაში. ვაკელებმა სამი ისეთი ფეხბურთელი დაიმატეს, გუნდს უკეთესი შედეგი უნდა ჰქონდეს, მაგრამ კვლავაც უჭირს ქულების მოგროვება. გასულ ტურში ლევან ცქიტიშვილი ფორმაში ვერ იყო და რა იქნება ბოლნისში, არავინ იცის. ბოლნისელები კი მშვიდად არიან - ელიტაში ოფიციალურად დასარჩენად ქულების მინიმალური რაოდენობა სჭირდებათ და რაც მალე მოიპოვებენ ამას, მით უკეთესი მათთვის. "მერანი" და "ბათუმი" დებიუტანტებს უმასპინძლებენ. დებიუტანტი უძახეთ და, ახალციხის "მესხეთისა" და ზუგდიდის "მგლების" საპირველსეზონო თამაში ურიგო არ ყოფილა - ორივე გუნდმა ამ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასე რომ, მასპინძლებს იოლი ქულები არ ელით...
დისკვალიფიცირებულნი "სიონი": მიხეილ კობაური, გიორგი კვიტაიშვილი; "სპარტაკი": ირაკლი ძარია, რევაზ ქემოკლიძე; "დილა": ზურაბ ხორგუაშვილი (მთავარი მწვრთნელი), რევაზ ხაჭაპურიძე (მწვრთნელი), ზურაბ კარტოზია (ადმინისტრატორი), ალბერტ საყვარელიძე, ნოდარ ნოზაძე, ლაშა რეხვიაშვილი, გიორგი მიქაძე; "ლოკომოტივი": გიორგი ალავერდაშვილი; "ბორჯომი": გიორგი ქავთარაძე, დონალდ დერინგ ჯუსი, გიორგი კაკუბავა, გიორგი სუხიაშვილი (მწვრთნელი); "დინამო": მილოშ კრშკო; "ამერი": თენგიზ ჩიკვილაძე; "ზესტაფონი": ჟილვან ვიეირა, გიორგი ხიდეშელი, უჩა ლობჟანიძე.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |