|
|
"სარბიელი"
ვენგერის კალენდარი: ბენიტესი, ბენიტესი,
ვაჟა ხუციშვილი
ბენიტესი და ფერგიუსონი"ლივერპულთან" ზედიზედ სამი მატჩის შემდეგ, "არსენალს" ამოსუნთქვის საშუალება არ ექნება, რადგან ხვალ "მანჩესტერს" სტუმრად დაეჯახება. "მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ, მაგრამ პრემიერლიგის მოგების მცირე შანსს ებღაუჭებიან. თებერვალში ასოციაციის თასზე არსენ ვენგერის გუნდი "ოლდ ტრეფორდზე" 0:4 დამარცხდა, ხოლო ჩემპიონატის პირველ წრეში "მანჩესტერს" შინ 2:2 დაუზავდა. "არსენალს" ვერ დაეხმარება მატიე ფლამინი, რომელიც "ლივერპულთან" მატჩში დაშავდა და სამკვირიანი უქმობა მოუწევს. ნახევარდაცვაში მის ადგილს ჟილბერტუ სილვა დაიკავებს. ტრავმირებულია მარჯვენა მცველი ბაქარი სანიაც, ხოლო რობინ ვან პერსი ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება. მასპინძლებს ნემანია ვიდიჩი დააკლდებათ, ხოლო რიო ფერდინანდის თამაში საეჭვოა. კრიშტიანუ რონალდუმ "რომასთან" მატჩი გამოტოვა და დასვენებული შეუტევს. გუნდებს შორის სხვაობა ექვსი ქულაა. თუ "მანჩესტერი" მოიგებს, "მეთოფეებს" საბოლოოდ ჩამოიცილებს საჩემპიონო გზიდან, ხოლო თუ "არსენალი" იმარჯვებს, პრემიერლიგის ფინიში კიდევ უფრო საინტერესო გამოვა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლით გალაღებული "ლივერპული" "ბლექბერნს" უმასპინძლებს. ამ გუნდების ბოლო ექვს მატჩში ხუთ გოლზე მეტი არ გასულა და ეგებ ახლა მაინც აღარ იძუნწონ. დამხვდურებს დისკვალიფიცირებული ჰყავთ მასკერანო, ხოლო პენანტი, კიუელი და აგერი კი ტრავმირებულნი არიან. "ბლექბერნში" დევიდ დანის, სტივენ რიდისა და ჯეისონ რობერტსის თამაშია საეჭვო. მათი ამბავი მატჩის დღეს გადაწყდება. "ტოტენჰემმა" ბოლო სამ სეზონში "მიდლსბროს" შინ სამჯერვე მოუგო და ამ სერიის გაგრძელებას ეცდება. ხუანდე რამოსის გუნდმა ორი კვირის წინ სახლში "ნიუკასლისგან" 1:4 იგემა და ამ სირცხვილს ჩამორეცხვა სჭირდება. მასპინძელთა მეკარე პოლ რობინსონი საამმატჩოდ გამოკეთებას ალბათ ვერ მოასწრებს. ტრავმის გამო "ტოტენჰემს" იუნეს ქაბული, ლედლი კინგი და გარეთ ბეილიც ვერ დაეხმარებიან. "მიდლსბრომ" გასულ ტურში "მანჩესტერთან" 2:2 ითამაშა და აფონსუ ალვეშმა დუბლი შეასრულა. ბრაზილიელი დღესაც ძირითად შემადგენლობაში იქნება, რადგან პრემიერლიგურ გოლებს გემო გაუგო. იგი იანვარში "ჰერენვენიდან" იყიდეს და "მანჩესტერამდე" არ გაეტანა. "მიდლსბროს" დაშავებული რობერტ ჰუთი და აჰმედ ჰოსამ მიდო დააკლდებიან, მოჰამედ შავქი და ფაბიო როშემბაკი კი გამოჯანმრთელდნენ. "პორტსმუთმა" სამშაბათს სტუმრად "ვესტ ჰემი" დაამარცხა და დღეს "ნიუკასლს" დაუხვდება, რომელიც გვიან, მაგრამ კევინ კიგანის ხელში გაცოცხლდა და ზედიზედ სამი მატჩი მოიგო. უფრო უკეთეს ფორმაში არიან პორტელები, რადგან ბოლო რვა ტურში ექვსჯერ იმარჯვეს და მეექვსე ადგილს უწიეს. მასპინძლებს, შესაძლოა, ჯონ უტაკა და ლასანა დიარა დააკლდეთ, ხოლო "ნიუკასლს" ემრე, კასაპა, მილნერი, გივენი და კარი ვერ დაეხმარებიან.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |