"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

ამინდმა ხერხი წაგვართვა, ღონით უნდა მოვიგოთ! რუსები ექსპერიმენტს იტარებენ

ბაჩო სვანიძე

დღეს, ჩვენი დროით, დილის თერთმეტი საათი რომ იქნება, შუაგულ ციმბირში საქართველო რუსეთს 2007-08 წლების ერთა თასის მთავარ მატჩში დაეჯახება. ძვლების ღრჭიალი, აბა, იქ იქნება, თუ იქნება. ამ თამაშს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გვიჩვენებს.

გუშინ კრასნოიარსკში დავურეკეთ ჩვენების ყოფილ, აწ კი რუსეთის ნაკრების მწვრთნელ კლოდ სორელს, რომელსაც ორი დღის წინაც ვესაუბრეთ...

- როდესაც პირველად დაგირეკეთ, თქვით, რომ ფავორიტი საქართველოა. კვლავ ასე ფიქრობთ.

- დიახ, ამ ეტაპზე ჩემი გუნდი მეტოქეზე სუსტია. შარშანდელს აქეთ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ და მცირე პროგრესიც გვაქვს, მაგრამ ეს საქართველოს დარ გუნდთან საკმარისი არ არის. ადრეც გითხარით და ახლაც ვამბობ, რომ საქართველო ერთა თასის ყველაზე ძლიერი ნაკრებია.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებში ახლა თაობათა ცვლაა.

- საქართველოს ნაკრებს დიდი რეზერვი გააჩნია, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს გუნდზე. არც ქართველების დარი ინდივიდუალისტები მყავს. ასე რომ, ფავორიტი საქართველოა.

- თქვენ შერკინებით თამაში გიყვართ, ახლაც ასე იქნება.

- ჩვენ მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ გვაქვს - რაც გამოგვივა, იმას გავაკეთებთ. ისე კი, შერკინებაში ოთხი ახალბედა მოთამაშე მყავს, განსაკუთრებით მეორე და მესამე ხაზში გვაკლია გამოცდილი მორაგბეები. შეიძლება ითქვას, ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშებთ.

- გმადლობთ, საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ, ოღონდ არა საქართველოსთან...

- კარგად მესმის თქვენი. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვიყავი და ვიცი, რასაც ნიშნავს თქვენთვის რუსეთის დამარცხება.

კლოდ სორელის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთნელ ლევან ცაბაძეს ვესაუბრეთ...

- ითამაშებს თუ არა გიორგი შკინინი.

- სამწუხაროდ, გიორგიმ ტრავმა ვერ მოირჩინა. განაცხადში კი ჩავწერთ, მაგრამ ვერ შეძლებს თამაშს და ოცდაერთი მორაგბით მოგვიწევს რუსეთთან დაპირისპირება. შკინინის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ახალბედა სანდრო თოდუა დაიკავებს. სხვა არჩევანი არც გვაქვს.

- ამან ძალიან აგირიათ გეგმები.

- შკინინი გამოცდილი მორაგბეა, თანაც ახლა, როდესაც რამდენიმე ძირითადი მორაგბე გვაკლია, გოშას გამოკლება სერიოზული დანაკლისია. თუმც გეგმები უფრო სხვა ფაქტორმა აგვირია. გუშინ კი გამოიდარა, მაგრამ ღამით გაწვიმდა და მთელი დღეა, არ გადაუღია. პროგნოზით, მატჩისას თოვლნარევი წვიმაც იქნება, რაც მოედანს აატალახებს და ხელდახელ კომბინაციური თამაში არ გამოვა. არადა, სწორედ ეს მიგვაჩნდა ჩვენს კოზირად. ახლა კი, ისევ შერკინებით, ჯაჯგურით მოგვიწევს რუსეთის დამარცხება.

- ამაში დარწმუნებული ხართ.

- ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ, ამას არც მეტოქე უარყოფს. უნდა მოვიგოთ, ამისი მჯერა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com