|
|
"სარბიელი"
ყველას უნდა ლიგაში: მეორე ადგილი ზოგისთვის პირველია
ვაჟა ხუციშვილი
"ხეტაფესთან" 120 წუთიანი ბრძოლის შემდეგ, "ბაიერნს" ხვალ "დორტმუნდთან" ჭიდაობაც მოუწევს. მართალია, დორტმუნდელები ცხრილის ქვედა ნახევარში არიან, მაგრამ ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია და გამონაკლისი ალბათ ამჯერადაც არ იქნება. მიუნხენელებს დისკვალიფიკაციის გამო მარკ ვან ბომელი დააკლდებათ, ვან ბუიტენი და ჰამით ალთინთოფი კი ტრავმირებულნი არიან. "დორტმუნდს" ჯანზე ჰყავს ყველა ფეხბურთელი, რომლებმაც წინა ტურში "ლევერკუზენს" 2:1 მოუგეს. ბრემენში და ლევერკუზენში ექვსქულიანი მატჩები გაიმართება. მეორე ადგილისთვის დიდი ომია გაჩაღებული, რადგან ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ მოხვედრის მსურველი ბევრია, საგზური კი ერთი. "ვერდერი" "შალკეს" უმასპინძლებს და თუ მოუგებს, გადაასწრებს. "ხუმარებს" უკვე ხუთი ტურია, არ წაუგიათ, "მუსიკოსებმა" კი ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ერთი კვირის წინ ბერლინში გამარჯვებით შეწყვიტეს. "ჰერტასთან" მატჩში გოლის გამტანი ტიმ ბოროვსკი ტრავმირებული იყო, მაგრამ მომჯობინდა და დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება. "აუცილებლად უნდა მივაყოლოთ მეორე მოგება, რაც ცხრილში მდგომარეობას საგრძნობლად გაგვიუმჯობესებს - თქვა ბოროვსკიმ - მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში ისევ გვსურს და საამისოდ მეორე დაგილი გვჭირდება". ეს მატჩი განსაკუთრებულია ვერდერელი მესუთ იოზილისთვის, რომელიც "შალკედან" "ვერდერში" ამ ზამთარს სკანდალით გადავიდა. თომას შააფმა "ჰერტასთან" შეხვედრის შემდეგ ბიჭი შეაქო და შესაძლოა, დღეს ძირითად შემადგენლობაში ათამაშოს. "შალკეს" ტრავმის გამო ივან რაკიტიჩი დააკლდება, ხოლო "ვერდერს" - დანიელ იენსენი. არანაკლები ჯახი გაიმართება ლევერკუზენში, სადაც ასევე მეორე ადგილის მაძიებლები შეხვდებიან. უეფას თასიდან გამოვარდნილი "ფარმაცევტები" არმინ ფეეს "შტუტგარტს" დაუხვდებიან, რომელსაც 16 თებერვლის აქეთ ბუნდესლიგაში არ წაუგია და რვა მატჩიდან ექვსი მოიგო. საპირისპირო სტატისტიკა აქვს "ლევერკუზენს" - ბოლო სამ ტურში დამარცხდა და მეექვსე ადგილზე ჩამოცოცდა. "შტუტგარტს" მეგოლე მარიო გომესი დააკლდება, ხოლო "ლევერკუზენს" - ნახევარმცველი ტრანკილო ბარნეტა. ზედიზედ სამი კვირაა, "ჰამბურგს" არ მოუგია, რის გამოც მეორე საფეხური "შალკემ" წაართვა. ჰუბ სტევენსის გუნდს დღეს სამი ქულის აღების კარგი შანსი აქვს, რადგან ბოლოადგილოსან "დუისბურგს" მასპინძლობს, თუმც "დუისბურგი" ის გუნდია, რომელმაც ორი ტურის უკან ბრემენში "ვერდერი" დაამარცხა. ჰამბურგელებს დისკვალიფიცირებული დავიდ იაროლიმი და იორის მატიისენი დააკლდებათ, ივიცა ოლიჩი კი ტრავმირებულია. 1 მარტის შემდეგ "ჰანოვერმა" მხოლოდ ერთხელ მოიგო და მიკე ჰანკეს დახმარებით ნავსის გატეხვას "აინტრახტთან" ეცდება. მეგოლე ჰანკემ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და დღეს ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. მასპინძლებს ჰანო ბალიტჩი, არნოლდ ბრუგინკი და ბენიამინ ლაუტი ჰყავთ დაშავებული, ხოლო "აინტრახტს" კირიაკოსი და ალექსანდრ მაიერი დააკლდება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |