|
|
"სარბიელი"
ავტობუსით და მატარებლით სანტიაგო ბერნაბეუზე
კოკი კანდელაკი
ლიდერი "რეალი" დისკვალიფიცირებული სერხიო რამოსისა და რამდენიმე დაშავებული წამყვანი მოთამაშის გარეშე მასპინძლობს ბოლოსწინაზე მყოფ "მურსიას", რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" არასოეს მოუგია. "პირველად არ ჩავდივარ "რეალის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" და ყოველ ჯერზე ამბობენ ხოლმე - კარის წინ ავტობუსი დააყენა და ყრუ დაცვაში იყო ჩაკეტილიო. თუმცა მე არ ვაპირებ კრიტიკოსებისთვის ყურის დაგდებას და უაზროდ გახსნილი ფეხბურთის თამაშს, თორემ არანაირი შანსი არ გვექნება. ავტობუსი კი არა, თუ საჭიროა, მატარებელიც უნდა დავაყენოთ კარის წინ, რათა მადრიდელებმა გოლები ვერ გაგვიტანონ" - თქვა "მურსიას" გამოცდილმა მწვრთნელმა ხავიერ კლემენტემ, რომელიც წარსულში "რეალსაც" თავკაცობდა და ესპანეთის ნაკრებსაც. "ბარსელონა" გადარჩენისთვის მებრძოლ "უელვას" სტუმრობს. კატალონიელები ახლა იდეალურ ფორმაში არ არიან, მაგრამ თუ ამ კლუბების ბოლო ურთიერთშეხვედრებს გადავხედავთ, გამოდის, რომ "უელვა" "ბარსასთვის" ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქეა. ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან ყველა კატალონიელებმა მოიგეს, თან ისე, რომ 16 გოლი გაიტანეს და ოდენ ერთი გაუშვეს. უფრო რთული გასვლა ელის "ვილიარეალს", რომელსაც წინა ტურში "სევილიასთან" მარცხით ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა. ამჯერად, ყვითლები "ალმერიას" სტუმრობენ. "ვილიარეალს" არ ეყოლება დიეგო გოდინი და ხუან კაპდევილა. ფაბრიციო ფუენტესის თამაში საეჭვოა. ხოლო "ალმერია" რუბენ პულიდოსა და ხუანიტოს მოისაკლისებს. სათუოა მიგელ ანხელ კორონას თამაში. უეფას თასიდან დრამატულად გავარდნილი "ხეტაფე" "სარაგოსას" მასპინძლობს, რომელსაც ქულები მართლაც ჰაერივით სჭირდება. თუმცა მიმდინარე სეზონში სარაგოსელებზე ცუდი შედეგი საგარეო მატჩებში მხოლოდ წყალწაღებულ "ლევანტეს" აქვს ნაჩვენები და ძნელი სავარაუდოა, სტუმრებმა რამე მოახერხონ. "ფეხბურთელები უხასიათოდ არიან. ისინი როგორმე უნდა გამოვაფხიზლოთ და მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ჯერ დაკარგული არაფერია, პრიმერაში ვართ და აქ დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებთ, მებრძოლი ხასიათი გვაქვს, რაც დაგვეხმარება" - აღნიშნა "სარაგოსას" პრეზიდენტმა ედუარდო ბანდრესმა. მადრიდის "ატლეტიკოს" ვალიადოლიდში აქვს გასვლა. ორივე გუნდის შემადგენლობას საბრძოლო ეთქმის. ასე რომ, თამაში წესით, საინტერესო და დაძაბული უნდა გამოვიდეს, ისევე როგორც "მალიორკა" - "სევილიასა" და "ესპანიოლი" - "ოსასუნას" დაპირისპირებები. გამოსარჩევი შეხვედრაა "მესტალიაზეც", სადაც თითქმის "სარაგოსასავით" სეზონის ჩამგდები და რთულად პროგნოზირებადი "ვალენსია" მიმდინარე ჩემპიონატის მოულოდნელობად შერაცხულ "რასინგს" მასპინძლობს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |