"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

მომომ გეგმები დააწყო

გიორგი კაკაბაძე

ტურინის "იუვენტუსში" ზამთარში გადასული მოჰამედ სისოკო გუნდს და სერია ფ-ს თავიდანვე ვერ მოერგო და კრიტიკოსებიც გაიჩინა, მაგრამ 23 წლის მალელი ნახევარმცველი ნელ-ნელა ათამაშდა და უკვე ფანების გულიც მოიგო.

"იუვე" ორი წელი მიტრიალებდა. აქ გადმოსვლა წინა სეზონის ბოლოსაც შემეძლო, მაგრამ "ლივერპულშიც" ბედნიერი ვიყავი და გადავწყვიტე, არ გამერისკა. მერე მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე ჩემს დასმას მოუხშირა, ტურინელებმა ინტერესი კვლავ გამოავლინეს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება და კონკრეტული მოლაპარაკებაც მქონდა, "ბებერ ქალბატონს" დავთანხმდი, რადგან "იუვენტუსი" ჩემთვის პირველ ადგილზე იდგა" - განმარტა სისოკომ.

"ბიანკონერის" მწვრთნელ კლაუდიო რანიერის მომოსთან ერთად "ვალენსიაშიც" უმუშავია და ამჟამად სისოკოს "იუვეს" ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ თვლის და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. თავად ფეხბურთელი კი ამბობს - პატრიკ ვიეირაზე ძლიერი უნდა გავხდეო.

"ვიეირამ "იუვენტუსზე" ბევრი კარგი რამ მითხრა და აქ გადმოსვლა მირჩია. ჩემმა ყოფილმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კი მითხრა, შეგიძლია, ვიეირაზე უკეთესი გახდეო. პატრიკმა უკვე დაამტკიცა, რომ დიდი ფეხბურთელია, ხოლო მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და პოტენციალი მაქვს, რატომაც არ უნდა გავხდე მასზე უკეთესი. ახლა ყველანი "მილანთან" მნიშვნელოვან მატჩზე ვფიქრობთ და მისთვის ვემზადებით. თუმცა წინა ტურში "პალერმოსთან" მარცხი ჯერ არ დაგვივიწყებია, რადგან ბრწყინვალედ ვითამაშეთ და მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ რას იზამ, ეს ფეხბურთია" - თქვა სისოკომ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com