"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

ნიჭიერები და იაფად: კასანომ, ჯანდაბას, 3 მილიონიო

გიორგი კაკაბაძე

გენუის "სამპდორიას" სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა, რომ ანტონიო კასანოსთან შეთანხმება მიღწეულია. კლუბს მისი შენარჩუნება სურდა, მშვენიერ ფორმაში მყოფ "ხულიგანს" კი "სტადიო მარასიზე" დარჩენა.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, კასანო ხელფასის განახევრებას დათანხმდა. იგი მზადაა, 2012 წლამდე სეზონში 3 მილიონ ევროს დაყაბულდეს. თუმცა ერთი და მთავარი პრობლემა კვლავ მოსაგვარებელია, "სამპდორია" ექსრომაელის მფლობელ მადრიდის "რეალს" ჯერ ვერ შეუთანხმდა.

კასანომ არაერთხელ თქვა საჯაროდ, "რეალში" აღარ დავბრუნდებიო. იგი გენუაში გადასვლის მერე, რეჟიმში ჩაჯდა, წონაში დაიკლო, ფორმა აღიდგინა და მართლაც კარგად თამაშობს. ერთი ესაა, ნერვების მოთოკვა კვლავ ვერ ისწავლა და ხშირად ჩვეული გამოხტომებით იქმნის მსაჯებთან პრობლემებს, მაგრამ ირწმუნება ამასაც გამოვასწორებო.

"ჩვენ კასანოსთან ერთად წინსვლა გვინდა, მას კი აქ დარჩენა სურს. ანტონიოს აგენტ ჯუზეპე ბოცოსთან არანაირი პრობლემა არ გვქონია, მაგრამ "რეალთან" მოლაპარაკებას ჯერ ვერ მივაღწიეთ და იმედია, ყველაფერი მოგვარდება, 10 ივნისამდე დრო ჯერ არის. რას ვაპირებთ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე. ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნას შევეცდებით, რომლებიც ძალიან ძვირები არ ეღირებიან. "მილანის" ალბერტო პალოსკის დიდი პოტენციალი აქვს და განვითარებისთვის მუდმივად თამაში სჭირდება" - თქვა მაროტამ.

"სამპდორიას" ძალიან კარგი სეზონი აქვს, გუნდი მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მეოთხე ადგილს 4 ქულით ჩამორჩება.

"ცხადია, გენუაში დიდი ეიფორია და სიხარულია ჩვენს მიერ მიღწეული შედეგების გამო. ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი გვაქვს და ეს კარგია. კომპლიმენტები ეკუთვნის კლუბის მწვრთნელ ვალტერ მაცარის და, რასაკვირველია, თავად ფეხბურთელებს" - დასძინა მაროტამ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com