"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

აი, ტურიც ამას ჰქვია...

გიორგი კაკაბაძე

შეხედეთ წყვილებს, მერე ცხრილს და თავადვე თქვით, რომელი მატჩი გამოვარჩიოთ - "იუვენტუსი" - "მილანი", "ინტერი" - "ფიორენტინა", "უდინეზე" - "რომა" თუ სიცილიური დერბი "პალერმოსა" და "კატანიას" შორის. გარდა ამისა, ექვსქულიანი მატჩებია "ლივორნო" - "კალიარისა" და "ემპოლი" - "პარმას" შორის.

ასეა თუ ისე, ყველაზე დიდ ინტერესს მაინც "იუვენტუსი" - "მილანი" იწვევს და ჩვენც ამით დავიწყოთ. ტურინელებს "როსონერისთვის" ჩემპიონატში შინ 5 წელია არ მოუგიათ და ნავსის გატეხვას ახლა შეეცდებიან. ცხადია, მილანელებიც ბოლომდე დაიხარჯებიან, მათ თუ ეს თამაში წააგეს, ოთხეულში მოხვედრა კიდევ უფრო გაუჭირდებათ და დიდი შანსია, ვეღარც შეძლონ.

"ბებერ ქალბატონს" არ ეყოლება ჟორჟე ანდრადე და კრისტიანო ძანეტი. პაველ ნედვედი, ჯონათან ძებინა და ნიკოლა ლეგროტალიე, ალბათ, თამაშს შეძლებენ.

"როსონერის" კი დაცვაში აქვს ძირითადი პრობლემები. კახა კალაძე და ალესანდრო ნესტა დისკვალიფიცირებულნი არიან, მასიმო ოდოს, მარეკ იანკულოვსკის, ჯუზეპე ფავალის, ემერსონსა და რონალდოს კი ტრავმები აქვთ.

"სამი დღე უქმობა მომიხდა, ახლა უკეთ ვარ და ყველანაირად ვეცდები ვითამაშო, მაგრამ თუ რამე შემაწუხებს, აჯობებს გზა რომელიმე თანაგუნდელს დავუთმო. ეს უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება. ნამდვილად მძიმე ბრძოლა გველის, ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვა და ცხადია, მოგებული ის დარჩება, ვინ შანსებს უკეთ გამოიყენებს" - განაცხადა ნედვედმა.

"იუვეს" ნახევარმცველი მაურო კამორანეზი: "ჩვენ მოსაგებად ვითამაშებთ, რაც თითქმის გაგვინაღდებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ისე კი, ამჟამად "მილანს" 6 ქულით ვუსწრებთ და ნებისმიერ შემთხვევაში მათზე უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით".

კახა კალაძე: "ძალიან ვწუხვარ, რომ დისკვალიფიკაციის გამო ამ მნიშვნელოვანი თამაშის გამოტოვება მიწევს, "იუვენტუსთან" შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია. არადა, "კალიარისთან" ყვითელ ბარათს არ ვიმსახურებდი. ტურინელები ჩინებულ ფორმაში არიან, მაგრამ ჩვენ მაინც მოსაგებად ვითამაშებთ. ჩემი თანაგუნდელები მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ."

"როსონერის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი: "იმედია, კარგი საყურებელი, ლამაზი მატჩი გამოვა და ვიმედოვნებ, "მილანი" იგივეს გააკეთებს, რასაც ბოლო წლებში აკეთებდა - ექნება უპირატესობა და დამსახურებულად მოიგებს".

"რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება შენი კარიერა მით უფრო გინდა ასეთ მატჩებში თამაში. "იუვე" "იუვეა", იგი ყოველთვის ჩვენი პრინცპიული მოწინაააღმდეგეა, "ინტერთან" ერთად. 80-იანი წლების ბოლოს "ნაპოლისთანაც" დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, მერე ცოტა ხანი, რომაულ კლუბებთანაც, მაგრამ ტურინელებთან შეხვედრა მაინც განსაკუთრებულია. ეს კი დამატებით ემოციას და სტიმულს გაძლევს" - თქვა "მილანის" ვეტერანმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ, რომელიც "ბებერი ქალბატონის" წინააღმდეგ ორმოცდამესამედ და შესაძლოა, ბოლოჯერ ითამაშებს.

უეფას თასის ნახევარფინალში გასვლით გახარებული "ფიორენტინა" დისკვალიფიცირებული მარკო დონადელის გარეშე სტუმრობს ლიდერ "ინტერს". სათუოა ფრანკო სემიოლის, მარიო ალბერტო სანტანასა და ტომაშ უიფალუშის თამაში.

კარგად იცით, რომ "ნერაძურის" არ ეყოლება სეზონის ბოლომდე დაშავებული ვალტერ სამუელი, ივან კორდობა და ოლივიე დაკური. ეჭვქვეშ დგას ზლატან იბრაჰიმოვიჩის, სეზარ აპარესიდოს, დავიდ სუაზოს, კრისტიან კივუსა და ნელსონ რივასის მინდორზე გასვლაც.

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილ "რომას" ახლა მთელი ყურადღება სკუდეტოსთვის ბრძოლაზე აქვს გადატანილი. დედაქალაქელებმა კარგად იციან, რომ თუ ჩემპიონობისთვის გაბრძოლებას მართლაც აპირებენ, "ფრიულიდან" 3 ქულა უნდა წაიღონ. არადა, შვიდმატჩიანი წაუგებელი სერიით თავმომწონე "უდინეზეს" თავისი გეგემები აქვს და მოგებაზე აქეთ ფიქრობს.

მასპინძლებს შემადგენლობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ. ჯანდომენიკო მესტო, კრისტიან ობოდო, კრისტიან საპატა და ფელიპე ვერ ითამაშებენ. ანტონიო კიმენტის, რაფაელე დე მარტონიოსა და ასმოა გიანის ტრავმები ნაკლებ მნიშვნელოვანია.

"რომას" მთავარი პრობლემა კი ფრანჩესკო ტოტოია. "გლადიატორთა" კაპიტნის თამაშის შანსები 50ჰ50-ზე ფასდება. ლუდოვიკ ჟიულის, ალბერტო აკვილანისა და მატეო ფერარის ტრავმები აწუხებთ და ასევე უცნობია ითამაშებენ თუ არა. მარკო კასეტი კი დისკვალიფიცირებულია.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კიდევ ერთი კლუბი "სამპდორია" ბოლოადგილოსან "რეჯინას" სტუმრობს. რეჯოკალაბრიელები ცხრილის ფსკერზე კი არიან, მაგრამ გადარჩენისთვის თავგამოდებით იბრძვიან და გენუელებს "სტადიო გრანილოზე" წესით ძალიან უნდა გაუჭირდეთ.

"რენცო ბარბერაზე" კი ერთმანეთს "პალერმო" და "კატანია" შეაკვდებიან. ვნახოთ, ვისი აჯობებს, "როზანეროში" ცოტა ხნის წინ დაბრუნებული სტეფანო კოლანტუონოსი თუ "ელეფანტიში" ახლახან მისული ვალტერ ძენგასი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com