"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს

ილია ნანობაშვილი

ლევან ყიფიანი, მიხეილ ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული, მამუკა კვარაცხელია, ზურაბ პეტრიაშვილი, გელა კეტაშვილი, დავით უგრელიძე - გუშინ მათ კაფე "მსოფლიო სპორტში" პრესკონფერენცია მოაწყვეს და გაერთიანება "ჩვენი ფეხბურთის" გეგმებზე ისაუბრეს.

რა შევიტყვეთ ახალი. პირველ რიგში ის, რომ 21 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მკვეთრად დაპირისპირებული კავშირი ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს ჭადრაკის სასახლეში მისვლას სთავაზობს - ერთად დავსახოთ გეგმა და მივაღწიოთ ფედერაციის პრეზიდენტობის რიგგარეშე არჩევნებს, ამოვიყვანოთ ქართული ფეხბურთი ჭაობიდანო. კიდევ ის შევიტყვეთ, რომ სამი ორგანიზაცია - "ჩვენი ფეხბურთი", "ქომაგთა ლიგის კავშირი" და "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს" - გაერთიანდა, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში კი "ჩვენი ფეხბურთიდან" კანდიდატი ყაველაშვილი იქნება...

ლევან ყიფიანი: "კატასტროფული მდგომარეობაა ქართულ ფეხბურთში და ამის ზერელედ ყურება აღარ შეიძლება. ფედერაციის ხელმძღვანელები შეგნებულად ქმნიან აჟიოტაჟს ეროვნულ ნაკრებში ძლიერი სპეციალისტის ჩამოყვანაზე და ამით ცდილობენ, მიჩქმალონ სხვა პრობლემები".

ზურაბ პეტრიაშვილი: "ფედერაცია ბოლო წუთამდე თავგამოდებით იცავდა კლაუს ტოპმიოლერს. საერთოდ, ისინი არავითარ ანალიზს არ აკეთებენ ცუდი შედეგის შემდეგ. ახლა ვან გაალიო, კატანეციო... მწვრთნელის ჩამოყვანაზე სპეციალურად გადააქვთ აქცენტი, ამ დროს კი ქუთაისსა და ფოთში ფეხბურთი ჩამკვდარია, "ბათუმი" და "დილა" სულს ღაფავენ. წარმოიდგინეთ, ჯერ სახელი წაართვეს გივი ჩოხელისა და სხვა დიდებული ქართველი ფეხბურთელების სახელობის ტურნირებს, ვითომ თვითონ ატარებენ ამ ტურნირებს, არადა, ბავშვების მშობლები აფინანსებენ. საქართველოს ჩემპიონატი იმ დონემდე დაეცა, რომ ფეხბურთელებს აქ თამაში არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, გარბიან თურქმენეთში, სომხეთში...

ვშიშობთ, ამის შემხედვარე, სახელმწიფოს გული არ აუცრუვდეს ფეხბურთზე".

მამუკა კვარაცხელია: "გახსოვთ, სანამ კლაუს ტოპმიოლერს ფედერაციის აღმასკომი დაამტკიცებდა, შიმშილობა დავიწყე, მაგრამ მაინც დაამტკიცეს. შიმშილობის დროს ერთ-ერთ მორაგბესთან 6 წლის შვილი მოვიდა და უთხრა, დღეს ფიზკულტურის გაკვეთილზე ფეხბურთი უნდა მეთამაშა, მაგრამ არ ვითამაშეო. მამა რომ შეეკითხა, რატომო, უპასუხა, ფეხბურთელები არაკაცები არიანო. აი, რა დღეში ვართ, ბავშვებსაც კი უცრუვდებათ გული ფეხბურთზე. როდემდე უნდა ვიყოთ ასე... გერმანელი მწვრთნელების ჩამოყვანის დღიდან ფედერაციამ უკვე 30 მილიონი დახარჯა. რაში.!"

გელა კატაშვილმა ფედერაციის ხელმძღვანელობაზე თქვა, ყოფილი ცნობილი ფეხბურთელებიდან იქ მხოლოდ რევაზ არველაძე და გრიგოლ ცაავა მუშაობენ, რაც ნონსენსიაო. როგორც შევიტყვეთ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში კეტაშვილი ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

გოჩა ჯამარაულმა კი "რუსთავი 2"-ის ეთერში "პრაიმ-ტაიმის" ინტერაქტივის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, გულშემატკივართა 90 პროცენტზე მეტი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებს ითხოვს, ნათლად ჩანს, რაც სურს ხალხსო.

ლევან ყიფიანმა ასევე ხაზი გაუსვა, ჩვენ აბსოლუტურად თავისუ-ფალნი ვართ პოლიტიკისგან, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს და არ გვინდა, ვინმემ ასეთი ჭორები ააგოროსო.

დღევანდელი ფედერაცია არჩეული კი არა, დანიშნულია - ესეც ითქვა პრესკონფერენციაზე.

კი მაგრამ, ფედერაციის თავკაცმა ნოდარ ახალკაცმა რამდენჯერმე მკაფიოდ თქვა, რიგგარეშე არჩევნების არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობსო.

"არსებობს! ეს არის გულშემატკივართა ხმა. ყველამ, ვისაც გული შესტკივა ქართულ ფეხბურთში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე, ხმა უნდა აიმაღლოს. ჩვენ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს. ფედერაციის აღმასკომში გამოჩნდებიან პიროვნებები, რომლებიც ამას დაეთანხმებიან" - თქვეს პრესკონფერენციის წამყვანებმა, დანარჩენი კი 21 აპრილს ჭადრაკის სასახლეში ვნახოთ...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com