"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

ავიამშენი ენერგიას ენერჯისთან შეიმოწმებს: უცხრილო ჯახი

ირაკლი პერტაია

ხვალ რეგულარული ჩემპიონატის მეხუთე წრე საინტერესო მატჩით მთავრდება - სუპერლიგის ლიდერი "ენერჯი-ინვესტი" მეორე ადგილზე მყოფ "ავიამშენს" დაუპირისპირდება. რეგულარულის მოგება პლეი ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობას იძლევა, მაგრამ იმხელა სხვაობაა რუსთაველებსა და მათ მდევარს შორის, რომ "ავიატორები" პირველობაზე არც ოცნებობენ. მიუხედავად ამისა, ხვალინდელი მატჩი მაინც საინტერესო იქნება, რაკი ორივე გუნდს საჩემპიონო ამბიცია აქვს და ერთმანეთში ჯერაც ბევრი რამ აქვთ გასარკვევი. არაა გამორიცხული, რომ ამ თამაშს უფრო დაზვერვითი ხასიათი ჰქონდეს და სპორტულმა მხარემ შედარებით უკანა პლანზე გადაინაცვლოს. საინტერესოა, რას ფიქრობენ მეტოქე გუნდების თავკაცები კარსმომდგარი მატჩის წინ და ჩვენც მოვუსმინოთ მათ...

ლევან მოსეშვილი

ლევან მოსეშვილი, "ავიამშენის" მთავარი მწვრთნელი:

- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რეგულარული ჩემპიონატის მოგება და საკუთარი მოედნის უპირატესობის მოპოვება, მაგრამ სეზონის დასაწყისში არაერთი უაზრო მატჩი წავაგეთ და "ენერჯი-ინვესტს" ახლა გვარიანი სხვაობით ჩამოვრჩებით. ამიტომაც ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე არ ვიბრძოლოთ. "ავიამშენმა" სეზონი ცუდად დაიწყო, რაც შეუთამაშებლობის ბრალი იყო, ახლა კი ამ მხრივ საქმე გამოვასწორეთ და გვსურს, ძალები ჩემპიონატის ლიდერთან მოვსინჯოთ...

თუკი რუსთაველებს დავამარცხებთ, პლეი ოფის საგზურს ვინაღდებთ, ალბათ აღარც მეოთხე ადგილზე გასვლის საფრთხე დაგვემუქრება და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, მეექვსე წრეში ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშებთ...

აქვე განვმარტოთ, რომ მეოთხე ადგილზე გასული გუნდი ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონსა და საკუთარი მოედნის უპირატესობის მქონე "ენერჯი-ინვესტს" ხვდება და "ავიამშენთან" ერთად რუსთაველებთან ფინალამდე დაჯახება არც ერთ კლუბს არ აწყობს.

- ტრავმირებულები არ გვყავს, თუმცა ერთხელაც აღვნიშნავ ძველ ამბავს, რომ ლუკა შანიძე და ლევან მოსეშვილი სეზონის ბოლომდე გამოგვაკლდნენ - ასე დაასრულა ხვალინდელ მატჩზე საუბარი "ავიამშენის" მთავარმა მწვრთნელმა.

დაახლოებით იგივე პათოსი იგრძნობა რუსთაველთა მწვრთნელის დავით უსტიაშვილის სიტყვებშიც:

- ამ მატჩს სატურნირო მნიშვნელობა თითქმის დაკარგული აქვს, რადგან ჩვენ არ ვართ ყველა მატჩის წამგებნი და მოპოვებული მყარი ლიდერობის დამთმობნი. "ავიამშენმა" მიმდინარე სეზონში ორჯერ მოგვიგო, აქედან ერთი რუსთავში, ქორქია-საკანდელიძის თასის ფინალში და თუკი დავმარცხებთ, ძალიან გაგვიხარდება. თუ ამას მოვახერხებთ, პირველ ადგილს ოფიციალურად გავინაღდებთ და ბოლო წრეში თამაშის დახვეწის საშუალება მოგვეცემა. სათადარიგოებს მეტ სათამაშო დროს მივცემ და დარჩენილ მატჩებს კომბინაციების სრულყოფისთვის გამოვიყენებთ.

ამ მატჩის გარდა ხვალ სპორტის სასახლეში არანაკლებ საინტერესო თამაშებია. ეს უფრო თსუ-სა და "ვითას" დაპირისპირებაზე ითქმის, რომლებიც ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან. მესამე შეხვედრაში კი აუტსაიდერი "მაკაბი" პლეი ოფში გასვლის ოდენ თეორიული შანსის მქონე "დინამოს" დაუპირისპირდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com