"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

მაინც დენვერი: ბრალი საბრალო გოლდენ სტეიტს

ივანე კობიაშვილი

10 აპრილი

გოლდენ სტეიტი 105:114 დენვერი

გოლდენ სტეიტი: ელისი (29), დევისი (20 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა), ჰარინგტონი (20), ჯეკსონი (18), ბიედრინსი (11 ქულა, 10 მოხსნა)

დენვერი: აივერსონი (33 ქულა, 9 პასი), ენტონი (25 ქულა, 9 მოხსნა, 5 ჩაჭრა), სმიტი (24)

დალასი 97:94 იუტა

დალასი: ნოვიცკი (32), ტერი (21), ბასი (14)

იუტა: ოქური (19 ქულა, 14 მოხსნა), უილიამსი (18 ქულა, 12 პასი)

კლიპერსი 78:106 ლეიკერსი

კლიპერსი: ბრენდი (23), ტორნტონი (22 ქულა, 10 მოხსნა)

ლეიკერსი: უოლტონი (18), ბრაიანტი (16), ოდომი (14 ქულა, 13 მოხსნა), გასოლი (13)

დასავლეთში პლეი ოფის მერვე და უკანასკნელი საგზურისთვის ბრძოლაში "დენვერმა" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, როცა სან ფრანცისკოში გასვლაზე დაამარცხა უშუალო კონკურენტი "გოლდენ სტეიტი" და ასე გამოასწორა რამდენიმე დღის წინ ორ უხეირო გუნდთან წაგებისას დაშვებული სულელური შეცდომა.

"ყველამ გადასარევად ვიცოდით, რა იდო ამ თამაშის პინაზე. შეიძლება, ვიღაცამ მაინც წამოაყრანტალოს, ეს რიგითი მატჩი იყოო, მაგრამ თავადაც მიხვდება, რომ სისულელეს ამბობს - თავხედობამდე კმაყოფილი ჩანდა გამარჯვებულთა ლიდერი ალენ აივერსონი ნამატჩევს - ჩვენთვისაც და ჩვენი მეტოქეებისთვისაც ეს იყო სეზონის მატჩი, ჩვენ ვივარგეთ, იმათ კი ვერა."

ამგვარად, "გოლდენ სტეიტი" პლეი ოფს გარეთ რჩება და ძალიან დაგენანება, თუ ბოროტი ადამიანი არ ხარ. დონ ნელსონის გუნდს თამაშების თითქმის 60 პროცენტი აქვს მოგებული, აღმოსავლეთის ბინადარი რომ ყოფილიყო, ამ მაჩვენებლით პლეი ოფშიც რიხინით გავიდოდა და ოთხ საუკეთესოს შორისაც დაიკავებდა ადგილს, მაგრამ მისდა საუბედუროდ, ის დასავლეთში სახლობს, სადაც აგერ მერვე ადგილზე გასულ "დენვერსაც" კი ლამის საჩემპიონო გაქანების შემადგენლობა ჰყავს.

თავად მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და "გოლდენ სტეიტმა" პირველ მეოთხედში 17 ქულითაც კი გაიწია, მაგრამ "დენვერმა" შეძლო და მეორეშივე გამოასწორა ვითარება, როცა ზედიზედ 19 ქულა გააკეთა და მისი ეს მძლავრი სვლა გახდა ამ მატჩის საკვანძო მონაკვეთი. სტუმრებმა აივერსონის მეცადინეობით და სათადარიგო ჯეიარ სმიტის სამქულიანებით 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც უკანასკნელ მეოთხედში გააორმაგეს. ბევრს ცდილობდნენ მასპინძლები, კარგი იყო ხუთივე დამწყები, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ მონტა ელისი და ბაირონ დევისი. ამ უკანასკნელმა სეზონში მესამე სამმაგი დუბლიც შეასრულა, მაგრამ სასიცოცხლო გამარჯვებას ჩაჭიდებული "დენვერიც" მაგრად იდგა და მეტოქე 6 ქულაზე ახლოს აღარ მიუშვა.

ამ მარცხის შემდეგ "გოლდენ სტეიტის" საპლეიოფო შანსებმა თეორიული სახე მიიღო, სანფრანცისკოელებმა დარჩენილი სამივე თამაში უნდა მოიგონ იმ იმედით, რომ "დენვერს" სამიდან ორში მაინც წაუცდება ფეხი. ამასობაში პლეი ოფი გაინაღდა დასავლეთის მეშვიდე გუნდმა "დალასმაც", რომელიც ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ურთულეს სიტუაციაში იყო, მაგრამ იყოჩაღა და იქიდან ღირსეულად გამოვიდა. ახლა "დალასმა" შინ "იუტა" დაამარცხა დირკ ნოვიცკის გადასარევი თამაშის წყალობით. შედეგის მიხედვით "იუტა" დასავლეთში მეექვსეა, მაგრამ პლეი ოფში მეოთხე ნომრად განთესვა გარანტირებული აქვს, რაკი ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონში პირველია.

ორი ლოსანჯელესური "ძმის" "ლეიკერისისა" და "კლიპერსის" ბრძოლა კი, ანგარიშის ნახვის გარეშეც მიხვდებით, რომლის გამარჯვებით დასრულდებოდა. "ლეიკერსს" კიდევ შერჩა დასავლეთში პირველობის შანსი, აი, მისი "უმცროსი ძმა" "კლიპერსი" კი ჯერ კიდევ შუა სეზონში გამოეთიშა საპლეიოფო მარათონს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com