|
|
"სარბიელი"
ჩემპიონს მუტრუკობა არ შერჩა
კახა ლომაშვილი
დეტროიტი 3:1 ნეშვილი 1:0 0:1 2:0 1:0 ფრანცენი (6), 1:1 ტუუტუ (38), 2:1 ზეტერბერგი (47), 3:1 ზეტერბერგი (60) რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულს ტკბილი ცხოვრება რომ არ ელის, სერიის პირველივე მატჩში დავრწმუნდით, როცა "ნეშვილმა" თავისი ახალბედა მეკარე დენ ელისის მოთავეობით ნამდვილი ომი გაუმართა პლეი ოფის ერთ-ერთ ფავორიტს. მეტიც, "წითელფრთიანებმა" ნაწილობრივ გამართლების ხარჯზე მოიგეს, რადგანაც ორი შაიბა რიკოშეტებით გაიტანეს. ამით იმის თქმა სულაც არ გვსურს, რომ მასპინძლებმა მხოლოდ იღბლის ხელის წაშველებით იხეირეს, "დეტროიტი" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და აურაცხელი რაოდენობის მომენტები შექმნა, მაგრამ ელისი კარებში კედელივით იდგა. აი, სწორედ აქ დაეხმარათ მასპინძლებს რიკოშეტები. ეს განსაკუთრებით ჰენრიკ ზეტერბერგის გამარჯვების მომტან შაიბას ეხება, როცა შვედ ფორვარდს შავი დისკო რეფერისგან ასხლეტით მიუვიდა. ასეა თუ ისე, "დეტროიტი" დაწინაურდა სერიაში, მაიკ ბებკოკმა კი თავის შეგირდებს უნდა შეაგნებინოს, რომ ამდენი შანსის განიავება ადრე თუ გვიან შეიძლება ცუდად დაუჯდეთ. მასპინძელთა ვეტერანი მცველის, 46 წლის კრის ჩელიოსისთვის კი ეს მატჩი რიგით 247-ე სათასო გამოდგა და ის ამ მაჩვენებლით ლიგის რეკორდსმენ პატრიკ რუას დაეწია. მონრეალი 4:1 ბოსტონი 2:1 1:0 1:0 1:0 ს. კოსტიცინი (1), 2:0 ა. კოსტიცინი (3), 2:1 ჰნიდი (9), 3:1 სმოლინსკი (26), 4:1 კოსტოპულუსი (48) "ბოტონმა" ისევ ვერაფერი გააწყო "მონრეალთან" - ამერიკულმა გუნდმა რეგულარულ სეზონში ყველა შეხვედრა წააგო "კანადიენსთან" და ეს სერიაც უიღბლოდ დაიწყო. შთაბეჭდილება შეიქნა, რომ "დათვები" მუხლების კანკალით გავიდნენ ყინულზე, რადგანაც მასპინძლებმა საწყის სამ წუთში შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება, რასაც "მონრეალი" ბელარუს ძმებს - სერგეი და ანდრეი კოსტიცინებს უნდა უმადლოდეს, რომლებმაც თავიანთ პირველივე საპლეიოფო მატჩში შეძლეს თავის გამოჩენა. მატჩიც ფაქტობრივად აქ მორჩა, რადგანაც "ბოსტონს" შეტევაში ხეირიანი აღარაფერი გაუკეთებია. შეინ ჰნიდის გატანილი გოლიც მასპინძელთა ახალბედა მეკარე კერი პრაისის სინდისზეა, თორემ "დათვებს" მთელი მატჩის განმავლობაში სახიფათო მომენტი არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, "მონრეალმა" თავის დაზღვევის მიზნით მომდევნო ორ პერიოდში თითოჯერ დაამწუხრა ტიმ ტომასი და ადვილი გამარჯვებაც გაინაღდა. "ბოსტონის" დამრიგებელ კლოდ ჟულიენს კი საფიქრალი თავზე საყრელად აქვს - მასპინძლებმა არა მარტო სისწრაფეში (რაც "მონრეალის" სავიზიტო ბარათია) დაჩაგრეს მომხვდურები, არამედ ძალისმიერ თამაშშიც და შემდეგშიც ასე თუ გაგრძელდა, "დათვებს" სერიის ნულზე წაგება ემუქრებათ. სან ხოსე 2:0 კალგარი 0:0 2:0 0:0 1:0 პაველსკი (25), 2:0 მიჩელი (39) ევგენი ნაბოკოვმა პირველი მატჩიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და თავის გუნდს სერიის გათანაბრების საშუალება მისცა. მოგეხსენებათ, ერთი დღით ადრე "კალგარიმ" მიკა კიპრუსოფის ჩაუქობის წყალობით იხეირა და აკი ვთქვათ კიდეც, თუ რუსი მეკარეც არ მოუმატებს, "სან ხოსეს" მაგრად გაუჭირდებაო. ჰოდა, ნაბოკოვმაც შეისმინა ეს შეგონება და კარი მშრალად შეინახა, "ზვიგენებმა" კი წვალებით, მაგრამ მაინც გადაჭრეს კიპრუსოფის პრობლემა. თუმც კალიფორნიელთა გულშემატკივრებს სანერვიულო მაინც ბლომად აქვთ, რადგანაც კვლავაც დუმან გუნდის ლიდერები - ჯო ტორნტონი, კაპიტანი პატრიკ მარლო და გამოცდილი ჯერემი რიონიკი. სამაგიეროდ, ახალგაზრდებმა იყოჩაღეს და ჯერ ჯო პაველსკიმ, შემდეგ კი ტორი მიჩელმა გამოიჩინეს თავი. ახლა ჯახი კანადაში გადაინაცვლებს. ყინულის უპირატესობა უკვე "ალებს" ექნებათ და თუ "სან ხოსემ" არ მოუმატა პირველ რიგში (ეს ტორნტონს ეხება), დიდი შანსია, სახლში დაბრუნების წინ გუნდი კატასტორფის წინაშე დადგეს. ანაჰაიმი 0:4 დალასი 0:2 0:2 0:0 0:1 ოტი (12), 0:2 ერიქსონი (18), 0:3 ლეჰტინენი (24), 0:4 მოროუ (38) უხეიროდ დაიწყო ტიტულის დაცვა "ანაჰაიმმა". "დალასმა" პირველ შეხვედრაში ქვა ქვაზე არ დაუტოვა სტენლის თასის მოქმედ ჩემპიონს. არა მარტო ანგარიშით, არამედ თამაშითაც პირწმინდად დაჩაგრა წყვილის უპირობო ფავორიტად შერაცხული "იხვები". კალიფორნიელებმა მხოლოდ პირველი პერიოდის საწყისი 10 წუთი ითამაშეს, რადგანაც ამის მერე მათ ყინულზე მოქმედებას ჰოკეი ნაკლებად ეთქმოდა. როგორც კი საქმეები ხეირიანად არ წაუვიდათ, ჩემპიონები მუშტებზე, ძიძგილაობაზე, ელემენტარულ უხეშობაზე და მეტოქის მტვრევა-ლეწვაზე გადავიდნენ, რამაც მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ "ვარსკვლავებმა" უდისციპლინობისთვის სამაგალითოდ დასაჯეს მასპინძლები და ოთხივე შაიბა მეტობაში თამაშის დროს შეაგდეს. ყველაზე რთული წარმოსადგენი კი ის იყო, რომ კალიფორნიელთა შეტევა ამდენად უსუსური გამოდგებოდა - მათ მხოლოდ 20-ჯერ შეაწუხეს მარტი ტურკო, რომელსაც მეოთხე პლეიოფური შათაუტის გასაკეთებლად ბევრი წვალება არ დასჭირვებია. "ზუსტად ვერც კი გავიხსნებ, სერია მოგებით ბოლოს როდის დავიწყეთ. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, რაც თვითრწმენას ერთიორად გაგვიზრდის - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს გუნდი გადაულახავი ბარიერი სულაც არ არის" - კმაყოფილი იყო ნამატჩევს ტეხასელთა კაპიტანი ბრენდან მოროუ, რომელიც თავის გუნდს სამი ქულით (1%2) შეეწია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |