"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

შარაპოვა თიხის მტვერს ერჩვევა

კახა ლომაშვილი

ქალები

ამელია აილენდი. აშშ. თიხნარი საპრიზო 600 000 4

მესამე წრე

მარია შარაპოვა (1, რუსეთი) - ანაბელ მედინა-გარიგესი (16, ესპანეთი) 7:6 5:7 7:6; ალონა ბონდარენკო (10, უკრაინა) - დინარა საფინა (6, რუსეთი) 7:6 0:6 7:5; ლინდსი დევენპორტი (18, აშშ) - კაროლინ შპრემი (ხორვატია) 6:4 3:6 6:4; აგნეს სჟავაი (8, უნგრეთი) - კატარინა სრებოტნიკი (სლოვენია) 3:6 6:2 6:3; ალიზ კორნე (საფრანგეთი) - ელენა ვესნინა (რუსეთი) 6:1 7:5; ვირჟინი რაზანო (13, საფრანგეთი) - ოლგა გოვორცოვა (ბელარუსი) 6:2 6:4; ამელი მორესმო (11, საფრანგეთი) - აგნეშკა რადვანსკა (7, პოლონეთი) 3:6 7:5 7:6; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი) - ანა ჩაკვეტაძე (2, რუსეთი) 6:2 3:6 6:1

ამ კვირას მხოლოდ ერთი ტურნირი იმართება. მოგეხსენებათ, კაცებს სანაკრებო გარჩევები აქვთ დევისის თასზე, ქალები კი მხოლოდ კიბისკეინთან ახლოს, ამელია აილენდზე იქნევენ ჩოგანს. გასაკვირია, მაგრამ ამ ტურნირზე თამაშს ბევრი ბობოლა დათანხმდა. არადა, სეზონის ამ პერიოდში მეჩოგნეთა უმეტესობა ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა გამოემგზავროს ევროპისკენ, რადგან საჩოგბურთო ეპიცენტრი ამიერიდან ბებერ კონტინენტზე გადმოინაცვლებს და ჩრდილო ამერიკას მხოლოდ ივლისის შუაგილისთვის დაუბრუნდება.

ამელია აილენდზე კი ფავორიტებს თავიდანვე დაერივნენ - პირველ წრეებში ისეთი ბობოლები დაიფრინეს, როგორებიც დანიელა ჰანტუხოვა და პატი შნიდერი არიან. უიღბლოთა რიცხვს გუშინ ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ანა ჩაკვეტაძეც შეუერთდა რომელსაც ახალგაზრდა დომინიკა ციბულკოვა გაუმკლავდა. ეს თინეჯერი სლოვაკი წლეულს გამოჩნდა დიდ ჩოგბურთში და ფაქტობრივად კვირა არ გავა, ვინმე თავისზე გამოცდილი და სახელიანი არ გაამწაროს. ამჯერადაც სლოვაკმა არც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი დაინდო და სამ სეტში მიჩოგნა.

სამაგიეროდ, ტურნირს შემორჩა მარია შარაპოვა. ისე, რუსი პრიმას ამელია აილენდზე გამოჩენა გვარიანი სიურპრიზი გახლდათ, რადგანაც, როგორც წესი, მაშა ერიდება ხოლმე ბევრ ტურნირზე თამაშს, მით უმეტეს, გაურბის თიხნარზე ჩოგნაობას. ბოლო სეზონებში შარაპოვა მხოლოდ ერთ-ორ ტურნირს თუ თამაშობდა თავისთვის ამ მეტად საძულველ საფრაზე, მაგრამ, ეტყობა, წლეულს "როლან გაროსს" სეროზულად უმიზნებს და ცდილობს, თიხნარზე თამაშის რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა მიიღოს.

თუმც შარაპოვა უეჭველად სიამოვნებით იტყოდა უარს გუშინ მიღბულ გამოცდილებაზე, როცა ანაბელ მედინა-გარიგესთან შეხვედრაში ტარსარო რუსს მთელი თავისი ბრძოლისუნარიანობის გამოვლენა დასჭირდა. მაშამ მხოლოდ მესამე სეტის ტაიბრეიკზე გატეხა მეტოქე, როცა მატჩის დაწყებიდან უკვე მესამე საათი ილეოდა. არადა, შარაპოვას გაცილებით ადრე შეეძლო საქმის მოთავება, როცა მეორე სეტში 4:2 იყო წინ, მაგრამ უპირატესობა ქარს გაატანა. მესამე პარტიაში კი რუსი სულაც ჩამორჩა - 0:3 და ამიტომ წელზე ფეხის დადგმა მოუწია პრაქტიკულად მოგებული მატჩის ხელახლა მოსაგებად.

"ძალიან არასტაბილურად ვითამაშე. უეჭველად ორ სეტში უნდა მომეგო, მაგრამ არ გამოვიდა. თუმც ეს ხომ ჩოგბურთია და აქ ვითარება მალ-მალე იცვლება. თუმც ბედს არ ვუჩივი, რადგანაც გრუნტზე რაც მეტს ვითამაშებ, მით უკეთესი" - განაცხადა ნამატჩევს შარაპოვამ. მეოთხედფინალში მაშას ალონა ბონდარენკოსთან მოუწევს დატაკება, რომელიც თავის მხრივ დინარა საფინას მოერია.

საინტერესო ჯახი გაიმართა ამელი მორესმოსა და აგნეშკა რადვანსკას შორისაც და, როგორც ბევრ სხვა გუშინდელ შეხვედრაში, აქაც გამარჯვებულის ვინაობა სამსეტიან ბრძოლაში გაირკვა. ვეტერანი ფრანგი არ შეუშინდა იმას, რომ პირველი პარტია პირწმინდად დათმო და მომდევნო სეტებში დიდი წვალებითა და ჯახირით, მაგრამ მაინც გამოჰგლიჯა გამარჯვება თავისზე 10 წლით უმცროს პოლონელს.

მორესმოსთვის ეს მე-500 კარიერული გამარჯვება გახლდათ.

"რა მეთქმის - უკვე ასაკში ვარ" - იხუმრა ნამატჩევს მორესმომ, რომელიც მეოთხედფინალში ზემოთ უკვე ნახსენებ ციბულკოვას დაეტაკება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com