"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

კედელია ჩვენი კედელა! ქართველმა ფალავანმა ევროპა ზედიზედ მესამედ დაიპყრო

ზურაბ მიგრიაული

გუშინ ლისაბონში ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე მიიწურა. შეჯიბრება 60 და 66 კგ წონით კატეგორიებში გაიმართა. 60 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ძველი სახე ნესტორ ხერგიანი წარმოადგენდა, ხოლო 66 კგ-ში მოქმედი ევროპის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი გაისარჯა. ქართველებისთვის პირველივე დღე წარმატებული გამოდგა, მაგრამ, მოდით მოვლენებს თანამიმდევრულად მივყვეთ...60 კგ

ნესტორ ხერგიანმა ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ესპანელ კენჯი აემაცუსთან მძიმე ბრძოლა გამართა. უბერებელმა ქართველმა მხოლოდ ერთადერთი კოკათი შეძლო სადებიუტო გამარჯვების მოპოვება. შემდეგ კი ლატვიელ ოლეგს ფილიპოვსს საკმაოდ იოლად მოუთავა ხელი - მას კოკა, ვაზარი და იპონი აწვნია. შემდეგ ჯგუფის ბოლო ორთაბრძოლაში ჩეხი პაველ პეტრიკოვის ჯერიც დადგა, რომელთანაც ნესტორმა ბლომად ოფლი დაღვარა. ჩეხმა ქართველის ვაზარს ვაზარი დაუხვედრა და იუოკს იუკო, მაგრამ ხერგიანმა კოკაც მოინაგრა და ნახევარფინალს უწია, სადაც ავსტრიელ ლუდვიგ პაიშერს შეხვდა. პაიშერმა თავის ჯგუფში ადვილად დასცა მეტოქენი. მან ჯერ ლასლო ბორიანს (უნგრეთი) მოუგო, შემდეგ კვიპროსელ ანდრეას კრასას, ხოლო მესამე შეხვედრაში კი ებრაელი გალ იეკუტიელი გაუყენა რეპეშაჟის გზას.

მეორე ნახევარფინალური წყვილი რუბენ ჰუკსმა (ნიდერლანდები) და ბერძენმა ლავრენტის ალექსანიდისმა შეადგინეს. ჰუქსი ჯგუფში პედრო ჯაკინტოს (პორტუგალია) და რუსლან ჯიშმანოვს (რუსეთი) მოერია. ლავრენტის ალექსანიდისმა კი როკ დრაკსიკს (სლოვენია) და ჰოვანეს დავთიანს (სომხეთი) სძლია.

სამწუხაროდ ხერგიანი ნახევარფინალში დამარცხდა. მას ლუდვიგ პაიშერმა კოკა, იუკო და ბოლოს იპონი აუღო. ნესტორმა ბრძოლა მესამე ადგილისთვის განაგრძო რუსლან კიშმაროვთან, ვისაც კოკა აუღო და ბრინჯაოს მედალიც აართვა.

მეორე ბრინჯაო ტომით ქართველმა ლავრენტის ალექსანიდისმა დაისაკუთრა. ფინალში კი ლუდვიგ პაიშერმა აშკარად დაჯაბნა რუბენ ჰუკსი. მან ჰოლანდიელს ჯერ კოკა და მერე ვაზარი გამოგლიჯა.

66 კგ

ამ წონაში ევროპაში და მსოფლიოშიც კი უძლიერესმა ზაზა კედელაშვილმა ჯგუფური ეტაპი ადვილად დაძლია. ჯერ იყო და მოლდოველი მარსელ ტრუდოვი იპონზე წამოაქცია წუთსა და 15 წამში, შემდეგ სომეხი არმენ ნაზარიანი გააკრა ბეჭებზე. ხოლო მესამე შეხვედრაში პოლონელ ტომაშ ადამეცის დაიპონებას წუთზე ცოტა მეტი მოანდომა. ზაზა ნახევარფინალში ჰოლანდიელ დექს ელმონტს დაუპირისპირდა, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ორი ორთაბრძოლის გამართვა მოუხდა. მან პორტუგალიელ პედრო დიასს კოკათი მოუგო, ხოლო ჩეხ დევიდ დაბსკის ვაზარი და იპონი აუღო.

მეორე ნახევარფინალს მიკლოშ უნგვარმა (უნგრეთი) და სებასტიან ბერშელომაც (საფრანგეთი) უწიეს. კედელაშვილსა და ელმონტს შორის შეხვედრამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ფინალისტი დამატებითმა დრომ გამოარკვია. ზაზა კინკილა კოკას გამორჩა და ზედიზედ მესამედ უწია ევროპის ჩემპიონატის ფინალს. კედელას ფინალში მოკლოშ უნგვარი შეუწყვილდა - უნგრელს ბერშელოს დაჯაბნისთვის 2 კოკაც ეყო.

ზაზა კედელაშვილმა ფინალურ ორთაბრძოლაში უნგვარს გამარჯობის თქმა არ აცალა. ჩვენმა ფალავანმა გადავლებით ორ წუთში სუფთა გამარჯვება მოიპოვა და ზედიდედ მესამედ დაისაკუთრა ევროპაში უპირველესის ჯილდო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com