"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

ზიმბაბვეს რეკორდი, ბრიტანეთს მედალი

ივანე კობიაშვილი

მანჩესტერში გახურდა ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატი, ტურნირი მოკლე წყალში, ანუ 25-მეტრიან აუზში იმართება, რის გამოც - ჩვენში დარჩეს და - პრესტიჟი ეკარგება და მოცურავეთა ელიტის წარმომადგენლები ერთსულოვნად როდი სწყალობენ, მაგრამ რაკი მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქვია და ნაცნობ სახეებსაც მრავლად შეხვდება კაცი, ყურადღებას მაინც იმსახურებს.

მოკლე აუზეთს რეკორდთა საკუთარი სისტემა აქვს და მანჩესტერში რამდენიმე მსოფლიო რეკორდიც დამყარდა. თოვლივით ფითქინა ზიმბაბველმა კირსტი ქოვენთრიმ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მოცურავე ქალია და მისთვის სულერთია, რეკორდს 50-მეტრიან აუზში შეუტევს თუ 25-იანში. ის უფრო გულაღმა სტილს ანიჭებს უპირატესობას და ათენის ოლიმპიადაზეც (ოლიმპიადები 50-მეტრიანებში იმართება) გულაღმა 200 მეტრი მოიგო. მაგრამ ზიმბაბველი უნივერსალია და ახლა ოთხივე სტილისგან შემდგარ 400 კომპლექსურ მეტრში გამოაცხო რეკორდი. ეს დისტანცია 4 წუთსა და 26,52 წამში გაცურა და 1,31 წამით დაამოკლა უკრაინელი იანა კლოჩკოვას მიერ 2002 წელს დამყარებული რეკორდი. მთლად მსოფლიოს არა, მაგრამ 25-მეტრიან აუზებში გამართული მსოფლიოს პირველობების ერთი რეკორდი მან წინა დღით, 100 მეტრ გულაღმა გაცურვის ნახევარფინალშიც მოიხვეჭა და მანჩესტერულ პუბლიკას ორჯერ მოასმენინა ბრიტანეთის იმპერიის ყოფილ კოლინა ზიმბაბვის ჰიმნი.

მანჩესტერმა კიდევ ერთი რეკორდი იხილა, რომელიც, მასპინძელთა სამწუხაროდ, მათმა ბრიტმა თანამემამულემ კი არა, ამერიკელმა ჯესიკა ჰარდიმ დაამყარა, ვინც არაოლიმპიურ სახეობაში, 50 მეტრ ბრასში, ძველი რეკორდი 29,90 წამი 0,22 წამით გააუმჯობესა.

ინგლისელთა ამბიციური, თუმც არცთუ ბრწყინვალე გუნდი ახლოს იყო ერთ რეკორდთან, ისიც არაოლიმპიურთან - 800 მეტრ თავისუფალში, მაგრამ 0,25 წამი დააკლდა. რებეკა ადლინგტონი, ვისაც ეს რეკორდი, ასე ვთქვათ, პირადად გამოეცალა ხელიდან, მაინც სიხარულისგან ისე დახტოდა აუზის პირას, რომ ლამის უკან წყალში ჩავარდა. ეს ინგლისელი გოგოცუნა ამბობდა, ყველა დროის საუკეთესო გუნდი გვყავსო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com