"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

რადიკალური გრიშიკაშვილი: ბორჯომი საშინელ დღეშია: ამერის ფინალი 99-პროცენტიანია

ნუკრი ლოლაძე

გუშინ კაფე "მსოფლიო სპორტში" ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს. კაფეში ბლომად იყვნენ ჟურნალისტები, ყოფილი ფეხბურთელები, უბრალო ქომაგები და იყო ერთი მოქმედი ფეხბურთელი სოსო გრიშიკაშვილი, რომელიც თბილისის "დინამოდან" "ბორჯომში" იჯარითაა განათხოვრებული. გრიშიკაშვილი დიდი ხანია, ჩვენს ჩემპიონატში თამაშობს და საქართველოს ნაკრების კარშიც მდგარა.

მას პირველად პრესკონფერენციაზე მოსვლის მიზეზი ვკითხეთ...

- "ჩვენი ფეხბურთის" მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა და შენც ამას ემხრობი.

- სრულიად ვიზიარებ მათ წამოწყებას. ყველანი ვხედავთ, რომ ქართულ ფეხბურთს ახალი სისხლი სჭირდება. მე მათთან მეგობრობის გამო არ მოვსულვარ აქ. პროფესიონალურად უნდა შევხედოთ საქმეს - მიხეილ ყაველაშვილი და გოჩა ჯამარაული პროფესიონალები არიან და მათი მჯერა. ამიტომაც ვარ აქ.

- ანუ შეძლებენ ისინი ქართული ფეხბურთის გაძღოლას.

- მათ კარგი ფეხბურთი უთამაშიათ და იციან, რა სჭირდება ფეხბურთს და ფეხბურთელს. ყველაფერი თავიანთ თავზე აქვთ გამოცდილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთი პატარ-პატარა წვრილმანებისგან შედგება, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. ეს ამ ხალხმა იცის. დღეს ფეხბურთის ფედერაციაში ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს ისეთი, რომელთაც ფეხბურთი უთამაშიათ, რაც ძალიან ცუდია. ქართულ ფეხბურთში ბევრი რამაა გამოსასწორებელი.

- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობ. რას იტყვი, სადღეისოდ როგორი დონეა.

- აქ შეკრებილი ხალხიდან ალბათ ჩემზე მეტად ჩახედული არავინაა და გეტყვით - კატასტროფული მდგომარეობაა! "დინამოდან" განათხოვრებით ვარ "ბორჯომში", სადაც ასეთია სიტუაციაა - გუნდი, ფაქტობრივად, არ ვარჯიშობს. არის ბურთის და ბუცის პრობლემა... ამ თემაზე საუბარიც მეუხერხულება. ჩემს ადგილზე ბევრი ფეხბურთს თავს დაანებებდა, მაგრამ ვუძლებ, რადგან მომავლის იმედი მაქვს. ჩვენს ჩემპიონატს ისეთი იმიჯი აქვს შექმნილი, რომ აქ თამაში სირცხვილია...

- ცოტა არ იყოს, რადიკალური ყოფილხარ. ისე, ფაქტია, ჩემპიონატის დონე თუ არ აიწევს, ეროვნულ ნაკრებს ყოველთვის პრობლემა ექნება...

- იშვიათია, როცა ქვეყანას სუსტი ჩემპიონატი აქვს და წარმატებას აღწევს. მარტო ლეგიონერებით არაფერი გამოვა. კარგი ჩემპიონატი კონკურენციის გარანტია იქნება ნაკრებში. ხალხი არ დადის თამაშებზეო - ქომაგი სტადიონზე მაშინ მოვა, როცა ყველა მატჩში ბრძოლა იქნება და თამაშები თვალსასეირო გახდება. ქართველ კაცს ფეხბურთი ძალიან უყვარს, მაგრამ სტადიონზე მისვლის საბაბი უნდა მისცე.

- რამდენიმე ტურია, ტრავმის გამო არ გითამაშია. როდის ჩადგები მწყობრში.

- მხრის ტრავმა მქონდა და უკვე თითქმის მოვიშუშე. ალბათ მალე დავიწყებ თამაშს.

- რამდენიმე დღის წინ "ბორჯომმა" თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში "ამერთან" 1:4 წააგო...

- მიუხედავად იმისა, რომ გუნდში საშინელი მდგომარეობაა, "ბორჯომს" თავი არ შეურცხვენია. ეს შედეგი რეალობას არ ასახავს.

- კამერუნელი დონალდ დერინგ ჯუსის გაძევებაზე რას იტყვი.

- მე გინება არ გამიგონია, მაგრამ თუ მართლა შეიგინა, გასაგდები ყოფილა! დერინგ ჯუსი მოედნიდან რომ გავიყვანე, გასახდელში მოსასულიერებელი გახდა, ძალიან განიცადა...

- როგორ ფიქრობ, "ბორჯომს" ფინალში გასვლის შანსი დარჩა.

- 99 პროცენტით ფინალში "ამერია", მაგრამ ჩვენ იმ ერთ პროცენტზე უნდა ვიფიქროთ. ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია და ვნახოთ, რა გამოგვივა...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com