|
|
"სარბიელი"
სანამ ოპა, მანამ ევროპა: ფედერაცია მოლაპარაკებებს ოთხ მწვრთნელთან იწყებს
ილია ნანობაშვილი
ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი - ჯერ არავინ იცის და 100 პროცენტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკვეთილი კანდიდატი არ არსებობს. ის კი ნაღდია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფავორიტთა შორის უპირველესი ჰოლანდიელი ლუის ვან გაალია: ყველაზე სასურველი, მაგრამ ყველაზე ძნელი და, შესაბამისად, ძვირი ვარიანტიც... გუშინ ფედერაციის გენმდივან უჩა უგულავას დავუკავშირდით, ვისი თქმითაც, ერთ კვირაში ყველა გაიგებს საბოლოო კანდიდატთა სიას, მანამდე კი ვიზიტი ევროპაში... - ორშაბათს ფედერაციის ხელმძღვანელობა ევროპაში გაემგზავრება და რამდენიმე მწვრთნელთან მოლაპარაკებას უშუალოდ დაიწყებ. - კერძოდ, რომელ ქვეყანაში. - ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, ნოდარ ახალკაცი, რევაზ არველაძე და გოგი ქავთარაძე გაემგზავრებიან. - რამდენ მწვრთნელთან აპირებენ მოლაპარაკებას. - ოთხთან. არ არის გამორიცხული, იქ კიდევ გამოჩნდეს ახალი ვარიანტები. - ლუის ვან გაალი თუ არის მათ შორის. - ეგ უკვე დაკონკრეტება გამოვა, რასაც ამ ეტაპზე ვერიდებით, რადგან შეიძლება, მოლაპარაკების პროცესს ავნოს. გვერწმუნეთ, ჯერ თითქმის არაფერია გარკვეული და გამოკვეთილი ფიგურა არ ჩანს. - უკვე მერამდენედ ვკითხულობთ, მაგრამ მაინც: ქართველი მწვრთნელის დანიშვნა გამორიცხულია. - არა, ჯერ ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, თუმცა უცხოელის მეტი შანსია. - თანაშემწედ ქართველი უნდა იყოს - ეს აუცილებელი პირობაა. - პუნქტში ასე გვიწერია და, სავარაუდოდ, ასეც იქნება. ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა: მწვრთნელმა წელიწადის მინიმუმ ნახევარი საქართველოში უნდა გაატაროს, მჭიდრო კონტაქტები უნდა ჰქონდეს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან, რაც შეიძლება, ბოლომდე გაეცნოს ქართულ ფეხბურთს, მის ყველა თავისებურებას, თუმც ერთიცაა: დავუშვათ, მარჩელო ლიპი ან ჟოზე მაურინიუ რომ ჩამოვიყვანოთ, მას ვერ მოვთხოვთ, მაინცდამაინც ქართველი ასისტენტი უნდა გყავდესო. - ლიპი ადრეც ახსენეთ და საინტერესოა, გაქვთ მისი ჩამოყვანის იმედი. - იმედი გადაჭარბებული ნათქვამი გამოვა. არარეალური არ არის, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი, ლიპიმ საქართველოში იცხოვროს. ის აქამდე სულ ტოპ-გუნდებში მუშაობდა და... - ამასწინათ თქვით, ესტონეთთან და პორტუგალიასთან მატჩების შემდეგ, ანუ ივნისის დასაწყისში, შესაძლოა, ნაკრებმა კიდევ ერთი თამაში გამართოსო... - შოტლანდიამ უარი განაცხადა, ახლა კი კიდევ ორ ევროპულ და ერთ სამხრეთამერიკულ ნაკრებთან თამაშის ვარიანტები გვაქვს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |