|
|
"სარბიელი"
რატომ ვეღარ ვთამაშობთ ქართველები ფეხბურთს ძველებურად.
პაპუნა კედია
დღეს, აი, ამ კითხვაზე ფიქრობს ერიცა და ბერიც, შედეგად კი რამდენიმე დასაბუთებული პასუხი გვაქვს. მაგრამ ერთია მიზეზთა ცოდნა, მათთან ბრძოლა კი მეორე: "სარბიელის" "კოსმოპოლიტურმა ბიურომ", როგორც ქართველი პოლიტიკოსები იტყოდნენ, პრობლემათა გადაჭრადობის აუცილებლობადობასთან მიმართებაში სიტყვიდან საქმეზე გადასვლა გადაწყვიტა. ბიუროს აზრით, ყოველი "დასაბუთებული პასუხის" წილ, კონკრეტული ნაბიჯია მოსაფიქრებელი, მერე კი გულშემატკივარს უნდა მოკრება და ამ ნაბიჯებს გადადგმა. კერძოდ: დასაბუთებული პასუხი პირველი: ქართველები ფეხბურთს ძველებურად იმიტომ ვეღარ ვთამაშობთ, რომ თბილისში ქუჩის ფეხბურთი დაიკარგა. დღეს საქართველოს დედაქალაქში იმდენი მანქანა დადის, რომ ბავშვებს ბურთის გასაგორებელი კი არა, უბურთოდ გასავლელი ადგილიც არ აქვთ. კონკრეტული ნაბიჯი: ეს მანქანები დასამტვრევია. ამ ნაბიჯის გადასადგმელად: პატრიოტ-გულშემატკივართა იმ ნაწილს, რომელსაც მანქანების მტვრევაში სურს მონაწილეობა, 1 მაისს, ღამის 4 საათზე, არმატურის ნამტვრევებითა და გლუშიტელებით ველით გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ქუჩების გადაკვეთაზე. მტვრევას ყველა თავისი მანქანით იწყებს. დასაბუთებული პასუხი მეორე: ქართველები ფეხბურთს ძველებურად იმიტომ ვეღარ ვთამაშობთ, რომ აფხაზეთი დავკარგეთ, კუთხე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთმანეთზე ნიჭიერ ვარსკვლავებს ზრდიდა. კონკრეტული ნაბიჯი: რაც დავკარგეთ, უნდა ვიპოვოთ. ამ ნაბიჯის გადასადგმელად: გულშემატკივართა ის ნაწილი, რომელსაც აფხაზეთის ძებნაში სურს მონაწილეობა, უნდა დაიყოს ჯგუფებად. ნაწილმა დაკარგულის ძებნა უნდა დაიწყოს მოსკოვში, ფეესბეს (ყოფილი კაგებე) კაბინეტებში, ნაწილმა არა ერთი და ორი ქართველი ფუნქციონერი-კომუნისტის სინდისში, ნაწილმა იმ ქართველთა ჯიგარში, რომელთაც კარიერის გამო ეროვნება აფხაზად გადაიკეთეს, ნაწილმაც ერთმანეთის ზიზღით გამოლენჩებული ქართველების ტვინში და კიდევ რამდენიმე ადგილას. ძებნას ვიწყებთ არაუგვიანეს 1970 წლიდან. ვიკრიბებით საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობასთან. დასაბუთებული პასუხი მესამე: ქართველები ფეხბურთს ძველებურად იმიტომ ვეღარ ვთამაშობთ, რომ საქართველოს ჩემპონატი დაბალი დონისაა, რაც მრავალ მიზეზთან ერთად უხარისხო მოედნებითაც არის განპირობებული. კონკრეტული ნაბიჯი: უნდა დავაგოთ კარგი მოედნები. ამ ნაბიჯის გადასადგმელად: გულშემატკივარი, რომელსაც მოედნების დაგებაში სურს მონაწ... სად წავიდა ეს ხალხი.! ვიმეორებთ, ყველა, ვისაც მოედნების დაგება სურს, მოვიდეს ნიჩბებითა და წერაქვებით, სამუშაო ტანსაცმელში ჩაცმ... სად წავიდა, კაცო, ეს ხალხი.! ვიმეორებთ, ყველა ქართველს, ვისაც მუშაობა უნდა... ვაიმე!...
როდესაც ხალხი დაბრუნდება, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ბავშვთა ფეხბურთზე, მსაჯობაზე, ტექნიკაზე, ტაქტიკაზე, მეობასა და სიყვარულზე. სავალდებულოა, ყველამ თან იქონიოს ჯიგარი.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |