|
|
"სარბიელი"
ოთხში ამოსული გუნდი
პაპუნა კედია
ალექს ფერგიუსონი მორიგი ტიტულის სიახლოვეს გრძნობს და აცხადებს, რომ ეს მისი გუნდის ჩინებული თამაშის შედეგია - "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ინგლისური ოთხეულის დანარჩენ სამ წევრთან შედარებით ძლიერია. სტატისტიკა ასეთია: მიმდინარე სეზონში, ამ მომენტისთვის "იუნაიტედს" "ჩელსისთან", "ლივერპულთან" და "არსენალთან" 15 ქულის აღება შეეძლო და... 13 აიღო. დიდებული შედეგია! 15 ქულის აღება შეეძლო დღეს პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ "ჩელსისაც", მაგრამ ვაგლახ, "ლურჯებს" მხოლოდ 5 აქვთ. "არსენალსა" და "ლივერპულს" ამ მომენტისთვის ოთხეულის გუნდებისგან 18-18 ქულის დაგროვება შეეძლოთ, თუმცა პირველს ოდენ 6 აქვს, მეორეს - 4. "მანჩესტერ იუნაიტედს" 26 აპრილს ზემოხსენებული საუცხოო შედეგის კიდევ უფრო დამშვენებაც შეუძლია - ამ დღეს პრემიერლიგაში, ფაქტობრივად, ჩემპიონის ბედი წყდება - ლონდონის "სტემფორდ ბრიჯზე" ალექს ფერგიუსონის გუნდი "ჩელსის" უნდა შეხვდეს. მაშ ასე, ინგლისის ჩემპიონსა და ლიდერს ამ სეზონში ოთხი თამაში აქვს წეგებული, მათ შორის ორი - თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტისთან", მაგრამ "დიდი ოთხეულის" გუნდებთან არცერთი. "ყოველთვის ვამბობდი, რომ მიმდინარე სეზონში ტიტულის ბედს ოთხეულის ურთიერთშეხვედრები გადაწყვეტდა - ამბობს სერ ალექსი - და როგორც ხედავთ, მართალი გამოვდექი. მადლობა ღმერთს, ჩვენს უშუალო კონკურენტებთან კარგად ვითამაშეთ და გვარიანი ქულებიც დავხვეტეთ. ასეც უნდა მოვქცეულიყავით, ვინაიდან ჩემპიონატის განმავლობაში რამდენიმე ქულას აქა-იქ აუცილებლად დავკარგავდით. ბოლო წლებში პრემიერლიგა ხომ გაცილებით გაძლიერდა. აი, მაგალითად, ჩვენ ექვსი ქულა "მანჩესტერ სიტისთან" დავკარგეთ, რაც სრული მოულოდნელობა გახლდათ. დავმარცხდით "ვესტ ჰემსა" და "ბოლტონთანაც", მაგრამ ვიმეორებ, ასეთი რამ ხდება ხოლმე, მთავარია, დაკარგულ ქულათა რაოდენობა, რაც შეიძლება მცირე იყოს. ახლა ასეა: თუ მომდევნო ორ თამაშს მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით". ასე და ამგვარად, "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სეზონში ჩემპიონობაც შეუძლია და თასის მოპოვებაც, აი, "არსენალს" კი ისეთი პირი უჩანს, რომ სეზონს ტიტულის გარეშე ზედიზედ მესამედ ჩაამთავრებს, მაგრამ "მანჩესტერის" კაპიტან რიო ფერდინანდს არსენ ვენგერსა და მისი გუნდზე გული წამითაც არ წყდება. "რა დროს სენტიმენტებია. ისინი არ მეცოდებიან, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ ვიყოთ ჩამორჩენილები, მათ ერთი წამით არ შევეცოდებოდით. ჩემი საზრუნავი მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედია". "არსენალი" კარგი გუნდია, მართლაც ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენ, მანჩესტერელებს, თუ ჩემპიონობა გვინდა, სხვაზე წამითაც არ უნდა ვიფიქროთ. მთავარი ჩვენ ვართ. მითუფრო, ახლა სეზონი მთავრდება და მეტად საპასუხისმგებლო დრო დგას. დღეს მოგებული სამი ქულა ხვალინდელი ჩემპიონობის ტოლფასია, ასე რომ, თითებს გადავაჯვარედინებ და ვიტყვი, რომ ბოლო შეხვედრებში მაქსიმალური მობილიზებით უნდა ვითამაშოთ და ყველაფერი კარგად იქნება".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |