|
|
"სარბიელი"
მე ვაჩვენებ გაზას გზას
პაპუნა კედია
ლეგენდარულმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა გასაოცარი რამ თქვა - ინგლისში ვაპირებ ჩასვლას და რომ ჩავალ, იქნებ პოლ გესქოინი მანახოთ, დაველაპარაკები, ჭკუას დავარიგებ, გზაზე დავაბრუნებო. "სარბიელის" მკითხველთათვის ცნობილია, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი პოლ გესქოინი არცთუ დიდი ხნის წინ ფსიქიკური პრობლემების წინაშე დადგა და ორი კვირა კლინიკაშიც კი გაატარა. და, როგორ უნდა დაეხმაროს ოდინდელი მძიმეწონოსანი შერეკილი ფეხბურთის ოდინდელ ვარსკვლავს. სწორედ რომ თავისი შერეკილი წარსულის გათვალისწინებითა და დახმარებით. საქმე ის არის, რომ მაისის მიწურულს ტაისონს ინგლისის ჩრდილოეთში ელიან. როგორც პრესა იტყობინება, ამერიკელი მოკრივე ინგლისში, თუ შეიძლება ასე ითქვას, "სალაპარაკოდ" ჩადის (ალბათ, კონსულტაციებსა და ტელეშეხვედრებზეა გარიგებული) და მავან ადგილთა შორის გეიტსჰედში ვიზიტიც აქვს დაგეგმილი. ცნობისათვის: მაიკ ტაისონი 41 წლისაა, ხოლო პოლ გესქოინი - 40-ის. "გაზას შესახებ ყველაფერი ვიცი და ვგრძნობ, რომ მისი დახმარება შემიძლია - განაცხადა კრივის ლეგენდამ - პირად ცხოვრებაში ჩემი ჩათვლით უამრავი სპორტსმენი დატანჯულა და ამიტომაც მსურს მხარში ამოვუდგე. გაზას დღესაც სუპერვარსკვლავად მივიჩნევ და თუ უარს არ იტყვის, დაველაპარაკები". როგორც ტელეკომპანია იის იტყობინება, ტაისონი ინგლისელ ფეხბურთელთაგან რამდენჯერმე შეხვედრია კრივის დიდ მოყვარულ უეინ რუნის, რომელსაც სამი წლის წინ თამაშის სტილს უწუნებდნენ, მეტისმეტად აგრესიული ხარო. "2005 წელს უეინ რუნის ჰქონდა პრობლემები. მაშინ მას შევხვდი და გამოვაფხიზლე, გავაყოჩაღე - იგონებს ტაისონი - დარწმუნებული გახლავართ, გესქოინსაც წაადგება ჩემთან ლაპარაკი".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |