|
|
"სარბიელი"
შემოდი, გარეთ
პაპუნა კედია
სანამ რაფა ლივერპულშია...გარეთ ბერი გახლავთ "ასტონ ვილას" ფეხბურთელი, რომელიც "ლივერპულის" მწვრთნელს, რაფა ბენიტესს ძალიან მოსწონს და, როგორც ინგლისური პრესა გვატყობინებს, მომავალ ზაფხულს უპირველეს ყოვლისა სწორედ მისი ყიდვა სურს. ბერი 27 წლის ნახევარმცველია, რომლის თაობაზეც ბენიტესს ბირმინგემის კლუბში პირადად დაურეკავს და 12 მილიონი გირვანქაც შეუთავაზებია. ინგლისელი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბენიტესმა სატრანსფერო გეგმების შესახებ მერსისაიდული კლუბის ამერიკელ თანამეპატრონესთან, ტომ ჰიკსთან ისაუბრა, თუმცა ეს საუბარი მხოლოდ ამ ორ ადამიანს შორის გაიმართა, ანუ აღმასრულებელი დირექტორი რიკ პერი ამ საუბარს არ დაასწრეს და მან კლუბის გეგმების შესახებ არაფერი იცის. დაგვეთანხმებით, ეს უცნაურია, თუმცა ყველაფერს აქვს ახსნა: ბენიტესმა შეიტყო, რომ ნოემბერში პერი მის ზურგსუკან იურგენ კლინსმანთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა - ფაქტობრივად, შეთქმულების წევრი იყო. თავად პერი ბენიტესთან საუბარს ითხოვს და აცხადებს, რომ კლინსმანთან საუბრებს თავისი სურვილით არ დასწრებია, ჰიკსისა და "ლივერპულის" მეორე მეპატრონის, ჯორჯ ჯილეტის დავალებას ასრულებდა. გამოდის, რომ რაფას გაგდება და კლინსმანის მიყვანა თავად ჰიკსსაც ნდომებია, მაგრამ ბენიტესი მასთან თანამშრომლობას რომ არ გაურბის.... საქმე ის არის, რომ ნოემბრის შემდეგ ჰიკსმა პოზიცია შეიცვალა. დღეს ის ესპანელი მწვრთნელის მხარდამჭერია, თუმცა სანამ მის ხელში კლუბის აქციათა მხოლოდ და მხოლოდ 50 პროცენტია, ბუნებრივია, თავისუფლად ვერ იმოქმედებს. თუმცა, მგონი დაგვავიწყდა, რით დავიწყეთ საუბარი. ჩვენი საუბრის თემა "ასტონ ვილას" ნახევარმცველი გარეთ ბერი გახლდათ. შეელევიან კი ბირმინგემელები მას ასე ადვილად. რამდენადაც ცნობილია, არა. "ვილას" მწვრთნელ მარტინ ონილს ეს ფეხბურთელი გასაყიდად არ ემეტება. იგი ბერის ხელფასის მომატებას დაპირებია - ნახევარმცველის ამჟამინდელი ჯამაგირი კვირაში 50 ათასი გირვანქაა. მაგრამ ამბობენ, რომ სანამ "ლივერპულის" სათავეში რაფა ბენიტესია, ონილს სიმშვიდე არ უწერია...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |