"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

სად გაიქცა დედიკოს ბიჭი?

პაპუნა კედია

"ჩელსიმ" ორშაბათს "უიგანთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი ვერ მოიგო, რამაც მისი საჩემპიონო შანსები, შესაძლოა, ერთიორად შეამციროს, მაგრამ ამ წერილში უშუალოდ თამაშზე კი არა, ფრენკ ლამპარდზე გვექნება საუბარი. საქმე ის არის, რომ ლონდონელი "ლურჯების" ერთ-ერთი მთავარი ფიგურა "სტემფორდ ბრიჯზე" გუნდთან ერთად მივიდა, სავარჯიშო თეთრ მაისურასა და ლურჯ სპორტულ შარვალში გამოწყობილმა თამაშისთვის გახურებაც დაიწყო, მაგრამ უეცრად მოტრიალდა, ტრიბუნაზე გულშემატკივრებსაც კი აურბინა და ნაგებობის გარეთ, ავტოსადგომისკენ გაქანდა - 29 წლის ვარსკვლავმა შეიტყო, რომ დედამისი, პეტი ცუდად იყო.

ფრენკს საავადმყოფოში ოჯახის სხვა წევრებიც დახვდნენ, 58 წლის ქალბატონი ლამპარდი კი პნევმონიას ებრძოდა. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ექიმები პეტ ლამპარდის მდგომარეობას აკონტროლებდნენ, ანუ სიცოცხლისთვის საშიში ფეხბურთელის დედას იმწუთას არაფერი ჭირდა, მაგრამ ოჯახის წევრების ემოცია სრულიად გასაგებია.

ფრენკ ლამპარდს, რომელიც "ჩელსიში" გადასვლამდე მამამისის, ფრენკ ლამპარდ-უფროსის მსგავსად, "ვესტ ჰემ იუნაიტედში" გამოდიოდა, ინტერვიუებში მრავალჯერ უთქვამს, რომ დედასთან განსაკუთრებული ურიერთობა აკავშირებს. ერთხელ ასეც კი თქვა: "დედასთან იმდენად ახლოს ვარ, რომ შეგიძლიათ, დედიკოს ბიჭი დამიძახოთ. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ორივენი მეტად მგრძნობიარენი ვართ. მამამ ჩემი ფეხბურთელად, დედამ კი ადამიანად ჩამოყალიბება განაპირობა. როგორ უნდა მოვექცე ხალხს, ზრდილობის ნორმები და ბევრი ასეთი რამ, სწორედ დედამ მასწავლა. ის საოცარი ადამიანია და მე და ჩემს ორ დას მარად მხარში გვედგა, ბავშვობიდან მის იმედად ვართ. გნებავთ დამიჯერეთ გნებავთ არა, მაგრამ დედაჩემთან ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიკამათე და ისიც 13 წლის სულელი რომ ვიყავი. ყოველთვის ასე ვამბობ: გარეგნულად მამას ვგავარ (თუ მის წვერს არ მივიღებთ მხედველობაში), ბუნებით კი ზედგამოჭრილი დედა ვარ".

ლამპარდის გარეშე კი "ჩელსიმ" "უიგანთან" 1:1-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა, თან გოლი თამაშის მიწურულს გაუშვა და 2 ქულის დაკარგვით "მანჩესტერს" გაუხარა გული.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com