"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

ვაი უიგანისგან

ვაჟა ხუციშვილი

ალო, ფერგიუსონი ვარ, მანჩესტერიდან!ემილ ჰესკის გოლმა "მანჩესტერი" ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვა, "ჩელსის" მწვრთნელ ავრაამ გრანტ კი ათქმევინა:

"ხუთშაბათს, "ევერტონთან" რომც მოვიგოთ, პირველობისთვის შეჯიბრი გაგვიჭირდება. ჩვენი შანსები იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ "მანჩესტერი" ერთხელ მაინც წაიფორხილებს. "ჩელსი" ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული, თუმც ბოლომდე იბრძოლებს.

პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ლამის ყოველ ოთხ-ხუთ წუთში საგოლე მომენტს ვქმნიდით. სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ, მეტოქეს კი სულ ორი ხელსაყრელი ეპიზოდი ჰქონდა და ისეთ დროს გაგვიტანა, რომ თამაშის გადარჩენის შანსი აღარ დაგვიტოვა".

მიკფელ ესიენმა საჯარიმოს ხაზიდან დააბზრიალა ბურთი და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში შეაგდო, ჰესკიმ კი, რომლისთვისაც ეს მე-400 პრემიერლიგური მატჩი იყო, მარცხნიდან ჩაწოდებულზე ტერის დაასწრო და ხუთი მეტრიდან გაიტანა.

დიდიე დროგბამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა და შესაძლოა, "ევერტონთან" ხვალინდელი მატჩიც გამოტოვოს.

აღსანიშნავია, რომ 22 დეკემბრის შემდეგ "უიგანს" ლონდონურ კლუბებთან არ წაუგია: "ფულემს", "ვესტ ჰემს", "არსენალს", ახლა კი "ჩელსის" თითო ქულა აართვა.

უიგანელთა მწვრთნელი სტივ ბრიუსი "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელია და "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ გაამხილა, რომ თამაშამდე ალექს ფერგიუსონმა დაურეკა.

"სერ ალექსი ბოლო ორ თვეში ოთხჯერ მესაუბრა - თქვა ბრიუსმა - ორჯერ "არსენალთან" შეხვედრამდე და ორჯერაც - "ჩელსისთან" მატჩამდე. სხვა მანჩესტერელი მეგობრებიც მიგზავნიდნენ მესიჯებს, მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ასეთ ძლიერ მეტოქესთან "სტემფორდ ბრიჯზე" ბოლო წუთზე გავათანაბრეთ".

მოკლედ, "მანჩესტერსა" და "ჩელსის" შორის სხვაობა ხუთ ქულამდე გაიზარდა, მათი დარჩენილი მატჩების ნუსხა კი ასეთია:

ევერტონი - ჩელსი

ბლექბერნი - მანჩესტერი

ჩელსი - მანჩესტერი

მანჩესტერი - ვესტ ჰემი

ნიუკასლი - ჩელსი

უიგანი - მანჩესტერი

ჩელსი - ბოლტონი



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com