"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

ბარსელონელების მეფური შეხვედრა მადრიდში

ვაჟა ხუციშვილი

ლაუდრუპი მთ კუმანიმიქაელ ლაუდრუპის "ხეტაფე" და რონალდ კუმანის "ვალენსია" სამეფო თასისთვის დღეს ერთმანეთს "ვისენტე კალდერონზე" დაეჯახებიან.

დანიელი და ჰოლანდიელი ოდესღაც ერთად თამაშობდნენ "ბარსელონაში" იოჰან კრუიფის ხელქვეით და "სამეფო თასის" ფინალში 1990 წელს მადრიდის "რეალი" 2:0 დაამარცხეს.

ლაუდრუპი "ხეტაფეს" თავკაცად შარშან ზაფხულს დანიშნეს, ხოლო კუმანმა "ვალენსია" შემოდგომაზე ჩაიბარა.

ჰოლანდიელის ხელში "ღამურების" საქმე უკან-უკან წავიდა და გუნდი, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონობისთვის იბრძოდა, ახლა იმაზე ზრუნავს, რომ სეგუნდადივიზიონში არ ჩაქვეითდეს. მიუხედავად ამისა, ფინალისკენ მიმავალ გზიდან "ვალენსიამ" მადრიდის "ატლეტიკო" და "ბარსელონა" ჩამოიშორა.

გასულ უქმეებზე "ვალენსია" შინ "რასინგთან" დამარცხდა (რაც ზედიზედ მესამე წაგება იყო) და მეთექვსმეტე ადგილზე დაეშვა.

მეტოქეზე ოთხი საფეხურით მაღლაა "ხეტაფე", რომელსაც უკვე ოთხი ტურია, არ მოუგია, მაგრამ საამაყო მაინც აქვს. უეფას თასის დებიუტანტმა ამ ტურნირის მეოთხედფინალს უწია, სადაც "ბაიერნს" ვეღარ აჯობა, მაგრამ სახელოვან მეტოქეს ტოლი არ დაუდო და სტუმრად გატანილი მეტი გოლის გამო დაუთმო ადგილი ნახევარფინალში.

"ხეტაფე" უნიკალურია იმით, რომ კლუბის 62-წლიან ისტორიაში მხოლოდ მეოთხე სეზონს ატარებს პრიმერადივიზიონში და მეორედ გავიდა თასის ფინალში. შარშან, როცა გუნდს ბერნდ შუსტერი წვრთნიდა, ფინალი "სევილისთან" 0:1 წააგო და ახლა ზედიზედ მეორედ ეცდება ჯილდოს დასაკუთრებას.

"ვალენსიას" პრეზიდენტმა აგუსტინ მორერამ განაცხადა, რომ თასის მოგება მაინც ვერ გადაფარავს მათთვის უცუდეს სეზონს: "გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ეს შვება არ იქნება გულშემატკივრებისთვის, რომელთა წყრომა სამართლიანი და გასაგებია. ასეთი ამაზრზენი სეზონი, რაც თავი მახსოვს, გუნდს არ ჰქონია. უბრალოდ ვალდებულები ვართ, თასი მოვიგოთ, ეს უკვე ღირსების ამბავია. რაც შეეხება კუმანს, რონალდს ხელშეკრულება 2010 წლამდე აქვს და მისი მომავალი ამ ფინალის შედეგით არ განისაზღვრება".

"ვალენსია" თხუთმეტჯერ გავიდა სამეფო თასის ფინალში და ექვსჯერ მოიგო, მათ შორის ბოლო - 1999 წელს, როცა "ატლეტიკო" 3:0 დაამარცხა.

რონალდ კუმანი ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ დავიდ ვილიას დააყენებს, რომელიც შაბათს "რასინგთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა და პენალტი გაიტანა.

მიქაელ ლაუდრუპმა თქვა, რომ ფინალში კარს ოსკარ უსტარის ანდობს და არა აბონდანსიერის, ვისი შეცდომის გამოც ბაიერნელმა ლუკა ტონიმ გოლი გაიტანა. "ხეტაფეს" ტრავმირებული მარიო, პაბლო ერნანდესი და ხაიმე გავილანი ვერ დაეხმარებიან, უჩეს თამაში კი საეჭვოა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com