|
|
"სარბიელი"
მორცხვი ცხოვრებაში და გიჟი მოედანზე
პაპუნა კედია
მიკაელ ესიენმა საზოგადოებას საკმაოდ მძიმე ბავშვობის ამბავი გაანდო და დასძინა, რომ წარმატებებს სწორედ ასეთი აღზრდის წყალობით აღწევს. გარდა ამისა, მან ოცნებაც გაგვანდო: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულის" დამარცხება და ფინალში, ანუ მოსკოვში, ევროპის დაპყრობა! ერთი სიტყვით, "სანისთვის" მიცემულ გულწრფელ ინტერვიუში ესიენმა ბევრ პირადულ საკითხზე ისაუბრა. მაგალითად, იმაზე, რომ უმამო ბავშვობა მისთვის ფეხბურთელობის გზაზე დამატებითი სტიმული გამოდგა; იმაზე, რომ თანამედროვე ნახევარდაცვის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მეომრად ის ოთხი დის ფაქტორმა ჩამოაყალიბა; იმაზე, რომ განაში ფულის გულისთვის უცხოელებს ფეხბურთს ფულზე ეთამაშებოდა და ამით ოჯახის შენახვას ცდილობდა; იმაზე, რომ "ჩელსის" ყოველი მარცხის შემდეგ დედამისი დღემდე ტუქსავს... "ჩელსი" და "ლივერპული" ერთმანეთს 10 დღის შემდეგ უნდა შეხვდნენ - ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, გეგონება, ამ ორ გუნდს შიდაინგლისური დაპირისპირება აკლდა. მაგრამ მიკაელ ესიენი რომ დისკვალიფიცირებულია და "ენფილდ როუდზე", პირველ შეხვედრაში ვერ ითამაშებს... მერე რა. განელ ნახევარმცველს ნახევარფინალში გამარჯვება მაინც შია და სწყურია, რადგან სწორედ ამ ეტაპზე დამარცხების მწარე გამოცდილება უმძიმებს ზურგს. ესიენის სამწუხაროდ, ასეთი რამ ერთხელ მაშინ მოხდა, როდესაც "ლიონში" გამოდიოდა, მეორედ კი უკვე "ჩელსის" პერიოდში. "ფენერბაჰჩესთან" შეხვედრაში მიღებულმა ყვითელმა ბარათმა გამაღიზიანა, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს შესაძლოა უკეთესიც გამოდგეს. აბა, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, მეორე ნახევარფინალში, ფინალის წინ რომ გავეფრთხილებინეთ... - ამბობს ლონდონელთა ვარსკვლავი - ერთი სიტყვით, მართალია, "ენფილდზე" თამაში ძალიან მიყვარს, ამ ჯერზე მოსკოვში თამაში მირჩევნია. დიახ, "ენფილდი" მეტისმეტად თავისებური ადგილია, მაგრამ რა გაეწყობა, საპასუხო თამაშამდე დავიცდი და "ლივერპულს" "სტემფორდ ბრიჯზე" გავეჯიბრები". "ჩელსი" შაოშანაც ნახევარფინალიდან გავარდა და მაშინაც "ლივერპულმა" გააგდო. მიკაელ ესიენი იმ შეხვედრებში მონაწილეობდა. "ეს მეტისმეტად გულდასაწყვეტი რამ იყო - განაგრძობს განელი ნახევარმცველი - წარმოიდგინეთ, შენ მარცხდები კარიერის უდიდესი თამაშის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. ეს საშინელებაა". ჩემპიონთა ლიგა მართლაც უდიდესი ტურნირია, თან საერთაშორისო. და მნიშვნელოვანიც სწორედ ეს არის, თორემ შიდა ტიტულები ესიენს არც ფრანგული აკლია და არც ინგლისური. ყველაფერი კი, ესიენის აზრით, მისი ბავშვობიდან მოდის, იმ დროიდან, როდესაც ქალებით სავსე სახლში ცხოვრობდა - დედა აბა და ოთხი და. სწორედ იმ დროს გამოიკვეთა მიკაელის ცხოვრების გზა. "დედაჩემი ჩემთვის ყველაფერია. ის ყოველთვის გვერდში მედგა, ჩემზე გახლდათ გადაყოლილი. დები. ო, მათთან ბავშვობაში სულ ვჩხუბობდი, გაუთავებლად ვებრძოდით ერთმანეთს, მაგრამ დღეს, რასაკვირველია, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. გოგოებით სავსე ოჯახში გაზრდა ერთი მხრივ იოლი საქმე არ იყო, მაგრამ მეორე მხრივ, შინ არაფერი მევალებოდა და ამან მიშველა. სწორედ ჩემი დების წყალობით იყო, დილიდან საღამომდე ფეხბურთის თამაშის მეტს არაფერს რომ არ ვაკეთებდი". თამაში კი, "ჩელსის" მომავალ ვარსკვლავს ხშირად თავისზე ორჯერ უფროს ბიჭებთან უწევდა. "ქუჩა ქუჩაა, მაგრამ იქ, ხშირად ძალიან დაძაბული მატჩები იმართებოდა - გვიამბობს ესიენი - ვთამაშობდით დაუსრულებლად, დაღლამდე. ჩვენს საყურებლად ხალხიც კი მოდიოდა. მერე, ჩვენთან ასეთი ტრადიცია იყო, როდესაც შემოჯარულ მაყურებელს ვინმე მოეწონებოდა, თამაშის მერე მასთან მიდიოდა და ცოტა ფულს ჩუქნიდა. არ მახსოვს რამდენი, მაგრამ პირველი ბუცების ფული სწორედ ასეთი ხერხით ვიშოვნე. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელობის გარდა არასდროს არაფერი მდომებია". "სანის" ჟურნალისტი, რომელმაც განელი ვარსკვლავის ინტერვიუ ჩაიწერა, გაოცებული დარჩა იმით, რომ ცხოვრებაში ესიენი სრულიად განსხვავდება იმ კაცისგან, რომელიც მოედანზე ბრდღვნის ყველაფერს. მიკაელი თურმე მშვიდად მოლაპარაკე და მორცხვია... წარმოიდგენდით. "ბავშვობიდან ასეთი ვარ, სულ პატარაობიდან. ყოველთვის მრცხვენოდა და ცოტას ვლაპარაკობდი. სხვა საქმეა, რომ მოედანზე ყველაფერი იცვლება. ანდა რაა გასაკვირი, მოედანი ხომ ჩემი ოფისია, ფეხბურთი კი პროფესია. სამსახურში მორცხვობა დაუშვებელია, იქ საქმე უნდა აკეთო. აი, მაგალითად, გასახდელშიც, თანაგუნდელებთან ვხუმრობ, ათას ეშმაკობებს ავყვები ხოლმე, მაგრამ მოედანზე ფეხის შედგმა სხვაა. მერე ყველაფერი იცვლება. იქ, ხანდახან ვგიჟდები!"
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |